ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის ყველა მომუშავე მოქალაქეს ხელფასიდან ხაზინაში 6%-ის გადახდას სთავაზობს" />

სომხეთში “ჯანმრთელობის გადასახადის” შემოღებას აპირებენ

ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის ყველა მომუშავე მოქალაქეს ხელფასიდან ხაზინაში 6%-ის გადახდას სთავაზობს

არსენ ტოროსიანი, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანმრთელობის გადასახადი

ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის ყველა მომუშავე მოქალაქისთვის სავალდებულო, ახალი – სამედიცინო გადასახადის დაწესებას სთავაზობს.

მისი კონცეფცია ისაა, რომ სამედიცინო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვის ადამიანებს ყოველთვიურად ხელფასიდან, მისი ზომის მიუხედავად, 4-დან 6 პროცენტამდე დაკავებას სთავაზობს. პროექტის დაწვრილებით გაცნობისა და აზრის გამოთქმის ყველა მსურველს  ელექტრონულ პლატფორმაზე შესვლა შეუძლია e-draft .

28 ნოემბრის დილისთვის რესპონდენტების 70%-მა ახალი კანონპროექტის მიღების საწინააღმდეგოდ ონლაინ  მისცა ხმა.

უნივერსალური სამედიცინო დაზღვევის ახალი გადასახადის შემოღებას 2022 წლიდან ვარაუდობენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ქვეყნის მთავრობა, პარლამენტი და მოქალაქეები ამ წინადადებაზე შეთანხმდებიან.

იმის გათვალისწინებით, თუ უკვე როგორი უკმაყოფილების ტალღის წარმოშვა საზოგადოებაში „ჯანმრთელობის გადასახადმა“, მთავრობასა და პარლამენტში მისი განხილვა  მარტივად ასევე არ ჩაივლის. კერძოდ, ნეგატიური რეაქცია იმან გამოიწვია, რომ ახალი გადასახადის შემოღებას სწორედ ის „რევოლუციური“ მთავრობა სთავაზობს, რომელიც თავის დროზე მისი პროცენტის დაწევის დაპირებას იძლეოდა.

რატომ ებრძვიან სომხეთში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულ კონვენციას? ყველა მითი და სიმართლე

სომხეთში 18 წლამდე ბავშვებს უფასოდ უმკურნალებენ

რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა 26 ნოემბერს – საზოგადოების მკვეთრი პროტესტის პასუხად,  Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ეთერით გადაწყვიტა განემარტა, თუ რით ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტრო ახალი კანონის შემუშავებისას:

 „ამ წინადადებას საფუძვლად უდევს როგორც სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთელი ისტორიის, ისე მსოფლიოს საუკეთესო  გამოცდილება, ასევე ის სინამდვილე, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ“.

მინისტრის თქმით, სომხეთში ადამიანებისთვის ავად გახდომა – კატასტროფაა, რადგან როდესაც ადამიანი საავადმყოფოში ხვდება, ის სესხს იღებს, ანდა უსახლკაროდ და უმანქანოდ რჩება.

არსენ ტოროსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მოქალაქეების 85% მკურნალობის ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან ფარავს. ხოლო მოსახლეობის შემოსავლის გათვალისწინებით, „ ეს ხარჯები ჩვენი მოქალაქეების გაღარიბებას იწვევს“.

სამინისტროში დამატებით გადასახადის შემოღება – ყველასთვის, ანუ ქვეყნის თითქმის სამმილიონიანი მოსახლეობისთვის  ჯანდაცვის უფრო მეტად ხელმისაწვდომობის მიზნით გადაწყვიტეს.

სამინისტროს გამოთვლებით, საამისოდ დამატებით 250 მილიონი დრამია ($525 მილიონი) საჭირო, ბიუჯეტიდან კი მხოლოდ 109 მილიარდი დრამია ($228 მილიონი) გამოყოფილი. ახალმა გადასახადმა ეს დეფიციტი უნდა შეავსოს.

მინისტრის თქმით, ეს პროექტი სოციალური პრობლემის გადაწყვეტისკენაა მოწოდებული, ის სომხეთს იმ საზოგადოებად ქცევის საშუალებას მისცემს, სადაც მომუშავეები უმუშევრების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ:

 „უმუშევარი მოქალაქე – ეს არის თქვენი ცოლი, შესაძლოა, თქვენი არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ჯერ არ მუშაობენ, თქვენი მშობლები, რომლებიც მუშაობდნენ, პენსიაზე გავიდნენ, მაგრამ არავითარი სახელმწიფო გარანტიები არ გააჩნიათ, თქვენი ის ნათესავები, რომლებიც, შესაძლოა, ხშირად ფულს სესხულობენ თქვენგან, თუმცა მოცემულ მომენტში სამუშაო არ აქვთ. ანუ ეს  ყველა ჩვენგანია. ჩვენ ამ ფულს ვინმე უცხო ადამიანებისთვის არ ვიხდით“.

მისი თქმით, თუკი 2020-2022 წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად 10-20 მილიარდი დრამით ($20-40 მილიონი) გაიზრდება, მაშინ 2022 წელს შესაძლებელი იქნება ხელფასიდან 4%-ის ოდენობის გადასახადის დაწესება.

 „მაგრამ, ის, რომ სომხეთს დამატებითი სახსრების მოზიდვა მოუწევს, ეს გარდაუვალია“, – აღნიშნა ტოროსიანმა.

