ხალხს ერთმანეთისგან განსხვავებული მოლოდინები ჰქონდა, მაგრამ თითოეულ ადამიანს საერთო მიზანი ამოძრავებდა. " />

ხუთი ისტორია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია მოახდინეს

ხალხს ერთმანეთისგან განსხვავებული მოლოდინები ჰქონდა, მაგრამ თითოეულ ადამიანს საერთო მიზანი ამოძრავებდა.

13 აპრილს სომხეთში იმ პერიოდში მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები დაიწყო. მოძრაობა პარლამენტის დეპუტატმა, ნიკოლ პაშინიანმა წამოიწყო. არავის სჯეროდა იმის, რომ ხალხი ოპოზიციის ბრძოლას შეუერთდებოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქცია თითქმის ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.  დემონსტრანტები ყოველდღიურად კეტავდნენ ქუჩებს, ზოგჯერ კი სახელმწიფოთაშორის მაგისტრალების ბლოკირებასაც ახდენდნენ. დედაქალაქის აეროპორტის მუშაობა ერთი დღით შეწყდა. საბოლოოდ მასობრივმა მშვიდობიანმა აქციებმა შედეგი გამოიღო. 23 აპრილს მმართველი „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. 8 მაისს პარლამენტმა ახალი ხელმძღვანელი აირჩია. პრემიერ-მინისტრის სავარძელი დაუმორჩილებლობის მოძრაობის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა დაიკავა. ამ სტატიაში იმ ადამიანების ისტორიებია წარმოდგენილი, რომლებმაც პაშინიანს დაუჭირეს მხარი და „სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის“ მონაწილეებად იქცნენ. 

ანი

პრემიერ-მინისტრად არჩევის პროცედურის შემდეგ ნიკოლ პაშინიანი რესპუბლიკის მოედნისკენ მიიჩქარის. აქ მას მოძრაობის ათასობით მონაწილე ელოდება.  მაგრამ აბოვიანის ქუჩაზე მთავრობის ხელმძღვანელის მანქანა საცობში ხვდება. გზაზე გაჭედილი მანქანებიდან ერთ-ერთში საავადმყოფოდან გამოქცეული ანი ზის.

ანი ვარდანიანი 18 წლისაა. იგი გაწევრიანებულია სტუდენტურ ორგანიზაციაში, რომელსაც „ესუ რესტარტი“ ეწოდება. პოლიტიკურ აქციებში არასდროს მიუღია მონაწილეობა.  როდესაც ხელსიუფლების საწინააღმდეგო აქციები დაიწყო, ანი ქუჩაში გასვლას არ აპირებდა. მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც გარკვეული ძალები შეეცადნენ, არ დაეშვათ ის, რომ იგი საპროტესტო მოძრაობას შეერთებოდა.

«13 აპრილს ლექციებს ვესწრებოდით, როდესაც გავიგეთ, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ შენობის კარები დაკეტა და გარეთ არავის უშვებდა. იმ დღეს უბრალოდ მივხვდი, რომ თუკი ქუჩაში არ გავიდოდი ჩემთვის ყველა კარი სამუდამოდ დაიხურებოდა. პოლიტიკურ აქციებში არასდროს მიგვიღია მონაწილეობა. ჩვენი ორგანიზაცია განათლების ხარისხიანი სისტემისათვის ბრძოლისათვის შეიქმნა და ყოველთვის ამ მიზანს ემსახურებოდა. ჩვენი მიზანი არც ამჟამად შეცვლილა, მაგრამ იმავე სისტემამ გვაიძულა ქუჩაში გამოვსულიყავით».

ამ სტუდენტურმა ორგანიზაციამ ძალიან სწრაფად შეძლო თვითორგანიზება და ქუჩაში ათობით ათასი სტუდენტი გამოიყვანა.  ახალგაზრდობა რევოლუციის მთავარ სიმბოლოდ იქცა.

