JAMnews-ის ფოტორეპორტაჟი ყოფილი სამხედრო ბაზისა და ოდესღაც მასთან კავშირში მყოფი ადამიანების შესახებ - ბაზის გაყვანიდან 11 წლის შემდეგ " />

ახალქალაქი: ცხოვრება რუსული ბაზის შემდეგ

JAMnews-ის ფოტორეპორტაჟი ყოფილი სამხედრო ბაზისა და ოდესღაც მასთან კავშირში მყოფი ადამიანების შესახებ - ბაზის გაყვანიდან 11 წლის შემდეგ

რუსეთის (ადრე კი სსრკ-ს) შეიარაღებული ძალების 62-ე სამხედრო ბაზა საქართველოს ქალაქ ახალქალაქიდან 2007 წლის ნოემბერში გავიდა. ახალქალაქის მოსახლეობა – ეთნიკური სომხები არიან. დაახლოებით 2 ათასი ადგილობრივი ადამიანი რუსულ ბაზაზე მსახურობდა ან მუშაობდა. ჯერ კიდევ 2005 წელს, როდესაც მიღწეულ იქნა სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებაში დაეხმარებოდა. კერძოდ, ხელისუფლება ამავე ადგილას ქართული სამხედრო ბაზის გახსნის გეგმას განიხილავდა.

თუმცა, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ბაზა არ გახსნილა. 2014 წელს ამ გეგმის განხორციელებას უკვე ახალი ხელისუფლება შეუდგა.

ყოფილი ბაზის შესასვლელთან არსებული ბანერი გვამცნობს, რომ აქ საქართველოს შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრი გაიხსნება. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საწყისი სამხედრო მომზადების ცენტრის საძირკველში კაფსულაც კი ჩადო. მან პირობა დადო, რომ ეს ცენტრი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის სამუშაო ადგილებს შექმნიდა, ადგილობრივი გლეხებისთვის კი – ბაზარს.

ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 2019 წლიდან ყველა ქართველმა ახალწვეულმა სამხედრო მომზადება ახალქალაქში უნდა გაიაროს. თუმცა, დღეისთვის აქ სამშენებლო სამუშაოების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია დასრულებული. აქ იმყოფება 22 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ობიექტს იცავენ. ყოფილი რუსული ბაზის ტერიტორიაზე დაგვყვებოდა ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც მშენებარე ობიქტების გადაღება კატეგორიულად აგვიკრძალეს.

სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ნაწილი პრივატიზებულია, თუმცა ბინების მხოლოდ მესამედია დაკავებული – დანარჩენი ბინების მფლობელები გაემგზავრნენ. სამხედრო ქალაქისა და ბაზის ტერიტორიაზე სიცარიელეა გამეფებული – ბევრი შენობა დაინგრა, დანარჩენი მალე დაინგრევა.

ყოფილ სამხედრო ქალაქში ბინების უმრავლესობა ცარიელია. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews 

სეირან ამაზარიანი 37 წლისაა. ის სპეციალობით იურისტია. უმაღლესი სასწავლებელი მოსკოვში დაამთავრა. ის სამხედრო დასახლებაში გაიზარდა და დღემდე იქ ცხოვრობს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მუშაობს. მისი ძმა ოჯახთან ერთად რუსეთში გადასახლდა და სეირანსაც მუდამ იქ უხმობს. მაგრამ მან, როგორც „უკანასკნელმა მოჰიკანმა“ ოჯახი აქ შექმნა და დაცარიელებული ქალაქის მიტოვება არ სურს.

სეირან ამაზარიანი. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

— ამ ქალაქის ბაღში დავდიოდი, სკოლაში. ეს ძალიან კარგი, სულ სხვა სამყარო იყო. სამხედრო დასახლებაში გაზრდილი ბავშვები უფრო განვითარებულები იყვნენ, ქალაქის დანარჩენი ბავშვებისგან განსხვავდებოდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლება რუსეთში უპრობლემოდ მივიღე, რადგან საფუძველი უკვე მქონდა, მხოლოდ კარგად სწავლა მომეთხოვებოდა.

— ახლა ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ეს ყველაფერი აღარ არსებობს, რაღაცნაირად შევეგუეთ. მამაჩემი სამედიცინო საწყობის უფროსი იყო. მე თუ ჩემი შვილებისთვის იმდენივეს გაკეთებას შევძლებ, რასაც მამაჩემი აკეთებდა, ეს სასწაული იქნება. კლასელებთან ინტერნეტით ურთიერთობას ვინარჩუნებ, მენატრებიან. ძირითადად ყველას ის აინტერესებს,  თუ როგორია ახლა ჩვენი სკოლა. სადღაა სკოლა? უკვე აღარ არსებობს, მისი კვალიც კი არ დარჩა.

— თავიდან მიჭირდა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც მომაჭრეს. ახლა ადაპტირებული ვარ. ბევრმა რუსეთის მოქალაქეობა და (საბინაო) სერტიფიკატები მიიღო და იძულებულები გახდნენ, რომ გამგზავრებულიყვნენ. რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ბინები იყიდეს, იქაურობას მიეჩვივნენ და დარჩნენ. ბევრი არ დაბრუნებულა. კარგ ცხოვრებას არავინ გაურბის.

