,,კონფლიქტის დერეფნებში": თბილისში აფხაზეთის ომის შესახებ გამოფენა გაიხსნა
საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია წარმოდგენილი გამოფენაზე „კონფლიქტის დერეფნებში – აფხაზეთი 1989-1995″, რომელიც თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში 4 ოქტომბერს გაიხსნა და 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გამოფენა გვიამბობს მოვლენებზე, რომლებმაც განსაზღვრა საქართველოს ბედი ათწლეულების განმავლობაში.
• 26 წელი სოხუმის დაცემიდან. ფოტოარქივი
• მოსაზრება: ქართულ-აფხაზური ჩიხი
დაინგრა საბჭოთა კავშირი, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1991 წელს დაიწყო ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტი და საქართველო მოიცვა სამოქალაქო დაპირისპირებამ. ამას მოჰყვა კონფლიქტი აფხაზეთში, რომელმაც ორივე მხრიდან ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამ ყველაფერს თან ახლდა მოსახლეობის გაღატაკება, ენერგოკრიზისი, კორუფცია და პოლიტიკური არასტაბილურობა.
1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი იმ პერიოდის ცენტრალურ მოვლენად იქცა.
ხუთი წლის წინ ქართველი და აფხაზი მკვლევრების ჯგუფებმა, საერთშორისო ორგანიზაციების – Conciliation Resources-ის და swisspeace-ის მხარდაჭერით, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული მასალების შეგროვება დაიწყეს.
დღეისათვის პარალელურ არქივებში უკვე შეგროვებული და სტრუქტურირებულია რამდენიმე ათასი ექსპონატი. მათ შორის აქამდე უცნობი დოკუმენტები, დავიწყებული გაზეთები და უნიკალური ფოტოები.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია- არქივში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ვიდეო და აუდიო-ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ მოვლენების მონაწილეები და თვითმხილველები. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამხედროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ სოხუმსა და თბილისში. ასევე, იმ რაიონების მცხოვრებლები, რომლებიც უშუალოდ აღმოჩნდნენ კონფლიქტის ზონაში.
გამოფენა – “კონფლიქტის დერეფნებში. აფხაზეთი, 1989-1995” – ამ არქივის საზოგადოებისათვის გაცნობის პირველი მცდელობაა.
“კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ გარემოში შვეიცარია თავისი გლობალური სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში მუშაობს. ჩვენ ვხედავთ, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის, მეხსიერება ქრება და ძალიან რთულია მასალების შეგროვება. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის წარსულის გადალახვისა და სხვადასხვა ხასიათის არქივების შექმნისკენ,” – აღნიშნა შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანზენმა, რომელიც გამოფენის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა ხელს შეუწყობს წარსულის გააზრებას და კონფლიქტის მშვიდობიან ტრანსფორმაციას.
დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრა ქოულის თქმით, ბრიტანეთი მოხარულია, რომ „შეიტანა წვლილი ამ ინიციატივის ერთობლივ დაფინანსებაში და დაეხმარა ქართველ კოლეგებს ურთიერთგაგებისკენ გადადგმული ნაბიჯის განხორციელებაში“.
„ამისათვის მნიშვნელოვანია სხვისი შეხედულებებისა და პერსპექტივების გააზრება, მომხდარის შესახებ მათი ვერსიის გაგება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაიზიაროთ ეს პერსპექტივები ან შეხედულებები“ – თქვა მან.
გამოფენა სამ ოთახშია განთავსებული და მოგვითხრობს შეიარაღებულ კონფლიქტამდე (1989-1992 წლები), საომარი მოქმედებებისა (1992-1993 წლები) და ომის შემდგომ პერიოდზე (1993-1995 წლები).
სამი კვირის განმავლობაში, გამოფენის ფარგლებში, გაიმართება რეგულარული დისკუსიები და ღონისძიებები. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს.
ვიზიტორებს, რომლებსაც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული საკუთარი ისტორია აქვს, გამოფენის ავტორები ამ ისტორიის გაზიარებას და არქივის შექმნაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ.
როგორც მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, არქივის შექმნის პროცესი გრძელდება და მისი მიზანია, მიუკერძოებლად და დეტალურად აღადგინოს ისტორიული მოვლენები შეიარაღებულ ფაზამდე, უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ.
გამოფენაზე მუშაობდნენ: GoGroupMedia, CIPDD, Studio Re, Conciliation Resources, swisspeace.
გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და გაშუქება შეგიძლიათ იხილოთ სოციალური მედიის ორ არხზე:
Facebook (ქართულ ენაზე): The Corridors of Conflict. Abkhazia, 1989-1995
Twitter (ინგლისურ ენაზე): @Memory__Project
__________________________________
გამოფენა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის „კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის“ და Sigrid Rausing Trust-ის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. სწორედ მათი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი კოლექტიური მეხსიერების არქივების შექმნა და განვითარება.