16 აპრილს ანი მეგობრებთან ერთად ბაგრამიანის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდა. იგი მეგობრის მხრებზე აცოცდა და დაინახა პოლიციის კორდონი, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა. იმ მომენტში ანის  უკან მოძრაობის მონაწილეების მრავალათასიანი არმია იდგა.

რამდენიმე წუთში პოლიციამ სპეცოპერაცია დაიწყო. ერთი ხმოვანი ყუმბარა ანის ფეხებთან აფეთქდა:

«ფეხის სერიოზული დაზიანება მივიღე. სასწრაფოდ საავადმყოფოში გამგზავნეს. იმ დღის შემდეგ გარეთ ვეღარ გავდიოდი. ძალიან მტკიოდა ფეხი. 8 მაისს საავადმყოფოში ვიყავი. გადახვევას ვიკეთებდი. ექიმმა მითხრა, რომ, არ იყო გამორიცხული ოპერაცია დამჭირვებოდა.

საავადმყოფოში ეროვნული კრების კენჭისყრას „ონლაინ“ რეჟიმში ვადევნებდი თვალ-ყურს  და როდესაც მივხვდი, რომ აუცილებლად პაშინიანს აირჩევდნენ, საავადმყოფოდან გამოვიქეცი, ტაქსიში ჩავჯექი და მოედნისკენ გავეშურე. მინდოდა, ჩემი თვალით მენახა ეს გამარჯვება, მაგრამ დანიშნულების ადგილს ვერ მივაღწიე. გამარჯვება საცობში აღვნიშნე – ჩემს „დაქალთან“ და უცნობ მძღოლთან ერთად».

ანის აზრით, გარდაქმნის პროცესი არ დასრულებულა და ახლა მთავარია, კარგი სახელმწიფო შეიქმნას – იმისთვის, რათა ხალხს აქ ცხოვრების სურვილი გაუჩნდეს:

„მინდა, რომ ახალი ხელისუფლება – ვინც არ უნდა შედიოდეს მმართველ გუნდში – ხვდებოდეს, რომ თუკი მისი წინამორბედის შეცდომებს გაიმეორებს, მასაც იგივე ემუქრება. მომზადებულ, ძლიერ ოპოზიციად ჩამოვყალიბდით – ძალად, რომელსაც ხელისუფლების მიმართ კონკრეტული მოთხოვნები გააჩნია“.

ედიკი

ახალი პრემიერ-მინისტრი უკვე მოედანზეა. ქუჩის ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ აქ პირველად ისმის სომხეთის ჰიმნი.

მოედანზე ათობით ათასი ადამიანია შეკრებილი. ედიკიც მომიტინგეთა შორის დგას.

მისი ცნობა ძალიან ადვილადაა შესაძლებელი -მას ბუმბულით დამშვენებული ფართოფარფლებიანი ქუდი ახურავს. ედიკ პოღოსიანი ირანიდან სომხეთში 2007 წელს გადმოსახლდა. იგი მხატვარია, მაგრამ სამშობლოში თანამედროვე ირანული ლიტერატურის თარგმანებით უფროა ცნობილი.

ედიკის თქმით, იგი ჰიმნის გაჟღერებისთანავე გრძნობს, რომ სამშობლოში დაბრუნება ცალსახად სწორი გადაწყვეტილება იყო.

«ამ შემთხვევაში ჩემთვის  „რევოლუცია“ ორაზროვანი ტერმინია, იმიტომ რომ ირანის ისლამური რევოლუცია მაქვს ნანახი. ეს კი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ირანში ვნახე. მივესალმები ამ სიახლეს. ეს ცვლილება აუცილებლად უნდა მომხდარიყო», – ამბობს ედიკი.

.მისი თქმით, ერთადერთ რევოლუციურ დღედ 22 აპრილი იქცა, როდესაც მოძრაობის ლიდერი დააკავეს. იმ დღეს რევოლუცია ადამიანების ცნობიერებაში მოხდა.

