მმართველი გუნდი ცვლილებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობით ხსნის. პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ეს რეფორმა ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება " />

უკან სსრკ-ში. საქართველოს შვიდ ქალაქს თვითმართველის სტატუსს ჩამოართმევენ

მმართველი გუნდი ცვლილებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობით ხსნის. პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ეს რეფორმა ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება

ზუგდიდი.  ფოტო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ვებ-გვერდიდან

საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ერთხმად აკრიტიკებს თვითმართველობის მოსალოდნელ რეფორმას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შვიდ ქალაქს თვითმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმდება.

“ეს უკან, წარსულში გადადგმული ნაბიჯია,” – აცხადებენ ექსპერტები.

თუ ცვლილება, რომლის ინიციატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, ძალაში შევა ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი თვითმართველი ქალაქების სტატუსს დაკარგავენ.

ეს სტატუსი ამ ქალაქის მცხოვრებლებს აძლევს უფლებას, თავად აირჩიონ მერი. ადგილობრივ ხელისუფლებას კი, შეუძლია ბიუჯეტის დამოუკიდებლად ფორმირება და განკარგვა, ასევე უფლება აქვს საკუთარი მოსაკრებლები და გადასახადები შემოიღოს.

ახლა მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” ცდილობს შეცვალოს წესი, რომელიც 2014 წელს თავად შემოიღო. 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე საქართველოს რამდენიმე ქალაქის მოსახლეობამ პირველად აირჩია მერი და გამგებლები (რაიონის/სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები). ეს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2012 წელს, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ივანიშვილის კოალიცია მკაცრად აკრიტიკებდა სააკაშვილის ხელისუფლებას სუსტი თვითმართველობის გამო და პირობას დებდა, რომ რეგიონებს მეტ თავისუფლებას მისცემდა.

დღეს საქართველოში 12 თვითმართველი ქალაქია. თუ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული რეფორმა ძალაში შევა, დარჩება ხუთი (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი).

როგორც ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს რეფორმაც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. 2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში თვითმართველობის არჩევნებია. თუ საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებების მიღება 2017 წლის შემოდგომამდე მოასწრო, მაშინ არჩევნები უკვე ახალი წესით ჩატარდება.

ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ასეთია: მას შემდეგ რაც ქალაქებს თვითმართველი სტატუსი მიენიჭათ,  მნიშვნელოვნად გაიზარდა  ადმინისტრაციული ხარჯები, რაც ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აქევს.

სანაცვლოდ კი, ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, არ გაზრდილა შემოსავლები, შემცირდა ხარჯების ეფექტურობა, არ გაუმჯობესებულა ადგილზე მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

2017 წლის ბიუჯეტის თანახმად, შვიდი თვითმართველი ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებისთვის 10 მილიონი ლარია (4 მილიონი გოლარზე მეტი) გამოყოფილი.

რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ხარჯების შემცირება მუნიციპალიტეტების ფინანსურ მდგომარეობაზე და დამოუკიდებლობაზე არ აისახება და პირიქით, ეს ფული მათ უფრო ეფექტიანად მოხმარდება.

რეგიონული განვითარების სამინისტრომ უკვე მიმართა ინიციატივით აღნიშნული ქალაქების საკრებულოებს (ადგილობრივი სათათბირო ორგანოები), რათა მათ საკუთარი ქალაქების თვითმართველობების გაუქმებას დაუჭირონ მხარი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ზეწოლას ახდებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე, რათა მათ სამთავრობო ინიციატივას დაუჭირონ მხარი.

“ორი-სამი დღის წინ გამოვიდა ინფორმაცია ადგილებიდან, რომ თბილისში დაიბარეს საკრებულოს წევრები და მისცეს დავალება, რომ ერთხმად დაეჭირათ მხარი ამ ინიციატივისათვის,” – ამბობს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი.

გასულ კვირას 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციაომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ  “მთავრობის ინიციატივა, რომელიც საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე მომზადდა კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს”.

სამთავრობო ინიციატივის განხილვა უკვე დაიწყო ადგილებზე. მაგალითად, ოზურგეთის და ფოთის საკრებულოს წევრებმა უკვე დაუჭირეს მხარი საკუთარი ქალაქისთვის თვითმართველი სტატუსის ჩამორთმევას.

ეს პროცესი რეგიონებში ხმაურიანად მიმდინარეობს. მაგალითად, ოზურგეთის საკრებულოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს იმის ნიშნად, რომ საქართველოში თვითმართველობა მოკვდა.

ცვლილებების წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

მისი თქმით, უნდობლობა, რომელსაც ცენტრი იჩენს საკუთარი მოქალაქების მიმართ, გაუმართლებელია.

“რატომ ვაუქმებთ თვითმართველობას? იმიტომ რომ ეს იაფი დაგვიჯდება? არა, ეს ჩვენ უფრო ძვირი დაგვიჯდება. როდესაც შენ მართავ ქვეყანას ცენტრიდან, არის შანსი, რომ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცვლილებებს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ექსპერტების დიდი ნაწილი და ასევე ოპოზიცია.

ექსპერტი ადგილობრივი თვითმართველობის საკითხებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლევან ალაფიშვილი თამამი ინიციატივით გამოდის. ის მიმართავს პრეზიდენტს, დაინიშნოს თვითმართველობის არჩევნები ვადაზე ადრე, რომ მმართველმა გუნდმა ვერ მოასწროს ინიციატივის კანონად ქცევა.

“სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი და უკანასკნელი საშუალება, რომ შეჩერდეს ეს მავნე პროცესი, დემოკრატიის გაუარესების პროცესი საქართველოში,” – აცხადებს ალაფიშვილი.


ასევე წაიკითხეთ