აზერბაიჯანის ოპოზიციური ვებგვერდის რედაქტორს 5,5 -წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა
ვებგვერდ Bastainfo.com -ის რედაქტორს მუსტაფა გაჯიბეილის პირობითად 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – იუწყება სააგენტო Turan. ის სამი მუხლის მიხედვით დამნაშავედ ცნეს: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება, გაყალბება და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებები.
სასამართლოს მიერ პირობითი სასჯელის გამოტანის გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ გაჯიბეილი ყარაბაღის ომში მონაწილეობდა, და მას არასრულწლოვანი შვილები ჰყავს.
რისთვის გაასამართლეს მუსტაფა გაჯიბეილი
Bastainfo.com და კიდევ სამი ვებგვერდი 2018 წლის ივლისში დაიბლოკა. გენერალურმა პროკურატურამ მათ წინააღმდეგ საქმე ქალაქ განჯის მერზე თავდასხმის გაშუქების დროს ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით აღძრა.
• დაწვრილებით ქალაქ განჯის მერზე თავდასხმისა და მისი შედეგების შესახებ
• ბლეკაუტი აზერბაიჯანში: როგორ მოხდა ეს, ვინ არის დამნაშავე და რა მოელით ამისთვის?
თავდაპირველად მუსტაფა გაჯიბეილი ამ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა, თუმცა ნოემბერში მას ბრალდებულის სტატუსი მიენიჭა.
2017 წელს გაჯიბეილი გაფრთხილებებს იღებდა პროკურატურისგან ისეთი ცნობების პუბლიკაციასთან დაკავშირებით, „ რომელთა ღიად გავრცელება კანონით იკრძალება“. საუბარია ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხტარლისადმი მიძღვნილ მასალებზე.
გაჯიბეილის პოზიცია
განაჩენის გამოცხადების წინ წარმოთქმულ თავის დასკვნით სიტყვაში მუსტაფა გაჯიბეილიმ მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკანონო და დაუსაბუთებელი უწოდა. ასევე მას აბსურდულად მიაჩნია , როდესაც მას „თანამდებობის პირად“ მოიხსენიებენ:
„მე არათუ თანამდებობა არ გამაჩნია, არამედ სამუშაო ადგილიც კი არ მაქვს. საკონსტიტუციო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობის პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა, და ჟურნალისტები ამ სიაში არ შედიან“, – თქვა რედაქტორმა.
დაცვა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.