«მეტი ადამიანი სწორედ იმ დღეს შეიკრიბა მოედანზე, რადგანაც თითოეული ადამიანი მიხვდა, რომ ეს ბრძოლა პირადად მას ეხებოდა. იმ დღეს ჩამოყალიბდა მოქალაქე. ბრძოლის პროცესის დეცენტრალიზაცია მოხდა და ხალხმა ლიდერის გარეშე დაიწყო ორგანიზება. იმ დღეს  ყველა მიხვდა, რომ არა ნიკოლ პაშინიანის, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძოდა».

საპროტესტო აქციების დღეებში ედიკი ძალიან ყურადღებით აკვირდებოდა მიმდინარე პროცესებს:

«მსვლელობის დროს ერთი ადამიანი გარშემომყოფებს მზესუმზირას ურიგებდა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ეპიზოდია, მაგრამ ეს ჟესტი ცალსახად ცხადყოფს იმას, რომ მრავალი ფენისგან შემდგარ საზოგადოებას ნამდვილად შეუძლია შეთანხმებულად მოქმედება და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება.

მიტინგის დროს კომიტასის დიდებული მუსიკაც ისმოდა, და მომღერალ თათას პოპულარული სიმღერებიც. მზესუმზირასაც ჭამდნენ, ქებაბსაც, და შოკოლადსაც. ნამდვილი რევოლუცია იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ამ კულტურული მრავალფეროვნების თითოეული ელემენტი ყველა სხვა დანარჩენს მიიღებს და მათთან დაბალანსებულ თანაცხოვრებას შეძლებს. როდესაც ადამიანები მისალმებას ისწავლიან და ნაგვის ქუჩაში დაყრასა და გზის სავალი ნაწილის შეუფერებელ ადგილებში გადაკვეთას გადაეჩვევიან».

რევოლუციის შემდეგ პოლიტიკურ სასწაულებს არ ელოდება, მაგრამ მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ყველა დანაპირები შეასრულოს.

ლეილა

მოედანზე მრავალათასიანი დემონსტრაცია იმართება. სცენის წინ საკერავი მანქანა დგას. თეთრ მაისურში გამოწყობილი ქალი სომხურ სამფეროვან დროშას კერავს.

მომიტინგეთა პირველ რიგებში ლეილა ბებია დგას და ყურადღებით აკვირდება მკერავს.

იგი ყოველდღე რამდენიმე საათით ადრე მოდიოდა იმ მოედანზე, სადაც მიტინგები იმართებოდა და წინა რიგებში იკავებდა ადგილს იმისათვის, რათა უფრო ახლოდან დაენახა, თუ რა ხდებოდა სცენაზე. ლეილა ბებიას სმენა აქვს დაქვეითებული, წინა რიგებიდან  იგი გამომსვლელების ტუჩების მოძრაობას აკვირდებოდა და ამ გზით ხვდებოდა, თუ რას ამბობდნენ ორატორები.

სოციალურ ქსელებში ლეილა ბებიას ფოტო პირველად 1-ელ მაისს გამოჩნდა. ყველამ შეამჩნია 78 წლის ქალი, რომელმაც 12 საათი გაატარა რესპუბლიკის მოედანზე და ამ პერიოდის მანძილზე ადგილიდან არ დაძრულა.ამ სიცოცხლით სავსე, ენერგიულ ბებიას რეპრესიების, ომისა და სხვა არაერთი დაბრკოლებისა და უბედურების გადატანა მოუხდა. მიტინგებში 2008 წლიდან მონაწილეობს.  

