კონფესიათაშორისი მიუღებლობა აფხაზეთში არასდროს ყოფილა, თუმცა ახლა პირველი ნიშნები ჩნდება" />

„ჩემი დიდი ბაბუა სელიკუ ჰაშიგი მუსლიმი იყო“- რელიგიური ოაზისი აფხაზეთში

კონფესიათაშორისი მიუღებლობა აფხაზეთში არასდროს ყოფილა, თუმცა ახლა პირველი ნიშნები ჩნდება

იმის შემხედვარე, თუ რა ხდება მიანმეში, სადაც მოწმუნეთა ერთი ნაწილი მეორეს ხოცავს, ხვდები, რომ სამყარო საბოლოოდ ამოტრიალდა და ის ახალი, ტექნოლოგიურად დახვეწილი შუა საუკუნეებისკენ მიექანება.

მსოფლიო რუკა აჭრელებულია ისეთი რელიგიური სიძულვილის კერებით, როგორც ყოფილ ბირმაშია გაჩაღებული, ანდა რომელიც ჯერ კიდევ მოუკიდებელი ასანთის ღერიდან ეს-ესაა გაჩაღებას იწყებს.

მაგრამ აფხაზეთი ამ კონფესიათაშორისი მასობრივი შუღლის დროს უდაბნოში ჩაკარგული ოაზისივით გამოიყურება. მასობრივად რწმენა გვაქვს, თუმცა ფანატიზმის გარეშე, და ამისთვის მადლობა ღმერთს.

ჩემი დიდი ბაბუა სელიკუ ჰაშიგი მუსლიმი იყო. ერთ-ერთ ქორწილში, და ეს 1880 წელს მოხდა, მან ერთ გოგონას დაადგა თვალი. მან ის საცეკვაოდ გაიწვია, და ცეკვის დასასრულს მისადმი მადლიერება ოქროს თუმნიანის ჩუქებით გამოხატა.

ეს უკვე ნიშანი იყო – იმ დროში, ოჯახის შესაქმნელად აფხაზები ხანგრძლივ „ფერხულებს“ არ მართავდნენ, ერთმანეთს წლობით არ აკვირდებოდნენ, როგორც ახლა, და არც შემდეგ ამბობდნენ – „ხასიათებით ვერ შევეწყვეთო“.

საკმარისი იყო ერთი ცეკვა და ერთი მზერაც კი, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ – თანაც ორმხრივი და სამუდამო ქორწინებით შეერთებულიყვნენ, უმეტეს შემთხვევებში – ბედნიერად.

აი, ასე, უცბად დაინიშნა სელიკუ და იმავე საღამოს, საერთო ნაცნობი ქალის დახმარებით, რომელმაც საკუთარი ნებით იკისრა მაჭანკლობა, მან თავის მოწონებულ ქალიშვილს საკუთარი გადაწყვეტილების სერიოზულობა აცნობა.

ესმა პაპბა, ასე ერქვა ჩემს დიდ ბებიას, ვერ ვიტყვი, რომ აი ასე, დაუფიქრებლად მზად იყო, რომ პირველივე შემხვედრს ცოლად გაჰყოლოდა. ის კარგი გარეგნობის გოგონა იყო, თუმცა ფუქსავატი სულაც არ იყო.

უეცრად გამოჩენილ თაყვანისმცემელს ის ადრეც იცნობდა, თუმცა არა – პირადად. სამაგიეროდ, საქმის კურსში იყო მისი მუსლიმობის შესახებ. თავად ესმა კი ქრისტიანი იყო, თანაც ნომინალურად კი არა, ეკლესიაში რეგულალურად მოსიარულე მორწმუნე იყო.

“მე მას იმ შემთხვევაში გავყვები ცოლად, თუ ჩემი წმენის შენარჩუნების ნებას დამრთავს“, – ტელეგრაფით უგზავნიდა ის თავის პირობებს ისევ იმ საერთო ნაცნობ ქალს.