 — ახლა სასწავლო ცენტრს აშენებენ. ვფიქრობ, რომ ეს ცუდი არ არის, სამოქალაქო მუშაკები მაინც იქნებიან სამსახურით უზრუნველყოფილები. რაღაც გამოცოცხლება დაისადგურებს, მაღაზიები ამუშავდება, 200-300 ადამიანი თუ ჩამოვა, ქალაქი „სუნთქვას“ დაიწყებს.

 

სამხედრო დასახლებაში მდებარე ამ სახლის მეორე სართულზე გაიარა სეირან ამაზარიანის ბავშვობამ.  ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

 

78 წლის გიარი გვთხოვს მისი გვარი არ დავასახელოთ და მხოლოდ კედელზე გაკრული მისი ფოტო გადავიღოთ: ნახეთ, ახალგაზრდობაში რა ლამაზი ვიყავი… დაე, ადამიანებმა ჩემი კედლის ფოტოთი გამიცნონ“.

გოარის ახალგაზრდობისა და მისი შვილიშვილის ფოტოები მისი ბინის კედელზე. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

— როდესაც აქ ბაზა იყო, ვმუშაობდით და ყველაფერი კარგად მიდიოდა.  მე სამრეცხაო საწყობის უფროსი ვიყავი, შემდეგ პენსიაზე გავედი. ორ წელიწადში კუჭის პრობლემები დამეწყო, და ბაზასთან არსებულ საავადმყოფოში ოპერაცია გამიკეთეს. ექიმებიც იყვნენ, საავადმყოფოც იყო, და ყველაფერი. ახლა იძულებულები ვართ ქალაქში ვიაროთ, ტაქსიში სამ ლარს(1,2 დოლარი) ვიხდით. მე ასეთი ცხოვრება არ მომწონს, მაგრამ რა შემიძლია გავაკეთო? რუსული ბაზის პერიოდში დილის 8 საათიდან ქუჩებში ცხოვრება დუღდა, ადამიანები სამსახურში მიიჩქაროდნენ. ირგვლივ სისუფთავე სუფევდა. სამხედროები წესრიგს ინარჩუნებდნენ, ყოველ დილით გვიდნენ, ალაგებდნენ, ახლა კი? ნაგავში დავაბიჯებთ.

— 30 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და 30 წელიწადს დავდიოდი საგზურით დასასვენებლად. რუსები შვებულების დროს თავიანთ სამშობლოში მიემგზავრებოდნენ, ჩვენთან მომუშავე ქალები სანატორიუმებში დასვენებას ერიდებოდნენ, საგზურებს მე მაძლევდნენ და მივემგზავრებოდი. სხვადსხვა ქალაქში ვისვენებდი და ამიტომაც იყო ჩემი ცხოვრება ასეთი კარგი. ახლა კი აღარავის ვახსოვარ. დახმარებას 60 ლარს (დაახლოებით 25 დოლარი) მიხდიან, და დღეში ლამის ხუთჯერ მოდიან შესამოწმებლად. დღეს ჩამოაჭრიან, ხვალ მოგვცემენ. საშინელებაა.

საცხოვრებელი სახლი ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

ტირუნ კურგინიანის ექვსი სულსიგან შემდგარმა ოჯახმა  რუსეთში სერთიფიკატით ბინა მიიღო, მაგრამ ისევ დასახლებაში აგრძელებენ ცხოვრებას. თავიდან გაემგზავრნენ, მაგრამ სხვა გარემოს ვერ მოერგნენ და უკან დაბრუნდნენ

ტირუნ კურგანიანი შვილიშვილთან ერთად. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

 — ჩემი ქმარი სამხედრო მოსამსახურე იყო, უმცროსი ოფიცერი. მე კი ჰოსპიტალში უმცროს მედდად ვმუშაობდი. ნორმალურ ხელფასს ვიღებდი, ბავშვები პატარები იყვნენ. ახლა ჩემი ვაჟი უკვე დიდია და ახლაც ვმუშაობთ, მაგრამ თავი მაინც გაჭირვებით გაგვაქვს. არ გვყოფნის, რადგან ყველა ჩვენგანს ბანკთან პრობლემა აქვს. მე კოსმეტიკით ვვაჭრობ. ჩემი ქმარი პენსიას რუსეთიდან იღებს.

— როდესაც ბაზა გაჰყავდათ, ამბობდნენ, გვპირდებოდნენ, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ უკვე 11 წელიწადი გავიდა, და ყველაფერი მხოლოდ გაუარესდა. არ არის სამუშაო ადგილები, მე შემიძლია და მინდა კიდეც (მედდად) მუშაობა, მაგრამ ის საავადმყოფო აღარ არსებობს. ჩემი ვაჟი სამუშაოდ რუსეთში დადის, და ამით ვცხოვრობთ.

ბავშვები სამხედრო დასახლების ახალ სპორტულ მოედანზე.  ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

ყოფილი ოფიცერთა სახლის მიტოვებული შენობა ახალქალაქის სამხედრო დასახლებაში. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკა ოფიცერთა სახლის მიტოვებულ შენობაში ისევ შენარჩუნებულია. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

ოფიცერთა სახლის მიტოვებული შენობის სააქტო დარბაზი. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

წითელი ვარსკვლავი  ყოფილი სამხედრო ბაზის კარიბჭეზე. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი ,  JAMnews

საფეხმავლო ხიდი, რომელიც ყოფილ სამხედრო ბაზას ქალაქთან აკავშირებს. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი , JAMnews

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