გუდაურში ადგილობრივებმა რუსი პარაპლანისტები სცემეს
საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა დაბა გუდაურში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჯგუფურად ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.
დაკავებულებს ბრალად რუსეთის მოქალაქეების სერგეი დემენტიევისა და ფეოდორ ჩელიშევის მიმართ ძალადობა ბრალდებათ. ექიმების თქმით, ფიოდორ ჩელიშევს ტვინის შერყევა აქვს და ცხვირი აქვს დაზიანებული. ის საავადმყოფოშია მოთავსებული. სერგეი დემენტიევს კი ავტომობილი დაუზიანდა.
შს სამინისტროს ცნობით, ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის 9 ივნისს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა 8 ივნისს ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის მომხდარი კონფლიქტი. ქართველი პარაპლანისტები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა. დემენტიევი და ჩალიშევი გუდაურში უკრაინელ პარტნიორებთან ერთად საქმიანობენ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსი პარაპლანისტების ცემის ვიდეოკადრები, რაც ერთ-ერთი დაზარალებულის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო.
გუდაურში ათობით ადგილობრივმა რუსი პარაპლანისტი სცემა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში კონფლიქტი მოხდა ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და რუსეთის და უკრანის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ მფრინავთა ჯგუფს შორის. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ ქართველი პარაპლანისტები ერთ-ერთ პირს, ფიოდორ ჩელიშევს ფიზიკურად გაუსწორდნენ.👉 უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ: http://reginfo.ge/people/item/7590-gudaurshi-atobit-adgilobrivma-rusi-paraplanisti-sastikad-zema[ვიდეოს რადიკ მამედოვი ავრცელებს]Posted by რეგინფო / Reginfo.ge on შაბათი, 09 ივნისი, 2018
ადგილობრივების დაკავებას პროტესტი მოჰყვა გუდაურში. “რეგინფოს” ცნობით, ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო მცხეთა-სტეფანმწინდა-ლარსის საავტომობილო გზა. აქციის მონაწილეები რუს და უკრაინელ მფრინავებს პროვოკაციაში ადანაშაულებდნენ.
“ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ღირსებას იცავდნენ, რადგან წინა დღეს რუსებმა გაამწვავეს კონფლიქტი ჩვენი მფრინავის ხრამში გადაგდების მცდელობით. ამ ფაქტს ჩვენების მხრიდან მოჰყვა ბუნებრივი რეაქცია, ხოლო რუსებმა განაგრძეს პროვოკაციები. ერთ-ერთი მწვავე შეტევა მსგავსი მეთოდით გუშინდელ ვიდეოშიც ჩანს. მფრინავი ფიოდორ ჩელიშევი ჩაფხუტითა და ვიდეო კამერებით აღჭურვილი თავისიანებთან ერთად, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, მორიდებოდა გარკვეული პერიოდი მიმდებარე ტერიტორიას, შეიჭრა იმ ადგილას სადაც შეკრებილები იყვნენ ქართველი ბიჭები და მომწამლავი აირის ბალონით განახორციელა თავდასხმა, რის შემდეგაც ბუნებრივია გამოიწვია აღნიშნულ ვიდეოში დაფიქსირებული რეაქცია“, – განუცხადა 10 ივნისს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ვაკო ზაქაიძემ “რეგინფოს”.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ადგილობრივებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან დიმიტრი ზურაბიშვილთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ოთხივე დაკავებულს 48 საათში გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ ან უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.