„ჯადოქარი“ შიდა პატიმრობაშია, მის მომხრეებს კი აკავებენ" />

რუსეთში გრძელდება ნადირობა ადამიანზე, რომელმაც „პუტინის განდევნას“ პირობა დადო

„ჯადოქარი“ შიდა პატიმრობაშია, მის მომხრეებს კი აკავებენ

შამანი, ალექსანდრ გაბიშევი

შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ფეხით ნახევარ წელიწადს მიდიოდა, უკან, იაკუტიაში დააბრუნეს, მაგრამ მისი მომხრეები გზას აგრძელებენ და 2021 წლისთვის მოსკოვში ჩასვლის პირობას დებენ. აი, რა არის ცნობილი „ჯადოქარზე“, რომელმაც რუსეთის ხელისუფლება დააშინა.

 „ნოვაია გაზეტას“ მასალების მიხედვით

ფოტო: რადიო თავისუფლება

რა არის ცნობილი შამანის შესახებ 

 ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც თავს შამანს უწოდებს – იაკუტიის (ეს რუსეთის უკიდურესი ჩრდილოეთია) მცხოვრებელია. 19 სექტემბერს მის დაკავებამდე ის ციმბირის ტრასების გასწვრივ ფეხით უკვე ნახევარი წლის განმავლობაში მიდიოდა. გაბიშევი 2021 წლისთვის მოსკოვში ჩასვლისა და რუსეთის მისი ახლანდელი პრეზიდენტისგან, რომელსაც ის ბნელი ძალების ნაყოფს უწოდებს, გათავისუფლების პირობას დებს. 

• მოსაზრება: რუსეთში არჩევნები დასრულდა, ყველაზე საინტერესო დაიწყო

 მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“

გაბიშევი 51 წლისაა, მას უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება აქვს, მაგრამ სპეციალობით არასდროს უმუშავია. ამ წლის მარტში თავის მსვლელობის დაწყებამდე ის მეეზოვე იყო, ცოტა ხნით ადრე კი – შემდუღებელი.

 „დემოკრატია შიშის გარეშე უნდა იყოს. ახლა ადამიანებს ლაპარაკის ეშინიათ, ეშინიათ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ხელფასს მოუხსნიან. უბრალოდ, ჩვენთან განუკითხავი სახელმწიფო ძალა არსებობს, დემონური. ხალხი ხელოვნურ დეპრესიაშია ჩაგდებული. ბუნებრივ დეპრესიას ექიმბაში ერთი ხელის მოსმით განკურნავს, ამ ხელოვნურს კი მხოლოდ ჯადოქრობით თუ უშველი. ჯადოქარმა თავისი შიშის ილუზია, დეპრესია მთელ ქვეყანას მოახვია, მაგრამ თეთრი ჯადოქარი, როგორიც მე ვარ – ამ აკვიატებას გაფანტავს. პოლიტიკოსი აქ უსარგებლოა, მხოლოდ ჯადოქრობა ჯადოქრობის წინააღმდეგ, —გაგვიზიარა საკუთარი შეხედულებები რადიო „თავისუფლების რეპორტაჟში ალექსანდრ გაბიშევმა

 რაში გამოიხატება ზეწოლა                               

ადამიანი, რომელიც თავს თეთრ მაგს უწოდებს, და რომელიც მოწოდებულია, რომ რუსეთი პრეზიდენტ პუტინის „დემონური ძალაუფლებისგან“ გაათავისუფლოს, უკვე რამდენიმე დღეა, შიდა პატიმრობაში იმყოფება. როგორც ჩანს, მის მომხრეებზე ზეწოლა გრძელდება: ამჯერად ციმბირის ქალაქ ირკუტსკში ოთხი ადამიანი დააკავეს. სხვათა შორის, ისინი მალევე გაათავისუფლეს. ეს ერთი თვის განმავლობაში ალექსანდრ გაბიშევთან დაკავშირებული უკვე მესამე დაკავებაა, და ის თავს შამანს უწოდებს.

თავად შამანი, რომელიც მაგიის მეშვეობით „პუტინის გაძევების“ პირობას დებს, 19 სექტემბერს ღამით  დააკავეს. ის იაკუტსკში თვითმფრინავით დააბრუნეს და ამ ქალაქის  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში „გადაიყვანეს“, თუმცა უფლებადამცველებმა იქ მისი პოვნა ვერ შეძლეს.  

 უფრო ადრე, სექტემბერში შამანის მომხრეები ბურიატიაში დააკავეს, რამაც იქ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია: 9 სექტემბერს ამ რესპუბლიკის მთავარ ქალაქ ულან-უდეში, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, რეზონანსული აქციები ჩატარდა

იუწყებიან, რომ შამანის მომხრეები მათი ლიდერის დაკავების შემდეგაც გზას აგრძელებენ.           

ჰყავს თუ არა მას ბევრი მომხრე                      

ამ დროისთვის გაბიშევს დაახლოებით 3 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი. გზად ის ქადაგებებს ატარებდა, და  ადგილობრივ მცხოვრებლებთან და გამვლელი მანქანების მძღოლებთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა. გაბიშევის მიერ განვლილ მარშრუტზე ჩატარდა რამდენიმე მიტინგი , რომლებსაც ადგილობრივმა მედიამ მასობრივი უწოდა 

გაბიშევის მონაწილეობით ვიდეოები იმ ადამიანების გადაღებულია, რომლებიც მას გზად შეხვდნენ, და მისი რგოლები სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. 

ის ჟურნალისტები და ბლოგერები, რომლებიც შამანს შეხვდნენ, ჰყვებიან, რომ დღის განმავლობაში გაბიშევი ხვდებოდა ათობით მძღოლს, რომლებიც ჩერდებოდნენ, როდესაც მას  გზის გასწვრივ მიმავალს ხედავდნენ. ეს შეხვედრები მოსკოვამდე მიახლოების სისწრაფეს მნიშვნელოვნად ამცირებდა.     

 რა ემუქრება გაბიშევს                         

ხელისუფლება გაბიშევს ექსტრემისტულ მოწოდებებში დებს ბრალს. „რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის მიმართ ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებების გამო“, გაბიშევს ჯარიმა, იძულებითი სამუშაოები, ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


ასევე წაიკითხეთ