Edison Research: გრიგოლ ვაშაძე - 56%, სალომე ზურაბიშვილი - 44%
გაზიარება
გაზიარება
ამერიკული კომპანიის Edison Research-ის სოციალური გამოკითხვების თანახმად, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე ჩატარდა, ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
კითხვაზე: „ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს?“ გამოკითხულთა 56%-მა უპირატესობა გრიგოლ ვაშაძეს მიანიჭა, 44%-მა კი – სალომე ზურაბიშვილს.
გრიგოლ ვაშაძე – საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, დღეს კი მთავარი ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [მიხეილ სააკაშვილის პარტიის] წევრია. საპრეზიდენტო არჩევნებში ის ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს წარმოადგენს; სალომე ზურაბიშვილი – ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს.
გამოკითხვა 1-დან 9 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში სულ 2 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების ცდომილება +/-3%-ია.
კომპანია Edison Research-ის მიერ პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნებულიეგზიტპოლების შედეგები რეალურთან ძალიან ახლოს იყო, რაც ამ კომპანიას მეტ სანდოობას სძენს.
28 ოქტომბერს საქართველომ ისტორიაში პირველად ვერ შეძლო პრეზიდენტის პირველი ტურით არჩევა.
მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბერს ჩატარდება. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ინტრიგა უზარმაზარია. პირველ ტურში მეტოქეების ხმები თითქმის თანაბრად გაიყო – სალომე ზურაბიშვილმა (სახელისუფლებო კანდიდატი) ხმათა 38,64 პროცენტი დააგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი (ოპოზიციის კანდიდატი) – 37,73 პროცენტი.