აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას ითვალისწინებს „დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისათვის“.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ქურდული სამყაროს ნებისმიერი სახით წევრობისა და ყველანაირი ფინანსური დახმარებისათვის.
თუკი დეპუტატები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, მაშინ ე.წ. კანონიერი ქურდები იძულებული იქნებიან, ან საკუთარ სტატუსზე თქვან უარი – ანდაც დატოვონ აფხაზეთის ტერიტორია. სხვა შემთხვევაში მათ საპატიმრო სასჯელი ელოდებათ.
ითვლება, რომ აფხაზეთში (ოფიციალურად დაახლოებით 300 ათასი მოსახლეა) ათზე მეტი ადამიანი ატარებს „კანონიერი ქურდის“ არაოფიციალურ ტიტულს. მათი ნაწილი აქ მუდმივად ცხოვრობს, დანარჩენები კი უფრო ხშირად რუსეთსა და თურქეთში არიან.
ცოტა ხნის წინ, ანალოგიური კანონპროექტი შეიტანა სახელმწიფო სათათბიროში (დუმა) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ რუსულმა ინიციატივამ უბიძგა რაულ ხაჯიმბას ანალოგიური ნაბიჯების გადადგმისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთს დაემუქრებოდა საფრთხე, ქცეულიყო თავშესაფრად არა მხოლოდ ადგილობრივი დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერებისთვის, არამედ, ასევე, რუსებისთვისაც.