ცდა ბედის მონახევრეა. როგორ უტევენ ჩეჩნეთიდან დევნილები ბელარუსში პოლონეთის საზღვარს
ბრესტი, რკინიგზის სადგური. დილის 11.30 საათია, ქუჩაში თაკარა სიცხეა. სასაზღვრო კონტროლის ზონისკენ გამავალ დარბაზში ხალხის სიმცირეა, მაგრამ 17 წუთში ტერესპოლი-ბრესტის ელმავალი ჩამოდგება, და შენობა ადამიანებით გაივსება. მათ შორის იქნება ბევრი ჩეჩნეთიდან დევნილი, რომლებიც პოლონელმა მესაზღვრეებმა ვეროკავშირში არ შეუშვეს და უკან, ბელარუსში დააბრუნეს.
ჩეჩნეთიდან მრავალი მიზეზით გარბიან: პოლიტიკური დევნით დაწყებული, უიმედობით დასრულებული. დევნილები პოლონეთში მიემგზავრებიან, რადგან მას ჩასასვლელად პირველ უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევენ.
დღეს ბრესტში დაახლოებით ასამდე დევნილია. ერთ დღეში საზღვრის გადაკვეთას ერთეულები ახერხებენ. ვერავინ ხვდება, რით ხელმძღვანელობენ მესაზღვრეები. გასულ წელს ერთ-ერთი ოჯახი ევროკავშირში სამოცდამერვე მცდელობით მოხვდა.
ვიდრე მატარებელს ველოდებით, ჰავა (ყველა გმირის სახელი შეცვლილია) გვეცნობა. ის ნახევრად ყაზახია, ნახევრად კი ჩეჩენი, ამიტომაც ჩეჩნეთში ბავშვობიდან პრობლემები აქვს:
— ჩეჩენი ნათესავები მიკერძოებულად მექცევიან. ჩეჩენ დედინაცვალს ჩემგან თავის დაღწევა უნდოდა და სულ მეუბნებოდა: „მიბრძანდი შენს ყაზახეთში, გვრცხვენია,რომ ჩვენთან ცხოვრობ“-ო.
მისი ნაამბობით, თუ ჩეჩნეთში ნათესავები ქალს ცუდად ექცევიან, მას დანარჩენებიც ასევე ექცევიან. მისი გაქცევის მიზეზი სწორედ ეს გახდა
•„აქ თავს კარგად ვგრძნობთ. მაგრამ ავსტრიაში გვინდა გამგზავრება“
ჰასანი: „ერთ დღესაც სირიაში გამგზავრება მომიხდა“
ჰასანი ჩეჩნეთიდან პოლიტიკური მოტივებით გარბის, მაგრამ დაბრუნების იმედი აქვს.
„ახლა იქ კონკრეტული განუკითხაობაა, და შეიძლება ითქვას – გენოციდი… ცდილობ, სწორად იარო: დალევა არ შეიძლება – არ სვამ, მოწევა არ შეიძლება – არ ეწევი, მაგრამ რაღაცას მაინც მოგიძებნიან. რამზან კადიროვი თავის ხელქვეითებისგან მუდამ მუშაობას მოითხოვს, და აი, ინდომებენ“.
ჰასანი ტაქსის მძღოლობით ირჩენდა თავს. მას ნარკოტიკები „ჩაუგდეს“ და არჩევანის წინაშე დააყენეს: ან ციხე, ან ომში მოხალისედ წასვლა.
„უთხრეს, – აირჩიეო. გადაწყვიტა, ჯობს კონტრაქტს მოვაწერო ხელი, ვიდრე ხუთი-ათი წლით ციხეში ჩავჯდეო. სირიაში ან დობასშიც კი რომ გავეშვი, ვფიქრობდი, რომ გაქცევას შევძლებდი“.
ჰასანმა ბრესტის გავლით პოლონეთში გაქცევა სცადა, მაგრამ საზღვრის გადაკვეთის ცამეტი უშედეგო მცდელობის შემდეგ ყაზახეთში გაემგზავრა. იქ 15 დღე-ღამე მისცეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა.
