ახლა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, კარენ კარაპეტიანის ჯერია. გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მოლაპარაკებების ამგვარ ფორმატზე უარი განაცხადა, და მოლაპარაკება არ შედგა" />

სომხეთი: საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით გამართავს

ახლა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, კარენ კარაპეტიანის ჯერია. გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მოლაპარაკებების ამგვარ ფორმატზე უარი განაცხადა, და მოლაპარაკება არ შედგა

20:40, 26 აპრილი

მორიგი მიტინგი გამართა საპროტესტო მოძრაობამ,  რომელიც ხელისუფლების შეცვლისა და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ხელისუფლებიდან წასვლისთვის იბრძვის.

პირველმა ორატორებმა ადამიანებს მოუწოდეს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „საერთო სახალხო კანდიდატის“, მოძრაობის ლიდერისა და ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ელკის“ წარმომადგენლის (თარგმანში „გამოსავალი“) ნიკოლ პაშინიანის გარდა, არავის არჩევა არ დაუშვან. ადამიანებს ჰპირდებიან, რომ  სულ ცოტა კიდევ უნდა მოითმინონ – და ახლა უკან დახევა არ შეიძლება.

თავად ნიკოლ პაშინიანმა ადამიანებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ გუშინ საღამოს მათ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მხარი დაუჭირეს მისი – როგორც ხალხის რჩეულის კანდიდატურას. მას მიაჩნია, რომ ახლა პარლამენტში ხალხის ნება დე-იურე უნდა დაადასტურონ.

არჩევნები 1 მაისს ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძრაობის მომხრეებმა  საბოლოო გამარჯვების გარღვევისთვის ძალებს თავი უნდა მოუყარონ.

„ან ხალხის მხარდაჭერით პრემიერად მე ამირჩევენ, ან სომხეთში პრემიერი საერთოდ არ იქნება არჩეული“.

შემდეგ პაშინიანმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი სახალხოდ მიიწვია ხვალ, 27 აპრილს, 12:00 სასტუმრო „მერიოტში“ მოლაპარაკებების გასამართად. მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჟურნალისტების თანდასწრებით უნდა მიმდინარეობდეს.

მანამდე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა აზრი გამოთვეს, რომ მოლაპარაკებები პირისპირ – პრესის მონაწილეობის გარეშე გამართულიყო.

19:50, 26 აპრილი

სომხეთის მედიამ, კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლის კარენ კარაპეტიანისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კერძოდ, გზავნილში ნათქვამია:

 „…სომხეთში არსებული კრიზისული სიტუაცია მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში უნდა მოგვარდეს, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში, და 2017 წლის აპრილში ჩატარებული ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე . მოცემულ კონტექსტში ყურადღება 2018 წლის 1 მაისს პარლამენტის მიერ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის  არჩევის მნიშვნელოვნებაზე მახვილდება. 

16:25, 26 აპრილი

დანიშნულია სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების თარიღი. ეროვნული საკრებულოს სპიკერმა არა ბაბლოიანმა განაცხადა, რომ არჩევნები 1 მაისს ჩატარდება.

გუშინ რესპუბლიკის მოედანზე მიტინგის დროს შეკრებილებმა დაადასტურეს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მათი კანდიდატი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი იქნება.

პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ხმათა უმრავლესობით აირჩევენ და ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა ხმას ყველა საპარლამენტო ძალა „საერთო სახალხო“ კანდიდატს, რომელიც ასევე  დეპუტატთა ოპოზიციური ფრაქციის, „ელკის“ წარმომადგენელია.

ჯერჯერობით გამორიცხული არ არის, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი წამოაყენოს. სომხეთის რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს წევრმა, დეპუტატმა გაგიკ მინასიანმა განაცხადა, რომ პარტია  სხდომას მოიწვევს და „პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატის თაობაზე იმსჯელებს“.

გადამდგარი პრემიერ-მინისტრისა და მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პარტიამ გუშინ  ჩაატარა სხდომა, რომელზეც, ოფიციალური ცნობის თანახმად, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე,  ყველა მხარესთან ნებისმიერ საკითხზე იმსჯელებენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ნიკოლ პაშინიანის მიერ შეთავაზებულ სამომავლო ნაბიჯების დღის წესრიგს განიხილავს:

  • პრემიერ-მინისტრად იმ კანდიდატის არჩევა, რომლის ნახვაც ამ თანამდებობაზე ხალხს სურს;
  • დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება;
  • ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები;

ერევანში, პოლიტიკური პროცესების პარალელურად, საპროტესტო აქციები გრძელდება. ახალგაზრდობა ქუჩების გადაკეტვას აგრძელებს, სტუდენტები და მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებებში ისევ არ დადიან. მოძრაობის ორგანიზატორები პერიოდულად აცხადებენ, რომ აქციებში მონაწილე ავტომობილები სახელმწიფო ნომრების გარეშე არ უნდა მოძრაობდნენ (დაუმორჩილებლობის მოძრაობის პროვოცირებისა და დისკრედიტაციის თავიდან ასაცილებლად), ხოლო დემონსტრანტებმა ნაგავი არ უნდა დაყარონ და 23:00 შემდეგ არ იხმაურონ.


ასევე წაიკითხეთ