ოთინაშვილმა ცხინვალის ციხეში 11 დღე გაატარა" />

ცხინვალმა მაია ოთინაშვილი გაათავისუფლა

ოთინაშვილმა ცხინვალის ციხეში 11 დღე გაატარა

დაკავებიდან მეთერთმეტე დღეს, საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი, რომელიც რუსმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ხურალეთთან დააკავეს, თავისუფალია.

ოთინაშვილი, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჯერ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, შემდეგ კი ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა, პირობით გაათავისუფლეს.

როგორც სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო РЕС იტყობინება, მაია ოთინაშვილი ლენინგორის სასამართლომ დამნაშავედ სცნო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

“მაია ოთინაშვილს ქართულ მხარე დღეს, 9 ოქტომბერს სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე გადასცემენ”, – წერს სააგენტო. [სოფელ ერგნეთში რეგულარული ქართულ-ოსურ-რუსული შეხვედრები იმართება, სადაც მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ _JAMnews]

მაია ოთინაშვილის ეს ფოტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა. იგი ცხინვალშია გადაღებული

37 წლის სამი შვილის დედა მაია ოთინაშვილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურვალეთში,  29 სექტემბერს საკუთარ მიწის ნაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის კაკალს აგროვებდა.

მას შემდეგ ოთინაშვილი ცხინვალშია. მისი დედა, გალინა ქელეხსაევა ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ მისი შვილი დაკავების დროს სცემეს.

ოთინაშვილის გათავისუფლების საქმეში ჩართული იყო “წითელი ჯვარი” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპკორპუსის წარმომადგენლები.

ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საქართველოს მოქალაქეებს რუსი და ოსი სამხედროები ხშირად აკავებენ, თუმცა, როგორც წესი, ასეთი ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებენ და მალევე ათავისუფლებენ.

მაია ოთინაშვილის შემთხვევაში ასე არ მოხდა, რადგან სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს.

ოთინაშვილის ოჯახი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

•  ცნობები იმის შესახებ, რომ კონფქლიქტის ზონაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც “საზღვარი გადაკვეთა” მედიაში თითქმის ყოველ კვირა ჩნდება. 

 ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და  არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა. 

კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ან საქონელს აძოვებდა საკუთარ სოფელში, ან ჯონჯოლს აგროვებდა ახლომდებარე ტყეში.

ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პარლამენტმა, ე.წ. “მაგნიტსკის სიის” მსგავსი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” მიიღო. სიაში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს

ბოლო გახმაურებული შემთხვევა აგვისტოს ბოლოს მოხდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა თრუსოს ხეობაში ხუთი ქართველი ახალგაზრდა დააკავეს, რომლებიც ზურგჩანთებით სალაშქროდ იყვნენ წასული. ახალგაზრდების გათავისუფლებას რამდენიმე დღე და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა დასჭირდა. დაკავებულებს, როგორც წესი, ცხინვალის იზოლატორში ათავსებენ და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. 

•   აგვისტოს ომის შემდეგ რუსმა სამხედროებმა, რომლებიც კონფლიქტის ზონის მთელს პერიმეტრზე დგანან,  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თეთრ-მწვანე ბანერები დაკიდება დაიწყეს წარწერით „სახელმწიფო საზღვარი“ და „სამხრეთი ოსეთი“.0 საზღვრის ფუნქციას მავთულხლართი ასრულებს, რომელსაც მონიშნულ ადგილებზე ავლებენ.  რუსული და ოსური მხარე ამ პროცესს “ბორდერიზაციას” უწოდებს. მათი თქმით, საზღვრის გავლებისას ისინი ძველი, ომამდელი, საბჭოთა დროის რუკით ხელმძღვანელობენ. მათი თქმით, “სახელმწიფო საზღვრის” გავლება ხდება ახალგორის რაიონის გასწვრივ ისე, რომ ახალგორის ყველა სოფელი სამხრეთ ოსეთის ფარგლებში მოექცეს.

ქართული მხარე ამ პროცესს “მცოცავ ანექსიას” უწოდებს და აცხადებს, რომ რუსული მხარე ყოველ ჯერზე ახალ ქართულ მიწას იტაცებს.  მავთულხლართების გავლება ხშირ ხდება ქართულ სოფლებში ისე, რომ ეს სოფლები შუაზე იყოფა. შედეგად, ათეულობით ოჯახს საძოვრები, წინაპართა საფლავები და ა.შ. “საზღვრის” იქეთ დარჩა. 

•   გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურვალეთი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფელია. იგი გორიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. ხურვალეთი განსაკუთრებით დაზარალდა ე.წ. “ბორდერიზაციის”  პროცესის გამო, რომელსაც რუსი სამხედროები კონფლიქტის ზონაში მავთულხლართების გავლებით ახორციელებენ.

მავთულხლართებმა სოფელი ორად გაყო – სოფლის ერთი ნაწილი თბილისის იურისდიქციის ქვეშ დარჩა, მეორე ნაწილს კი, რუსი და ოსი სამხედროები აკონტროლებენ.

ასევე წაიკითხეთ: როგორ ცხოვრებენ მავთულხლართით გაყოფილ სოფლებში? რეპორტაჟი კონფლიქტის ზონიდან

•  რუსი სამხედროების გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს პატრულირებენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