5 იანვარს გაყიდვაში გამოვიდა წიგნი „ცეცხლი და მრისხანება – ტრამპის თეთრი სახლის დერეფნებში“ – მასში ჟურნალისტი მაიკლ ვულფი იმის შესახებ ჰყვება, თუ რას ფიქრობს ტრამპის გარემოცვა მასზე და თეთრი სახლის შინაური ცხოვრების მანამდე უცნობ წვრილმანებს. ავტორი ირწმუნება, რომ წიგნი მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან, აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი წრის წევრებთან და თავად ტრამპთან 200-ზე მეტ ინტერვიუს ეფუძნება.
სხვა დანარჩენთან ერთად წიგნში ლაპარაკია იმაზე, რომ დონალდ ტრამპი გაოგნდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით – ვულფის თქმით, კენჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან ერთი საათის განმავლობაში ტრამპის შტაბში დაბნეულობა სუფევდა, ხოლო ახლად არჩეული პრეზიდენტის ცოლი მელანია აღელვებისგან ტიროდა.
წიგნში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ტრამპის გარემოცვა მას ბავშვად მიიჩნევს, რადგან ის მუდამ შექებასა და წახალისებას საჭიროებს.
სტივ ბენონმა, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მთავარმა მრჩეველმა ვულფს უთხრა, რომ პრეზიდენტის ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის რუს იურისტთან, ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრას მოღალატეობად მიიჩნევს. ბენონი დონალდ ტრამპ უმცროსს აფრთხილებდა, რომ მას საზოგადოების მხრიდან სერიოზული ზეწოლა ელოდა.
ამერიკულმა მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა საბოლოოდ მართლაც შეიტყვეს ამ შეხვედრის შესახებ, და მიიჩნევენ, რომ მისი მიზანი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ კომპრომატის გადაცემა იყო. ჰილარი კლინტონი იმ მომენტში წინასაარჩევნო რბოლაში ტრამპის მთავარი მეტოქე იყო. ახლა საგანგებო კომისია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს, თუმცა ოფიციალური ბრალდებები არავისთვის წაუყენებიათ. დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ „ცეცხლი და მრისხნება“ „სიცრუით, გაყალბებული ფაქტებითა და ნახევრად სიმართლით არის სავსე“ – მისი იურისტები ცდილობდნენ იმისთვის მიეღწიათ, რომ წიგნი გაყიდვაში არ მოხვედრილიყო.