სამხრეთი ოსეთის ათასობით მოსახლე შესაძლოა ჯაშუშთა სიაში აღმოჩნდეს " />

ქართველი ჯაშუშები სამხრეთ ოსეთში

 სამხრეთი ოსეთის ათასობით მოსახლე შესაძლოა ჯაშუშთა სიაში აღმოჩნდეს 

სამხრეთი ოსეთის პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელმაც უკმაყოფილება არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ თავად პარლამენტარებშიც გამოიწვია.კანონპროექტის სათაურია”საქართველოს სადაზვერვო ორგანოებთან, უშიშროების სტრუქტურებთან და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ”.

მათ, ვისაც დამნაშავედ ცნობენ, 50 ათასი რუბლის [დაახლოებით 800$] ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელს მათთვის, ვინც ქართულ მხარეს, ნებით ან უნებლიეთ, გადასცემს ისეთ ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავს, მაგრამ სამხრეთი ოსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. კანონპროექტი სამხრეთი ოსეთის მთავრობამ წარადგინა.

სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის საკონტროლო-იურიდიული სამმართველოს უფროსს, ზიტა ბესტაევას მიაჩნია, რომ ინიციატივა საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდგება.

„საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, მოაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუკი ეს ცნობები სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს და კანონით არ არის დაცული. გამოდის რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ჩემი აზრით მსგავს საკანონმდებლო ნორმას არსებობის უფლება არ აქვს“

ცხინვალში მცხოვრებმა სახელმწიფო მოხელემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნულ კანონპროექტს “მავნებლური” უწოდა.

“ეს კანონპროექტი მკაფიო ფორმულირებებს არ შეიცავს. ასეთი ბუნდოვანი კანონის მიღება, ჩემი აზრით, არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკებისთვის ისეთი ხრიკების საფუძვლად იქცევა, რაც სისტემისთვის მიუღებელი ნებისმიერი პირის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ.

მე, მაგალითად, მიკვირს, რომ როკის გვირაბის გადაღება არ შეიძლება, თუმცა იქ ყოველდღიურად ათასობით ვიდეორეგისტრატორიანი მანქანა გადის. შეიძლება ადამიანს ესაუბრებოდე და ვერც კი ხვდებოდე, რომ საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელს ელაპარაკები. რესპუბლიკის უსაფრთხოებაზე ლაპარაკისას რატომ ვგულისხმობთ მხოლოდ საქართველოს? გამოდის, რომ ასეთი ინფორმაციის ამერიკელებისთვის გადაცემა შეიძლება?

რადიოსადგურ “ეხო კავკაზას” ეთერში პოლიტოლოგმა ალან ჯუსოევმა ხელისუფლების ინიციატივა ასე შეაფასა:

“ამ კანონპროექტით რთულია იმის გარკვევა, თუ რა, სად, როდის და ვისთან შეიძლება თქვა. გარდა ამისა, საეჭვო ხდება ფაქტობრივად ნებისმიერი სასაუბრო თემა – კულინარიიდან ამინდის ჩათვლით. ბევრი ჩვენგანს ნათესავები ჰყავს საქართველოში და ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეები იქ ხშირად რეკავენ. ზოგიერთი საქართველოში სამკურნალოდ ჩადის.

ეს იმას ნიშნავს, რომ, სულ ცოტა, 2-3 ათასი მოზრდილი მოქალაქე ამ კანონის დამრღვევი აღმოჩნდება; ანუ ყოველი სატელეფონო საუბრისა და მკურნალობის მიზნით განხორციელებული ვიზიტის შემდეგ სამი ათასი ადამიანი ვალდებული იქნება, გადაიხადოს ჯარიმა 50 ათასი რუბლის ოდენობით. ამ პრინციპით, მთელი ლენინგორის რაიონი, ზნაურის რაიონის ნახევარი და ჯავის რაიონის ნაწილი უნდა დავაკავოთ – მოსაზღვრე ტერიტორიებს ვგულისხმობ.

“ეხო კავკაზას” იმავე გადაცემაში ანონიმმა ოსმა ექსპერტმა აღნიშნა:

“თუკი ასეთ კანონს მაინც მიიღებენ, მოქალაქეებს აუცილებლად უნდა აცნობონ, თუ ვინ არის საქართველოს დაზვერვის თანამშრომელი ან წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთში. ამისათვის უნდა გამოიცეს ქართული რეზიდენტურის კატალოგი, რომელზეც რესპუბლიკის ყველა მცხოვრებს მიუწვდება ხელი.”

კანონპროექტი სოციალურ ქსელებშიც ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულად შეაფასეს:

“ამ მუხლით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დააკავონ – ვინც საქართველოში სამკურნალოდ ჩადის, ან ნათესავებს სტუმრობს, ან ვინც საერთაშორისო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას – მათ შორის, ჟენევის შეხვედრებისა და ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების ჯგუფის სხდომათა მონაწილეები, პრობლემულ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები და ინტერნეტგამოცემები. ხელისუფლებისთვის მიუღებელ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეს მუხლი შეუფარდო, რომ გააჩუმო.”

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს

 


ასევე წაიკითხეთ