შეშფოთების მიზეზად სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების მოსალოდნელი ხელმოწერა იქცა" />

რუსეთში მიაჩნიათ, რომ სომხეთი უკრაინის გზას იმეორებს

შეშფოთების მიზეზად სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების მოსალოდნელი ხელმოწერა იქცა

ფოტო: Azatutyun.am

რუსეთს სომხეთსა და ევროკავშირს შორის  თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა აშფოთებს. დოკუმენტი უკვე პარაფირებულია, ხელმოწერა იგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმდინარეობისას , რომელიც ბრიუსელში 24 ნოემბერს დაიწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ტელეარხის „ზვეზდას“ ეთერში ტელეწამყვანმა ვერონიკა კრაშენნიკოვამ, რომელიც „ედინაია როსიას“ უმაღლესი საბჭოს წევრია, სომხეთი ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის გადაწყვეტილებისთვის  გააკრიტიკა.

კრაშენნიკოვამ განაცხადა, რომ სომხეთი, რომელიც ევრაზიული კავშირის  და ევრაზიის ეკონომიკური შეთანხმების  წევრია, ასევე სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მთავარი მოკავშირეა, უკრაინის გზას დაადგა.

მან ასევე გააკრიტიკა სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზეა პასუხისმგებელი. მისი თქმით, პარტიის გერბი ფაშისტური გერმანიის გერბს ჰგავს. გარდა ამისა, მან ფაშიზმის მიმდევარი უწოდა სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე გარეგინ ნჯეს, ვისი შეხედულებებიც საფუძვლად უდევს ამ პარტიის იდეოლოგიას,:

„ასოციაცია ერთადერთი რამ არ არის, რასაც სომხეთი უკრაინის მსგავსად აკეთებს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ერევანი ფაშიზმის ხელშემწყობებს გმირებად მიიჩნევს. მაგალითად, 2016 წლის მაისში ერევანში გარეგინ ნჯეს ძეგლი დაუდგეს. 1942 წელს ნჯემ მესამე რეიხს თხოვნით მიმართა, რომ საბჭოთა სომხეთი გერმანიის კოლონიად ექცია. ნჯეს ძეგლი – შეურაცხმყოფელია  მთელი სომეხი ხალხისთვის, რომელიც დიდ სამამულო ომში გმირულად იბრძოდა. 106 სომეხი საბჭოთა კავშირის გმირი გახდა, მაგრამ მმართველ რესპუბლიკური პარტიისთვის გმირი არის ნჯე“.   

სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს სიტუაცია მათ უკვე არ აოცებთ, რადგან რუსეთში მსგავსი გამონათქვამები გარეგინ ნჯეს ძეგლის დადგმის დღიდან დაიწყო. და საქმე ლამის მისი აღების მოწოდებებამდეც მივიდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ძეგლის გახსნის შემდეგ განაცხადა: „მოსკოვი გაოცებულია ერევანში ვერმახტის „სომხური ლეგიონის“ გენერალ გარეგინ ნჯეს ძეგლის დადგმის გამო“. ზახაროვამ გაიხსენა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ რუსეთში დიდი სამამულო ომის, ნაციზმის, ნეონაციზმისა და ექსტრემიზმისადმი:

„ეს  დამოკიდებულება დაფიქსირებულია საერთაშორისო დოკუმენტებში. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიდგა აღნიშნული ძეგლი; ჩვენ ხომ ვიცით სომეხი ხალხის გმირობის, იმ უკვდავი გმირობის ამბავი, რაც სომეხმა ხალხმა დიდ სამამულო ომში, მეორე მსოფლიო ომში გამოავლინა“. 

ახლახან სახელმწიფო დუმას დეპუტატების, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრების, ექსპერტებისა და იურისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა განაცხადა, რომ  გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფაშიზმის მიმდევრებისთვის დადგმული ძეგლის აღების მოთხოვნით.

„გარეგინ ნჯეს ხსოვნის უკვდავყოფა ხომ ფაშიზმის მარიონეტების გმირებად შერაცხვას ნიშნავს?! – კომენტარი გააკეთა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა სერგეი მარკოვმა.

რუსეთის გამოხდომების საპასუხოდ, სომხეთის პარლამენტის რესპუბლიკური ფრაქციის თავმჯდომარემ ვაგრამ ბაგდასარიანმა განაცხადა, რომ სომხეთს   საიდუმლო ნაბიჯები არ გადაუდგამს, ხოლო როდესაც ის ევრაზიის კავშირში წევრიანდებოდა, მის წინაშე არ მდგარა ის პირობა, რომ ევროკავშირთან არ უნდა ეთანამშრომლა.

 „ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ გავატარებდით პოლიტიკას – „ისიც და ისიც“. ჩვენ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთანაც ვთანამშრომლობთ და ევროკავშირთანაც, და გავაგრძელებთ იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, ვისთანაც შეხების წერტილს ვიპოვით“, – განაცხადა ბაგდასარიანმა.

რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრმა ვაზგენ კარახანიანმა თქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის სიმბოლიკას არაფერი საერთო არ აქვს ფაშიზმთან და ფაშისტურ იდეოლოგიასთან:

 „თუკი მხედველობაში სვასტიკა აქვთ, ვიტყვი, რომ მას უძველესი ისტორია აქვს. ფაშისტური გერმანია ჯერ არ არსებობდა, როდესაც მარადიულობის სიბოლო შეიქმნა   – სინათლესა და სიბნელეს შორის ბრძოლის. იმ ტელეწამყვანის სიტყვებს სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს უბრალოდ მანიპულაციაა“.

მისი აზრით, ამგვარი საუბრები  პარტიის მიდგომებს არ შეცვლის. ხოლო იმის თაობაზე, რომ პარტიის გერბზე, ისევე როგორც ჰიტლერული გერმანიის გერბზე არწივის გამოსახულებაა, კარახანიანმა თქვა: არწივი ფრინველთა მეფეა, ეს სიმბოლო სომეხი ხალხის თავისუფლების მოყვარეობაზე მეტყველებს, ფრენის, თავისუფლების სიმბოლოა,  და მისი თავისუფალი ცხოვრების ხელყოფის ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება.

2013 წელს სომხეთმა ხელი არ მოაწერა ასოცირებისა და ფართო და ყოველმხრივი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას. ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი სომხეთის ხელისუფლებაზე რუსეთის ზეწოლა იყო.


ასევე წაიკითხეთ