ბაქოში ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს
პოლიციამ ბაქოს ცენტრში ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგი დაშალა.
პარტია „მუსავათის“ მიერ 12 ნოემბერს, აზერბაიჯანის კონსტიტუციის დღეს, ორგანიზებული პიკეტი შეკრების თავისუფლებას ეძღვნებოდა.
დაკავებულია „მუსავათის“ რამდენიმე ათეული წევრი, არიფ გაჯილის ჩათვლით.
• საპროტესტო აქციები და საკადრო გადანაცვლებები აზერბაიჯანში – არის თუ არა მათ შორის რაიმე კავშირი?
პიკეტის წინაპირობები და მიზანი
აზერბაიჯანის ხელისუფლების და ოპოზიციის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც სტადიონი „მეხსული“, სადაც ხელისუფლება ოპოზიციას აქციების ჩატარების უფლებას აძლევდა, რემონტისთვის დაიკეტა.
ოპოზიციონერებს ახლა მხოლოდ ქალაქიდან 20 კილომეტრში, ქალაქგარეთ მდებარე დასახლება ლოკბატანში აძლევენ მიტინგის ჩატარების უფლებას. ამით უკმაყოფილო ოპოზიციონერები ბაქოს ცენტრში ცდილობენ არასანქცირებული აქციების ჩატარებას. ხელისუფლება ამ მცდელობების აღკვეთას ეწევა.
ახლანდელი პიკეტით პარტია „მუსავათს“აქციების ქალაქის ცენტრში ჩატარების უფლების მოპოვება სურდა; ანუ – ისინი კონსტიტუციით მინიჭებულ შეკრების თავისუფლებას იცავდნენ.
ხელისუფლებამ ეს პიკეტი კატეგორიულად აკრძალა. დანიშნულ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე „მუსავათის“ წევრების პოლიციაში დაბარება დაიწყეს. იქ მათ დაპატიმრებით ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, რომ მათ პიკეტში მონაწილეობა არ მიეღოთ.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები აქციამდე და მის დროს
მიტინგი 15:00 იყო დანიშნული.
უკვე შუადღიდან პოლიცია აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის გარშემო მთელ ტერიტორიას აკონტროლებდა.
დაახლოებით იმავე დროს „მუსავათის“ Facebook-გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის შტაბ-ბინა ასევე პოლიციის მიერ იყო გარშემორტყმული, და ყველას, ვინც იქ შესვლას ცდილობდა, აკავებდნენ.
13:30 დააკავეს „მუსავათის“ შტაბ-ბინისკენ მიმავალი ლიდერი არიფ გაჯილი.
ასევე დააკავეს პარტიის ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრი.
15:00 აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის გვერდით უამრავი ჟურნალისტი და დაახლოებით ორი ასეული პოლიციელი (როგორც ფორმიანი, ისე სამოქალაქო ტანისამოსიანი) იდგა.
ოპოზიციონერები პიკეტზე მცირე ჯგუფებად მიდიოდნენ. როგორც კი ლოზუნგების სკანდირებას და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემას იწყებდნენ, ისინი მიჰყავდათ.
ფაქტობრივად, პიკეტი ვერ შედგა. 16:00-ისთვის პოლიციაც და ჟურნალისტებიც დაიშალნენ.
საღამოს დაკავებულთა უმრავლესობა გაათავისუფლეს.