„ამის შემდეგ საქართველოში წავედი, იქ თავშესაფრის მოთხოვნა არ მირჩიეს. მითხრეს, რომ პირიქით – პრობლემები შემექმნებოდა. მაშინვე პოლიციაში მიგიყვანენ და ჩეჩნეთს გადაგცემენო. მოკლედ, გროზნოში დაბრუნება გადავწყვიტე. ჰოდა, ერთ დღესაც სირიაში წასვლა მომიხდა. საბოლოოდ ნავთობის ჭაბურღილებთან მივედით – იქაურობა უნდა დაგვეცვა. იქ სამი თვე გავატარე. 120 ადამიანიდან 20 უკან ვერ დაბრუნდა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ სიმაგრეებზე რამდენიმე შეტევა მიიტანეს. ვერც კი ვხვდებოდით, ვის ვებრძოდით: იქ ირანიც არის, თურქეთიც, და ამერიკაც. იქ სრული გაუგებრობაა. ასადი თავისთვისაა – ვითომ ტერორისტებს ებრძვის. რუსეთი, მაგალითად, უბრალოდ უტიფრად ექაჩება ნავთობს, და სულ ესაა“.
„პოლონელი მესაზღვრეებისთვის ჩვენ მესამე ხარისხის ადამიანები ვართ“
ამინა – ყველაზე ახალგაზრდა დევნილი გოგონაა, რომელიც ბრესტში შეგვხვდა. ის ჯინსებით და გაშლილი თმებით დადის და ბევრს ეწევა. როგორც ამბობს, ამის გამო ჩეჩნეთში პრობლემები ჰქონდა.
ჩეჩნეთი – ეს არის ადგილი, სადაც ქალებს არავითარი უფლება არ გააჩნიათ. ისინი არაფერს წყვეტენ. ისე მოხდა, რომ დავფეხმძიმდი. იმ ადამიანის ცოლი არ ვიყავი, ის სხვა ეროვნების იყო. ყველაფერი დედას ვუამბე. მან მამას უთხრა, და ამის შემდეგ კარგადაც მომხვდა. მამამ მითხრა, რომ აბორტი გამეკეთებინა. უფრო სწორედ, თქვა, რომ აბორტზე თავად წამიყვანდა. მეუბნებოდა, რომ მთელი ჩვენი გვარი შევარცხვინე, და თუ გაიგეს, შარიათის კანონებით გამასამართლებენ, მომკლავენ, რადგან ასეთ რამეს ჩვენში არ პატიობენ“.
ამინა თავის შეყვარებულთან ერთად მის სამშობლოში გაიქცა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ვაჟმა მასთან დაშორება და ბავშვის წართმევა გადაწყვიტა. ამინა გაიქცა. ამბობს, რომ პოლონეთში გამგზავრებას თუ ვერ შეძლებს, საცხოვრებლად ბელარუსში დარჩება.
ბილეთი მესამე ვაგონში
ბრესტიდან ტერასპოლში მიმავალი პირველი დილის მატარებელი შვიდ საათზე გადის. 6.30 სადგური ჩეჩნური ოჯახებით ივსება. ჩვენ ჰავასთვის მატარებლის ბილეთს ვყიდულობთ. მოლარე თვალით მასზე გვანიშნებს და გვეკითხება:
— მისთვის ყიდულობთ?
— დიახ.
— მაშინ თავიდანვე უნდა გეთქვათ. მათთვის მხოლოდ მესამე ვაგონია გამოყოფილი.
— რატომ ?
— მესაზღვრეებმა ასე გადაწყვიტეს.
ბრესტიდან ტერესპოლამდე გზას 20 წუთი სჭირდება. როდესაც მატარებელი ჩერდება, ყველაზე ბოლოს ჩავდივართ, რათა დავინახოთ, თუ სად მიჰყავთ დევნილები. მაგრამ მათთვის ვაგონიდან ჩასვლა მანამდე არ შეიძლება, ვიდრე დანარჩენი მგზავრები მატარებელს არ დატოვებენ. მათ მეტად ვეღარ ვნახავთ. მაშინვე ამინას ფრაზა გვახსენდება:
— პოლონელი მესაზღვრეებისთვის ჩვენ მესამეხარისხოვანი ადამიანები ვართ. მათ ინტერვიუშიც კი თქვეს, რომ ზუსტად ამიტომ ვმგზავრობთ მესამე ვაგონით.
