გამოკითხულთა ნახევარზე მეტი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა " />

სოციოლოგიური კვლევა: საქართველოში უმრავლესობას სჯერა, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა

ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველო“ ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობას ეხება, ასევე  მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ, განწყობას პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, რელიგიის, განათლების, შრომით უფლებების მიმართ.

როგორც კვლევამ აჩვენა, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისულებაში კორუფციაა, არ სჯერა პოლიტიკური პარტიების და ყველაზე მეტად კვლავაც პატრიარქს ენდობა.

გამოკითხვა 2018 წლის 16-27 ნოემბერს ჩატარდა. თბილისსა და რეგიონებში 1786 რესპონდენტი გამოიკითხა.

• საქართველოში ეკლესიას უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე პარლამენტს, სასამართლოს და პრემიერს ერთად აღებულს

• როგორ გავზომოთ კორუფცია

ელიტური კორუფცია

საქართველოს მოსახლეობის 68,8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლობის მიზნით იღებენ. 59% კი თვლის, რომ ჩინოვნიკები ბიზნესს თანხის სანაცვლოდ მფარველობენ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების გავლენიანი მაღალჩინოსნები ძალაუფლებას უკანონო შემოსავლების დაფარვისთვის იყენებენ.

მოსახლეობის 77% -ის აზრით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მთავრობაში საქმიანობის პარალელურად საკუთარი ბიზნესიც აქვთ. 41%-ის ამ საკითხს პრობლემად მიიჩნევს.

ამავე კვლევის თანახმად, ჯამში მოსახლეობის 62% ფიქრობს, რომ თუ დიდი ბიზნესკორპორაცია ოპოზიციას დააფინანსებს, მაშინ მას ხელისუფლება პრობლემებს შეუქმნის.

განათლება

გამოკითხულთა 80,1% თვლის, რომ კარგი განათლების მისაღებად კარგი ფინანსური მდგომარეობა აუცილებელია. დაახლოებით იგივე რაოდენობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ კარგი განათლების მისაღებად საჭიროა ნიჭი.

საქართველოს მოსახლეობის 31%-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, დაახლოებით 37%-ის განათლების ყველაზე მაღალი საფეხური კი საშუალო განათლებაა.

გამოკითხვის შედეგები ასევე აჩვენებს რეგიონულ უთანასწორობას უმაღლესი განათლების მხრივ: რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 24% ფლობს უმაღლესი განათლების დიპლომს მაშინ, როდესაც თბილისში ეს მაჩვენებელი 50,2%-ია.

კითხვაზე, დასაქმების ვის უფრო მეტი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით, თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით, დაახლოებით 69% პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს.

ჯანდაცვა

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი, ხოლო 40,6% უფრო უკმაყოფილოა, ვიდრე კმაყოფილი. 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, 11%-ს კი კერძო დაზღვევა აქვს.

მოსახლეობის უმეტესობა მედიკამენტებზე თვის განმავლობაში დაახლოებით 50 ლარს ხარჯავს. ყველაზე ხშირად კონსულტაციისთვის კი ოჯახის ექიმს მიმართავენ.

შრომა

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სამუშაო ადგილზე შრომის უფლების ყველაზე ხშირი დარღვევაა არასათანადო ანაზღაურება, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და სამუშაო საათების ნორმების დარღვევა.

გამოკითხულთა დაახლოებით 17% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალური შევიწროება. შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში სასამართლოს დახმარების იმედი იშვიათად აქვთ.

განწყობა პოლიტიკური პარტიების მიმართ

გამოკითხულთა 55,2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. ამასთან მოსახლეობის 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა.

კითხვაზე ხმის მიცემისას პროგრამა უფრო მნიშვნელოვანია თუ ლიდერების ვინაობა, მოსახლეობის უმეტესობა მეორეს ასახელებს.

60,7% მიიჩნევს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე ქალს. 52% კი თვლის, რომ პოლიტიკაში ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან.

განწყობა რელიგიური გაერთიანებების მიმართ

გამოკითხულთა 82,5% მართლმადიდებელია. მართლმადიდებლური ეკლესიის შემდეგ ყველაზე მეტი აღმსარებელი სომხურ სამოციქულო ეკლესიასა (5,9%) და სუნიტურ ისლამს (3,4%) ჰყავს.

საკუთარ რელიგიურობას მოქალაქეები შემდეგი ფრაზებით ხსნიან: ,,ეკლესია უსმენს ჩემნაირ ადამიანებს“, ,,ეკლესიაში ვხვდები ჩემნაირ ადამიანებს“, ,,ეკლესიაში დაცულად ვგრძნობ თავს“, ,,ეკლესია გასაჭირის დროს მიდგას გვერდით“, ,,მუდმივად ცვალებად სამყაროში ეკლესია ერთადერთი უცვლელი და მყარი დასაყრდენია.“

მოსახლეობის 66% სრულად ენდობა პატრიარქს, თუმცა დაბალია საპატრიარქოს მიმართ ნდობა.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