ხაჯიმბამ პოსტის დატოვებაზე უარი თქვა, პროტესტის მონაწილეები კი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის შენობის დატოვებაზე აცხადებენ უარს " />

აფხაზეთის პარლამენტმა პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომა შესთავაზა

ხაჯიმბამ პოსტის დატოვებაზე უარი თქვა, პროტესტის მონაწილეები კი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის შენობის დატოვებაზე აცხადებენ უარს

9 იანვარს, საღამოს, აფხაზეთის პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა, რათა პოლიტიკური კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდება მოხერხდეს.

ამ გადაწყვეტილებას მხარი სხდომაზე მყოფი 25 დეპუტატიდან 19-მა დაუჭირა. სულ აფხაზეთის პარლამენტში 35 დეპუტატია.

ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას 2019 წლის 8 სექტემბრიდან ითხოვს, როდესაც აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა და მის შედეგად, მცირე უპირატესობით გაიმარჯვა და მეორე ვადით დაიკავა თანამდებობა რაულ ხაჯიმბამ.

მთავარი არგუმენტი – ხაჯიმბამ მეორე ტურში ხმათა მხოლოდ 47 პროცენტი დააგროვა იმ დროს, როდესაც კანონის თანახმად, გამარჯვებისთვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლის 50%-ს +1 ხმა. ამიტომ, ოპოზიცია ითხოვს, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად გამოცხადდეს, პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგეს და დაინიშნოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები.

 9 იანვარს სიტუაცია გამწვავდა.

____________________________________________________________________________________________

• რა ხდება აფხაზეთში, რატომ აიღო ოპოზიციამ შტურმით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა

• მძიმე ეკონომიკურ და კრიმინოგენულ ვითარებას, არ შეიძლებოდა პოლიტიკური კრიზისი არ გამოეწვია

აფხაზეთში დაკავებულია პრეზიდენტის დაცვის წევრი, რომელიც ეჭვმიტანილია სამი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობაში

____________________________________________________________________________________________

ამ დღეს, უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციის სხდომა უნდა გამართულიყო, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო ოპოზიციის სარჩელზე. თუმცა, ოპოზიცია ერთ-ერთი მოსამართლის, რომან კვარჩიას აცილებას ითხოვდა. მისი კანდიდატურა პრეზიდენტის მიერ იყო წარდგენილი და გაერთიანებული ოპოზიცია მას დაინტერესებულ პირად მიიჩნევდა.

ამიტომ, ოპოზიციის ათასზე მეტმა მხარდამჭერმა ჯერ ალყა შემოარტყა აფხაზეთის პრეზიდენტის სასახლეს, შემდეგ კი კარი შეამტვრიეს და შიგნით შეიჭრნენ. ოპოზიციურმა პარტია „აიტაირამ“ (ლიდერი – გავლენიანი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ექს-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი) პრეზიდენტს სიტუაციის განსამუხტავად თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

უზენაესი სასამართლო იმავე დღეს დათანხმდა მოსამართლის შეცვლის მოთხოვნას. ახლა, ორი თვის განმავლობაში, საკასაციო ინსტანციის ახალი შემადგენლობის ფორმირება უნდა მოხდეს, რის შემდეგაც, ახლიდან განიხილავენ ოპოზიციის სარჩელს საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებასა და ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

თუმცა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, არ გაათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა მანამ, სანამ რაულ ხაჯიმბა გადადგომის შესახებ არ გააკეთებს განცხადებას. ასევე, აქციის მონაწილეები უარს ამბობენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებაზე.

პრეზიდენტი სხვა რეზიდენციაში იმყოფება, რომელიც ცნობილია, როგორც „სამთავრობო აგარაკი“. პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფთან გამართული წინასწარი მოლაპარაკებებისას, მან უარი განაცხადა თანამდებობიდან გადადგომაზე.

_____________________________________________

აფხაზეთში შექმნილი კრიზისის ფონზე, ყველა იხსენებს 2014 წლის 27 მაისის ანალოგიურ მოვლენებს. იმ დღეს, მრავალათასიანი მიტინგის ზეწოლის შედეგად, რომელიც საპრეზიდენტო სასახლეზე შტურმში გადაიზარდა, მაშინდელი პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი იძულებული გახდა თავდაპირველად გუდაუთაში, რუსულ სამხედრო ბაზაზე დამალულიყო, ოთხი დღის შემდეგ კი ოფიციალურად წასულიყო თანამდებობიდან.

2014 წელს, მაინც გადატრიალება მოხდა აფხაზეთში?                                                               

ახლანდელი სიტუაციის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იმ აბუნტებული ოპოზიციის ლიდერი, სწორედ აფხაზეთის ახლანდელი პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა იყო. დღევანდელი ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი კი, მაშინდელი პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბია. 

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