სელიკუმ თქვა: „ პრობლემა არ არის“ – და რამდენიმე კვირის შემდეგ დაქორწინდა.

როგორც ოჯახური ლეგენდა გადმოგვცემს, და რატომღაც მგონია, რომ ის რეალური ისტორიისგან შორს არაა, მათი ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი იყო. მათ რვა შვილი შეეძინათ – ოთხი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. სელიკუ მიცემულ, სიტყვას ინარჩუნებდა მისი მეუღლე ბოლომდე თავის რწმენის ერთგული დარჩა. მეტიც მან ცოლს ზოგიერთი შვილის მონათვლის უფლებაც კი მისცა.

უზარმაზარი სახლი, რომელიც ჩემმა დიდმა ბაბუამ თავისი ოჯახისთვის ააშენა, და სადაც ერთმეტრიანი სისქის კედლებია, სოფელ ხუაპში ისევ დგას და ყველა ჩვენგანისთვის, მთელი მისი შთამომავლობისთვის დიდ სახლს წამოადგენს.

უკვე ას წელიწადზე მეტია, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ჩვენი ხალხი, აღდგომის და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის აღსანიშნავად მაინც ყველა მაღალმთიან ხუაპში ჩადის. მათ შორის, ვინც სელიკუს შემდეგ ამ კერის და დიდი სახლის მემკვიდრე გახდა, ქრისტიანი არავინ ყოფილა. მაგრამ სადღესასწაულო სუფრის გაშლა ჩვენი დიდი ბებიის ხსოვნის პატივსაცემად იმ დიდ სახლში, რომელიც სელიკუმ ააშენა – უმტკიცესი ტრადიციაა.

საერთოდ, ჩვენ იგივე შემადგენლობით აღვნიშნავთ ხოლმე მუსლიმურ და ჩვენს აფხაზურ წარმართულ დღესასწაულებსაც. აფხაზებისთვის ასეთი საგვარეულო ისტორია, სადაც მშვიდობიანად თანაარსებობენ ერთდროულად რამდენიმე აღმსარებლობის ადამიანები, უნიკალური სულაც არ არის. ჩვენი უმრავლესობა ასე ცხოვრობდა, ცხოვრობს, და იმედია, იცხოვრებს კიდეც. აფხაზურ ოფიციალურ სახელმწიფო კალენდარშიც ყველა ქრისტიანი, მუსლიმი და წარმართი დააფასეს.

მაგრამ, სამწუხაროდ, ვიღაცას ეს უკვე აღიზიანებს. აი, მაგალითად, ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით უქმე დღეები გამოაცხადეს, არადა, ეს დღე ტრადიციულ ცოდნის დღეს დაემთხვა. და ეს რელიგიურ თემაზე თავდასხმების კარგ მიზეზად იქცა. იმასაც კი წერდნენ, რომ სამსხვერპლო ცხვართან ერთად განათლებაც მსხვერპლად შესწირეს.

აფხაზეთი, რასაკვირველია, მიანმთან ახლოსაც ვერ მივა. თუმცა, მასობრივი კომუნიკაციის ჩვენს საუკუნეში ადამიანების ტვინებს შორის დისტანიის შემცირება უიოლესია. ერთი სტარტი უნდა და, კონფესათაშორისი მიუღებლობის მანქანა უშენოდაც ისე დაიქოქება, რომ ყოველმხრივ შორეული მიანმი ხვალ შენს კარზე მოაკაკუნებს.

ჩვენ, შესაძლოა, ცხოვრებაში ბევრი რამ გვაკლია – მიწა, წყალი, ადგილი მზის ქვეშ, თუნდაც ისევ ის განათლება – მაგრამ ღმერთი ყველა ჩვენგანს ნამდვილად ჰყოფნის – მთელი თავისი გასული და დამდეგი დღესასწაულებით!


ასევე წაიკითხეთ