პროექტის დასაბუთებაში ნათქვამია:

 „წინასწარი გამოთვლებით, მომუშავე მოსახლეობის 41%-ზე მეტისთვის (რომლებიც ყოველთვიურად 150 000 დრამს [$315] და მეტს იღებენ) ახალი გადასახადი დამატებით ტვირთად არ იქცევა. დანარჩენი 59%-ისთვის  კი, გადასახადის შემოღება საშემოსავლო გადასახადის გათანაბრების შედეგად, მისი საპროცენტო განაკვეთის შემცირებით რბილდება“.

მოსაზრებები

ახალი გადასახადის წინააღმდეგ უკვე აზრი გამოთქვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „გადასახადის გადამხდელთა დაცვა“ თავმჯდომარემ პალაიკ ტადევოსიანმა.  მან Facebook -ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

 „პრემიერი ირწმუნება, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის საპროცენტო განაკვეთის შეცვლის (შემცირების) შედეგად მოსახლეობის შემოსავალი გაიზრდება, არსენ ტოროსიანი კი  [ჯანდაცვის მინისტრი],ამის სანაცვლოდ, გადასახადის ახალ სახეობას გვთავაზობს“.

საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა ასევე ეკონომისტმა ედუარდ ბადალიანმა.

მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვაზე 6-პროცენტიანი გადასახადი საზოგადოებას დამატებით ტვირთად დააწვება:

 „წარმოიდგინეთ, თუკი ადამიანი 500 ათასი დრამის [$1048] ოდენობის ხელფასს იღებს, მაშინ ამის 6%  30 ათას დრამს[$62] შეადგენს, წლიური განაკვეთით კი – 360 ათას დრამს [$755]. ხოლო დღეს მოქმედი სადაზღვევო ფასების მიხედვით, ჯანდაცვის დაზღვევა 90-120 ათას დრამს [$188-250] შეადგენს. გარდა ამისა, რამდენადაც ვხვდები, მომუშავე ადამიანებისთვის ეს სავალდებულო გადასახადი იქნება, და მთელი ჯანდაცვის ხარჯების დაფარვა ამის ხარჯზე იგეგმება. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დააზღვევენ ყველას, რაშიც ფულს მხოლოდ მომუშავე ადამიანები გადაიხდიან“

ექსპერტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მთავარ მიზანს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა წარმოადგენდა, ჯობდა, ცოტა კიდევ მოეცადათ:

 „ვფიქრობ, ამ მიდგომის გამოყენების დრო ჯერ არ არის. თუკი სახელმწიფოს აზრით, დადგა დრო, რომ რაიმე გადაწყვეტილებით ყველასთვის უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოხდეს, მაშინ ეს ამ ეტაპზე, მინიმუმ, მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა განხორციელდეს.

ბოლოს და ბოლოს, პრემიერი აცხადებს, რომ ბიუჯეტში შენატანების მნიშვნელოვანი ზრდა  გვაქვს, ფულის პრობლემა არ არის. თუკი ბევრი ფულია, მაშინ ადამიანებს ზედმეტი ტვირთი რაღატომ უნდა ავკიდოთ, და რატომ უნდა იყოს ეს მაინცდამაინც 6%?“.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

ახალი გადასახადი სოციალურ ქსელ Facebook-ის სომხურ სეგმენტში ყველაზე მეტად სამსჯელო თემაა.

აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:

 „მოცემულ მომენტში მრავალი ისეთი სფერო გვაქვს, რაც გადასახადებისგან თავისუფალია: კერძო ტაქსისტები, ოჯახური ბიზნესი. და მინისტრს რა ჰგონია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც საგადასახადო ველზე მუშაობენ, და გადასახადებს იხდიან, ყველას სამედიცინო დაზღვევა უნდა უზრუნველყონ? საგადასახადო ველზე მომუშავეები სახელმწიფოს მონები არ არიან“;

 „მრავალი პრობლემის მიუხედავად, რაც ჯანდაცვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს, და ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, ეს ძალიან მისაღები მოდელი იქნება ყველა მათგანისთვის, ვინც ჯერ კიდევ არ მუშაობს ან პენსიაზე გავიდა, და ერთ-ერთი ჩვენგანია“;

 „ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის სისტემით ვსარგებლობ, და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს უფრო იაფია, ვიდრე ის, რასაც მინისტრი გვთავაზობს, და უფრო მეტ სფეროს მოიცავს“;

„ბატონო ჯანდაცვის მინისტრო, თუნდაც თქვენს მიერ დაკავებული თანამდებობის გამო, ასეთი ცინიკური არ უნდა იყოთ. თქვენი ინიციატივა ვერ გავა. მინდა, იმ დეპუტატებს შევხედო, ვინც ამ ინიციატივას ხმას მისცემს“.

 „იმის ნაცვლად, რომ ექიმებს ხელფასები მოუმატოს, ყველანაირი სისულელით არის დაკავებული“;

 „მე ეს სიახლე ძალიან სამართლიანად მიმაჩნია!“;

 „ამ  ინიციატივის საკუთარ ძალებში უსაფუძვლო რწმენად ან უბრალო სისულელედ შეფასებაც რომ შეიძლებოდეს,  e-draft – კენჭისყრა უკვე აშკარა თაღლითობაა, რისთვისაც სახელმწიფო მოხელე მკაცრად უნდა დაისაჯოს. თუკი ამის შემდეგ მის მიმართ მოთმინებას გამოიჩენენ, შესაძლოა, პერსპექტივაში არჩევნების ფალსიფიცირებასაც ველოდოთ“.


ასევე წაიკითხეთ