«პირველ მარტს მიტინგზე ვიყავი და ყველაფერი ვნახე. იმ დღეს კინაღამ ტანკი დამეჯახა, მაგრამ არ შევუშინდი და ფეხი არ მომიცვლია იმ ადგილიდან, სადაც ვიდექი. მაშინ დავინახე ნიკოლი. იმ დღეს ბევრი ხალხი ვნახე, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ სწორედ ნიკოლი დაიკავებდა ხელმძღვანელის ადგილს», – ამბობს ბებია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 19 თებერვალს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის ბრძოლაში სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა. მისი მეტოქის, ლევონ ტერ-პეტროსიანის  მომხრეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ დაეთანხმნენ. მათ მიაჩნდათ, რომ კენჭისყრის შედეგების ფალსკიფიკაცია მოხდა და სინამდვილეში მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა. 20 თებერვალს მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. 2008 წლის 1-ელ მარტს დემონსტრაციის დაშლისას 10 ადამიანი დაიღუპა.

სჯერა, რომ სამართლიან ქვეყანაში იცხოვრებს და  იმედებს ახალგაზრდებზე ამყარებს – მომავალ თაობაზე, რომელიც ძლიერი სულითა და განსაკუთრებული გონებრივი მონაცემებით გამოირჩევა.

სურს, რომ 100 წლის იუბილე ახალ სომხეთში აღნიშნოს.

«მინდა ჩემი თვალით ვნახო მომავალი და დავრწმუნდე, რომ ჩემი შვილიშვილები და შვილთაშვილები კარგ, მშვიდობიან სომხეთში იცხოვრებენ. ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლი ყველაფერს შეძლებს».

ლევონი

სცენის წინ, პირველ რიგში, ყარაბაღის ომის ვეტერანები არიან განლაგებულნი. ყველა მათგანი სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი. ახალ პრემიერმინისტრს ხვდებიან. ზოგი სპეციალურ ეტლში ზის, ზოგიც ხელჯოხს ეყრდნობა. ლევონ მარტიროსიანიც თავისი მეგობრების გვერდით დგას.

იგი ყარაბაღში1990-იან წლებშიც ომობდა, და 2016 წლის აპრილშიც.

«რამდენიმეჯერ მართლაც სერიოზულად დავფიქრდი საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე. ეს აზრი პირველად ორიოდე წლის წინ გამიჩნდა.  მაგრამ იმ წელს ომი დაიწყო და მეც სომხეთში დავრჩი და სამხედრო მოქმედებებში ჩავები. მეორედ ამ საკითხზე რამდენიმე თვის წინ დავფიქრდი. სამშობლოსგან მოშორებითაც ვცადე ცხოვრება, მაგრამ არ გამომივიდა.

მაგრამ სომხეთი ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ ამ ქვეყანაში შენი შვილის მომავალს ვერ ხედავ. ომის დროს ბნელი, ცივი და მშიერი წლები გამოვიარეთ, მაგრამ მაშინ ხალხი ასე გაწბილებული არ იყო, იმიტომ რომ იცოდა, თუ რატომ და რისთვის უწევდათ ამხელა გაჭირვების დათმენა. ჩნდება კითხვა – ახლა რის გამო უნდა ითმინოს ხალხმა ტანჯვა?», – ამბობს ლევონი.

იგი ბრძოლის პირველივე დღიდან მონაწილეობს დემონსტრაციებში და ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ ამ მოძრაობაში ახალგაზრდები მონაწილეობენ.

«ამბობენ, სომხეთი ბერდებაო. მაგრამ თუკი მართლაც ბერდება ჩვენი ქვეყანა, მაშინ საიდან გაჩნდა ამდენი ახალგაზრდა? ოპტიმიზმს მიჩენს ის ფაქტი, რომ ამ ახალი პრემიერმინისტრის გვერდით ახალგაზრდები დგანან და  მას სიბერეშეპარული ადამიანების იმედი არ ექნება», – ხუმრობით აღნიშნავს ლევონი.

მას სჯერა, რომ 2-3 თვის შემდეგ საზოგადოება დადებით ცვლილებებს იგრძნობს. ახალი ხელისუფლებისგან პირველ რიგში პენსიების ზრდას ელოდება.

