მოსკოვმა განმარტა, თუ რატომ არ აუქმებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმს
გაზიარება
გაზიარება
სამხედრო კონფლიქტებთან ტერიტორიული სიახლოვე არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი თავს იკავებს საქართველოსთან უვიზო რეჟმის შემოღებისგან, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რომელიც ხუთშაბათს პრაღაში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდა.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არამხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა, არამედ ამ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხი. საქართველოს მახლობლად სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს, დაფიქსირებულია ამ გზით ტერორისტების რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობები. ამიტომაც, მოცემული სიტუაცია ექსპერტების სერიოზული განხილვის და ანალიზის საგანს წარმოადგენს“, – უთხრა კარასინმა სააგენტო „რია ნოვოსტის“.
• საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი 2000 წლის 5 დეკემბერს, რუსეთის ინიციატივით შევიდა ძალაში. 2012 წლის 29 თებერვლიდან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების თანახმად, საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი – რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოვიდნენ და ქვეყანაში ერთ წელიწადს დარჩნენ.
• საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა – მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
• „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდა, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი, რომელიც ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.
• მოცემულ მომენტში რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების ფარგლებშიც გრძელდება, თუმცა – საერთაშორისო შუამავლების თანდასწრებით. ჟენევაში მხოლოდ ჰუმანიტარული, სატრანსპორტო, ეკონომიკური და კულტურული საკითხები განიხილება.