დევნილების ბანაკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიალა-პოდლიასკაში მდებარე დევნილთა ბანაკის მონახულების ნება არ დაგვრთო. ეს ბანაკი – პირქუში, ნაცრისფერი შენობაა, რომელიც, შენობის ნაწილზე არსებული მავთულხლართის გამო, შორიდან ციხეს მოგაგონებს. ადგილობრივები ბანაკს პირობითად ჩაკეტილ და გახსნილ ნაწილებად ყოფენ.
ჩაკეტილი ის არის, რომელსაც მავთული აქვს შემოვლებული. იქ ის ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც პოლონეთში საერთაშორისო დაცვა ვერ მიიღეს, ბანაკიდან გაიქცნენ, ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში გამგზავრებას ცდილობდნენ. ბანაკის გახსნილ ნაწილში განთავსებულია ყველა დანარჩენი, მათ შორის ისინიც, ვინც დაკეტილი ნაწილიდან გადაიყვანეს.
ბანაკის გვერდით დაღესტნელი ხათუნი გავიცანით. მას სახე თავსაბურავით აქვს დაფარული. ის პოლონურ ბანაკში ორ შვილთან – ექვსი წლის აზიზთან და 16 წლის არიანთან ერთად ჩავიდა. ხათუნის ქმარს დაღესტანში ვიღაც ადამიანების ვალი დაედო, შემდეგ კი ის უბრალოდ გაქრა. ერთხელ, როდესაც ქალი მარტო იმყოფებოდა, მას სახლი დაუწვეს. ხათუნს სხეული დიდი ნაწილი დაეწვა – მან რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, კანი თეძოებიდან სახეზე გადაუნერგეს.
— დღეს პოზიტივი [დევნილის ჰუმანიტარული სტატუსი] მოგვცეს, — გვიზიარებს დაღესტნელი ქალი თავის სიხარულს, — თუ ღმერთი ინებებს, ათი დღის შემდეგ სხვა ბანაკში, ქალაქ ლინინში [ვარშავიდან45 წუთის სავალზე] გავემგზავრებით.
17 წლის ვისხანი და ალეჰანი (ამ გმირების სახელები ნამდვილია) მამასთან და სხვა ნათესავებთან ერთად როსტოვიდან ჩამოვიდნენ. მანამდე ისინი ომს გამოექცნენ – ორმხრივი სროლის დროს ბიჭების დედა დაიღუპა.
— ალბათ ომის შესახებ გსმენიათ, — ამბობს ვისხანი, — ჩეჩნეთში მამასაც პრობლემები ჰქონდა, ციხეში იჯდა.
ოჯახი ბრესტში ერთ თვეს დარჩა, პოლონეთში გამგზავრება მერვე ცდაზე შეძლეს.
— ბანაკში ადგილები არ იყო, და ამიტომაც არ გვიშვებდნენ, — იცინის ალეჰანი.
ჩვენი შეხვედრიდან ორ დღეში ამინა თავის ვაჟებთან ერთად კიდევ ერთხელ ცდის და პოლონეთში ხვდება.
— მე და ჩემს ვაჟს ყველაფერი რიგზე გვაქვს! შეზღუდვები არ არსებობს, საკუთარი ოთახი გვაქვს, ყველგან სისუფთავეა. ორი დღით, სადაც გვსურს, იქ შეგვიძლია გავემგზავროთ. კარგი კვებაა, ხორცი მუდმივად არის. ფულს რაც შეეხება – მე და ჩემს ვაჟს ორივეს სადღაც 419 ზლოტს [დაახლოებით $ 110] გვაძლევენ.ეს ცუდი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ აქ საკვებიც გვაქვს და საცხოვრებელიც.
ვისხანი რამდენიმე დღეში ბიალა-პოდლიასკიდან სხვა ცენტრში მიემგზავრება – სოფელ ვოჰინში. ამბობს, რომ იქ უკეთესი პირობებია, ვიდრე გამანაწილებელ ბანაკში.
ამ ტექსტის სხვა გმირები ისევ ბრესტში რჩებიან. მათ კავკასია უკეთესი ცხოვრების მოლოდინით დატოვეს, მაგრამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ბელაურსსა და პოლონეთს შორის, ელმავალში ჩარჩნენ; ვინ იცის – რამდენი ხნით?
ევრორადიო მასალის მომზადებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის უფლებადამცველ ორგანიზაციას Human Constanta.