დავიდი

მოედანზე შეკრებილი ადამიანების თავზემოთ ფერადი ქოლგები ჩნდება. უკვე რამდენიმე საათია, ხალხი კოკისპირულ წვიმაში ხალისითა და სიხარულით მოცეკვავე ოთხ გოგონას შესცქერის.

სცენაზე დავიდი დგას. როგორც ყოველთვის, იგი ამჯერადაც განსაკუთრებული თავდაჭერილობით გამოირჩევა.

დავიდ ოგანესიანი საზოგადოებრივ ორგანიზაცია „MIND“-ს ხელმძღვანელობს. უკვე დიდი ხანია, რაც სამოქალაქო ბრძოლაშია ჩართული. 2008 წლის 1-ელი მარტის მოვლენების შემდეგ თითქმის ყველა საპროტესტო დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. სწორედ დავიდმა მოიფიქრა ამ რევულუციის მთავარი ლოზუნგი – „#უარითქვისერჟზე“.

«წელს ჩვენი ბრძოლა 1-ელ მარტს დაიწყო. ყოველწლიური მსვლელობის შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა პატარა შეკრება მოვაწყვეთ და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია განვიხილეთ. ჩვენ გვინდოდა, დაგვემტკიცებინა, რომ სომხეთ თურქმენეთი არ არის და ამ ქვეყანაში  თურქმანბაშის მსგავსი შეუცვლელი მმართველის ადგილი არ არის.

ამ განსჯა-კამათის შედეგად გაჩნდა გაერთიანება „უარი თქვი სერჟზე“, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა ნიკოლ პაშინიანის მოძრაობას სახელწოდებით „ჩემი ნაბიჯი“.  ორი გეგმა გვქონდა – „პროგრამა მინიმუმი“ და „პროგრამა მაქსიმუმი“. პირველი წინააღმდეგობის გაწევასა და, შესაძლებლობების ფარგლებში, სერჟ სარგსიანის კიდევ ერთხელ არჩევის გართულებას გულისხმობდა, მეორე გეგმის მიხედვით კი არ უნდა დაგვეშვა ის, რომ ყოფილ პრეზიდენტს პრემიერმინისტრის სავარძელი ჩაეგდო ხელში».

ბრძოლის საწყის ეტაპზე დავიდი მიხვდა, რომ უფროს თაობას სასიკეთო ცვლილებების იმედი არ აქვს და მოძრაობას სკეპტიკურად უყურებს. ამიტომ აქტივისტებმა ახალგაზრდებზე მოახდინეს ფოკუსირება.

«2007 წლიდან ვაცხადებდი, რომ ჩვენი ბრძოლა უწყვეტი და თანმიმდევრულია, გამარჯვება კი – გარდაუვალი. გარშემომყოფები გიჟად, ან უცხოპლანეტელად მიმიჩნევდნენ, მაგრამ მე ბუნების კანონების მჯერა. პროგრესი ყოველთვის დაამარცხებს რეგრესს», ამბობს დავიდი.

მისი აზრით, სომხეთში უნიკალური რევოლუცია მოხდა. მისი თქმით, ამჟამად ხელისუფლების ცვლილების პროცესის საწყისი ეტაპი სრულდება. დავიდს მიაჩნია, რომ საბოლოო მიზნს პარლამენტის დათხოვნა და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს. იგი აცხადებს, რომ მოქმედი პარლამენტი ხალხის ნებას არ ასახავს:

«სერჟ სარგსიანის გადადგომა მხოლოდ პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა. ამის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ამიერიდან პოლიტიკური ნება ხალხს ეკუთვნის. ამის შემდეგ მოვლენები მოქალაქეების კარნახით ვითარდებოდა და დღისწესრიგს მოსახლეობა განსაზღვრავდა. ეს კი რევოლუციის მთავარი მონაპოვარია».


ასევე წაიკითხეთ