კორონავირუსის გამო ჩინეთიდან ევაკუირებულ თანამემამულეებს უკრაინაში ბარიკადებით და ქვებით დახვდნენ
გაზიარება
გაზიარება
უკრაინაში ქვები ესროლეს ავტობუსებს, რომლებშიც კორონავირუსის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული ადამიანები იმყოფებოდნენ. ავტობუსებში უკრაინის 45 მოქალაქე და 27 უცხოელი, მათ შორის ბავშვები, ასევე რამდენიმე ექიმი იმყოფებოდა. უკრაინულ ტელეკომპანია ჰრომადსკოეს ცნობით, ყველა მათგანი გამოკვლეული იყო და კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.
თვითმფრინავების დაშვების და მომავალი კარანტინის ადგილი წინასწარ არ იყო ცნობილი. თვითმფრინავის ჩამოფრენამდე ერთი დღით ადრე უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებდა, რომ არ სურდათ პოტენციურად ინფიცირებულები თავიანთ დასახლებებში მიეღოთ. ლვოვის ოლქის ქალაქ ვინიკიში, დაახლოებით ხუთასმა ადამიანმა ადგილობრივი საავადმყოფოს ბლოკირება მოახდინა.
უკრაინული სოფლის მცხოვრებლები, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები კარანტინში მოათავსეს, ქვებს ისვრიან, რათა ისინი არ შემოუშვან. REUTERS/Valentyn Ogirenko
ადგილობრივებმა ასევე გადაკეტეს გზა პოლტავას ოლქის სოფელ ნოვიე სანჟარიში, სადაც ევაკუირებულები საბოლოოდ კარანტინისთვის მიიყვანეს.
დემონსტრანტებმა დიდი ხეებისგან შუაგზაზე ცეცხლი დაანთეს და შეეცადნენ არ გაეტარებინათ ავტობუსები ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის შესასვლელთან, სადაც ჩამოსულები უნდა განეთავსებინათ.
რამდენიმე ავტობუსში ქვებით მინები ჩაამსხვრიეს. პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელმაც, სავარაუდოდ, ქვები ისროლა.
ნოვიე სანჟარიში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი ჩავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ იქ მთავრობის ოპერატიული შტაბი განთავსდება.
ბოლო მონაცემებით, ჩინური კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 76.726-მდე გაიზარდა, უმეტესობა ჩინეთში დაფიქსირდა. ცნობილია 2,247 გარდაცვალების შემთხვევა. 18,547 ადამიანი განიკურნა.