რატომ დევნიან ჩრდილოეთ კავკასიაში ექიმბაშებსა და მაგებს" />

ჩეჩნეთის ხელისუფლება ჯადოქრებს ებრძვის

რატომ დევნიან ჩრდილოეთ კავკასიაში ექიმბაშებსა და მაგებს

ძალოვანმა სტრუქტურებმა რუსეთის შემადგენლობაში არსებული ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკის  ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესის მაცხოვრებელი ორი ქალბატონი მაგიით, ჯადოქრობითა და ექიმბაშობით საქმიანობისთვის დააკავეს. როგორც „კავკაზსკი უზელი“  იუწყება,  ექიმბაშებისა და ექსტრასენსების დევნა ჩეჩნეთში ჯერ კიდევ ექვსი წლის წინათ დაიწყო, მაგრამ ბოლო წლებში ასეთი რამ არ მომხდარა.

• ცდა ბედის მონახევრეა – როგორ უტევენ ჩეჩნეთიდან ლტოლვილები პოლონეთის საზღვარს ბელარუსში

შეშინებული მშობლები შვილებზე უარს ამბობენჩეჩნეთში უკვე არამხოლოდ უფლებადამცავებსა და ლგბტ თემის წევრებს დევნიან, არამედ – მოზარდებსაც

დაკავებულ ქალბატონებს, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებოდეთ.

 „იმ სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, აღმოჩენილია მაგიისა და ოკულტიზმის შესახებ სხვადასხვა ლიტერატურა, რუკები, ათობით ადამიანის ფოტოები და მაგიური რიტუალების აღსრულებისთვის გამოსაყენებელი  სხვადასხვა ნივთი. ოჯახური ურთიერთობების გამყარების, ჯადოსა და გათვალვის მოხსნის, სხვადასხვა დაავადების განკურნების საბაბით, ისინი მოქალაქეებისგან განსხვავებულ თანხებს იღებდნენ“, –  განუცხადა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს. 

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ მაგებს, ჯადოქრებსა და ექიმბაშებს ომი 2013 წელს გამოუცხადა. 2013 წლის თებერვალში რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა მუნიციპალიტეტებთან და კადიებთან (ისლამის სასულიერო მოღვაწეები) შეხვედრის დროს ჩეჩნეთში ამ მოვლენების აღმოფხვრა მოითხოვა. ის ექიმბაშებსა და მაგებს „კომპეტენტური სტრუქტურებით“ დაემუქრა.

ამ განცხადების შემდეგ ჩეჩნეთში ექიმბაშებისა და მაგების წინააღმდეგ კამპანია გაჩაღდა: რამდენიმე ადამიანი მოკლეს, დანარჩენებმა კი რესპუბლიკა დატოვეს, ან  საქმიანობა შეწყვიტეს. სწორედ მაშინ დაკარგა თანამდებობა ჩეჩნეთის გუდერმესის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აჰმედ აბასოვმა, რომელიც, სამსახურეობრივი დაწინაურების მიზნით,  ჯადოქარი ქალისთვის დასახმარებლად მიმართვაში დაადანაშაულეს

ჯადოქრობითა და მაგიით დაკავება ისლამის რწმენას ეწინააღმდეგება, – აღნიშნავენ ადგილობრივი სულიერი მოძღვრები. „ჯადოქრობა, მაგია, მკითხაობა და ამგვარი რაღაცები ისლამში კატეგორიულად აკრძალულია. ჯადოქარისთვის ან მკითხავისთვის დასახმარებლად მიმართვა უკვე დიდი ცოდვაა. ეს ძალიან საშიში მოვლენაა, რომელთანაც საჭიროა ბრძოლა“, – განაცხადა ჩეჩენმა მუსლიმმა მოძღვარმა.

მაგიითა და ჯადოქრობით დაკავება ჩეჩნეთში ორ საომარ კამპანიას შორის და 2000-იანი წლების დასწყისში ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ ახლა ეს მოვლენა თითქმის გაქრა.

ჩეჩნეთში ჯადოქრებისა და ექსტრასენსების წინააღმდეგ გაჩაღებული ახლანდელი კამპანია ყველაზე ნაკლებად უკავშირდება რელიგიურ მოტივებს, უფრო მეტად კი – სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, უფრო ძლიერ პოლიციურ კონტროლს, – მიიჩნევს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მიხაილ როშჩინი. 

რელიგიური აკრძალვების მიუხედავად, ხალხურ კულტურაში ჯადოქრობა და მაგია ყოველთვის არსებობდა, – აღნიშნა აღმოსავლეთმცოდნემ. „ამით საბჭოთა დროსაც კი იყვნენ გატაცებულები, ამგვარი მომსახურება ქრისტიანებს და მუსლიმებს შორისაც არსებობდა“, – თქვა როშჩინმა.

რუსეთში ექსტრასენსებსა და მაგებს ხშირად, თაღლითობის ბრალდებით,  სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევენ, – ამბობს ადვოკატი აბუსუპიან გაიტაევი. თუმცა, მაგიური პრაქტიკის შემთხვევაში, თაღლითური ჩანაფიქრის დამტკიცება რთულია, ამიტომაც სამართალდამცავ ორგანოებს ასეთი საქმეები დიდად არ უყვართ.

ადვოკატმა დასძინა, რომ რამდენიმე წლის წინათ ჩეჩნეთში ექსტრასენსებისა და ექიმბაშების წინააღმდეგ გაჩაღებული დიდი „წმენდის“ შემდეგ, ჯადოქრობისა და მაგიის თემა თითქმის აღარ წამოწეულა, და ბოლო წლებში არც ექიმბაშების დევნის შესახებ გამხდარა რაიმე ცნობილი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