აზერბაიჯანში ოპოზიციამ კორუფციის წინააღმდეგ მიტინგი გამართა
7 ოქტომბერს, აზერბაიჯანის “დემოკრატიულ ძალთა ოპოზიციურმა ეროვნულმა საბჭომ” ჩაატარა მორიგი საპროტესტო აქცია ლოზუნგით – „დასრულდეს კორუფცია და თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“
როგორც დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს წინა აქციები, ეს მიტინგიც ბაქოს ქალაქის ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული.
JAMnews–ის კორესპონდენტის დაკვირვებით, მიტინგზე, დაახლოებით ათასი ადამიანი იყო, რაც წინა მიტინგთან შედარებით, სულ ცოტა, ორჯერ ნაკლებია – აქცია პოლიციის დაცვის ქვეშ, ინციდენტების გარეშე ჩატარდა.
აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერმა ალი კერიმლიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა მიტინგის ჩაშლას; მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში პოლიციაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიბარეს, მათგან 16-ს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
კერიმლიმ კორუფციის გამო ისევ გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისო დონეზეც იქცა კრიტიკის ობიექტად.
“ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებისგან მოველით, რომ აზერბაიჯანიდან სამი მილიარდი დოლარის გათეთრებასთან დაკავშირებული სკანდალის გამოძიება ბოლომდე მივა და დამნაშავეები დაისჯებიან“, – განაცხადა კერიმლიმ.
წინა მიტინგებისგან განსხვავებით, ამჯერად ლოზუნგები უფრო რადიკალურად ჟღერდა. მაგალითად, გაჩნდა პლაკატები, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელისუფლების პასიურობას აკრიტიკებდა.
კემერლიმ ასევე განაცხადა, რომ ჯარისთვის გამოყოფილი სახსრები უხარისხო შეიარაღების შესაძენად დაიხარჯა. ხელისუფლება კი „აზერბაიჯანის მტრებთან ერთად ღვინის სმის ნეტარ“ პოლიტიკას ატარებს
დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ჯამილ გასანლიმ ასევე ბევრი ილაპარაკა კორუფციის შესახებ; კერძოდ, მან განაცხადა აზერბაიჯანს.
„ოლიგარქი–მინისტრების კლეპტოკრატიული ხელისუფლება“ მართავს.
სტადიონზე, სადაც მიტინგი ტარდებოდა, გასანლის გამოსვლისას ხუთი წუთით დენი გამოირთო.
ელექტრენერგიის მიწოდება შეწყდა ასევე პიკეტის რეზოლუციის გახმოვანებისას, როდესაც ქვეყნისთვის „მოპარული 2,9 მილიარდის“ დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განაცხადეს.
გარდა ამისა, სტადიონის გარშემო ტერიტორიაზე არ მუშაობდა უსადენო ინტერნეტის სისტემა wi-fi და მონაწილეებსა და ჟურნალისტებს მიტინგიდან პირდაპირი ტრანსლირება არ შეეძლოთ.
“დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ” ამ ფაქტების გამოძიება ითხოვა და მომდევნო მიტინგი 28 ოქტომბერს დანიშნა.