აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით, ადგილობრივი პარლამენტარების, მოსამართლეებისა და ომბუდსმენის ხელფასები 10 პროცენტით გაიზრდება. ეს გადაწყვეტილება მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტის) სხდომაზე იქნა მიღებული.
ახალი რეგულაციების შემოღებამდე დეპუტატები საშუალო ხელფასის მაჩვენებელზე, 500 მანათზე [დაახლოებით $300] სამჯერ მეტს, 1,575 მანათს [დაახლოებით $ 900] იღებდნენ.
2018 წლის პირველი მაისიდან თითოეული დეპუტატი ხელფასის სახით 1,732 მანათს [დაახლოებით $ 1,000] მიიღებს. კომიტეტების თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და სპიკერი კიდევ უფრო მეტს იღებენ.
მიღებული გადაწყვეტილება ყველა პარლამენტარს არ აკმაყოფილებს. ზოგიერთი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელფასი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ ანაზღაურების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მანათის დევალვაცია, რომელიც ბოლო წლებში დაფიქსირდა.
«საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფო მოსამსახურეებს შემოსავლის სხვა წყაროების ძებნის საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ. პრემიერ-მინისტრმა და სპიკერმა ხელფასის სახით 10 ათასი მანათი [დაახლოებით $ 5,900] უნდა მიიღონ, დეპუტატებმა კი სულ ცოტა, 8 ათასი [დაახლოებით $ 4,700]», – აღნიშნა დეპუტატმა გუდრათ ჰასანგულიევმა. ამ ციტატას საინფორმაციო სააგენტო АРА აქვეყნებს.
ეკონომისტი თოღრულ მაშალლი აღნიშნავს, რომ ხელფასის გარდა დეპუტატები იღებენ „ფინანსურ შემწეობას“, რომელიც ხელფასის ნახევარს უდრის. ამასთან, ეს თანხა არ იბეგრება.
„წარმომადგენლობითი ხარჯების“ დასაფარად წლის ბოლოს მათ კიდევ ორ ხელფასს აძლევენ. თუმცა, დეპუტატებს სხვა ტიპის შემოსავლებიც აქვთ.
«ზაფხულში დეპუტატები ისვენებენ და ამ დროს მათ ერგებათ შვებულების ანაზღაურების თანხა, რომელიც ორი ხელფასის ტოლია. მივლინებისა და ტრანსპორტირების ხარჯებიც ბიუჯეტიდან იფარება. ამას გარდა, პარლამენტარებს სამსახურეობრივი ავტომანქანის გამოყენების საშუალებაც ეძლევათ”.
სოციალური ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარების ავტორები, გუდრათ ჰასანგულიევის მსგავსად, უკმაყოფილებას გამოთქვამენ პარლამენტარებისათვის ხელფასების გაზრდის გამო; თუმცა – კარდინალურად განსხვავებული მიზეზით.
«დღის თემად “გააგიჟე ხალხი“ აირჩიეს»
«დაე, მათ სხვა ხალხმა გადაუხადოს ხელფასები, იმიტომ რომ ამ ხალხისთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ»
«დაე, ჩემი ხელფასიდანაც გამოუყონ მცირე თანხა»
«უბრალოდ ხალხს სახეში აფურთხებენ. ასე არ შეიძლება. ხალხი პურს ვერ შოულობს. დამნაშავეებს ალაჰი დასჯის».
«უკვე დიდი ხანია, რაც საზოგადოებას განუმარტეს, თუ რას წარმოადგენენ თავად საზოგადოების წევრები. მათი სისტემის მიხედვით ხალხი მათი შინაყმების ჯგუფს, პასპორტების მქონე ბიომასას წარმოადგენს. ან შეეგუეთ ამ სიტუაციას, ან დატოვეთ ეს ქვეყანა»