"ახლა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ აქაურები დავასაქმოთ და სოფელში შევაკავოთ"" />

სომხეთი: საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება

"ახლა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ აქაურები დავასაქმოთ და სოფელში შევაკავოთ"

სოფლის უფროსი თაობის მაცხოვრებლები ზამთრის  ძუნწ მზეს ეფიცხებიან და აქეთურზე, იქეთურზე, მსოფლიოსა და ქვეყნის ამბებზე ბაასობენ.

“ოთხი ვაჟი მყავს – სამი რუსეთშია, ერთი სოფელში დარჩა. ვცხოვრობთ ასე ჩვენთვის. აი, პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, ვნახოთ, რა გველის. იქნებ რამე მაინც გააკეთონ ამ ქვეყნისთვის, რომ ცოტა უკეთ ვიცხოვროთ, თორემ უკვე დავიღალეთ”, – ამბობს ლუსაძორის მკვიდრი, რვა შვილიშვილის ბაბუა, 70 წლის რაზმიკ აივაზიანი.   

სოფელში სიჩუმე და სიწყნარეა, მხოლოდ რამდენიმე ბავშვი ბრუნდება სკოლიდან. ქალები კარალიოკებს კრეფენ. ეს ხილი ლუსაძორისთვის მხოლოდ სიმბოლო კი არ არის, არამედ – სოფლის მცხოვრებთა ძირითადი საარსებო საშუალებაც.

 

 

სოფლის სკოლის ბიბლიოთეკარი ლილიტ პაპაიანი ამბობს, რომ სამამულო ნაკვეთიდან ოჯახი 500 კგ მოსავალს იღებს, რომელსაც ძირითადად კომბოსტოზე, კარტოფილსა და ყველზე ცვლიან გეგარკუნიკის რაიონის სოფლებში: “კარალიოკი 200-250 დრამი ღირს, კარტოფილი 100.  ჩვენ სამი/ერთთან შეფარდებით ვცვლით, და რაღაცნაირად  ვაგვარებთ ზამთრის მარაგის საკითხს. და კიდევ გადამყიდველებიც ჩამოდიან ხოლმე ხილის იაფად შესაძენად”.

ლუსაძორში, რომელიც ერევნიდან 143 კმ-ში მდებარეობს, და სომეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან 17 კმ-ში, 600 ადამიანი ცხოვრობს. ბოლო წლებში ბევრი წავიდა, დემოგრაფიული სურათი შეიცვალა, და ეს აშკარად  დაეტყო სოფლის სკოლას.

არმენ სარდარიანი, რომელიც, 21 წელიწადია, სკოლის დირექტორია, ამბობს, რომ კარგ დროში მათ 120 მოსწავლე ჰყავდათ, დღეს კი მხოლოდ – 32 ჰყავთ. “თავიდან ყოველწლიურად ორი ბავშვი აკლდებოდათ, მერე კი მოსწავლეების რაოდენობა უკვე ათობით მცირდებოდა. პირველ კლასში ორი მოსწავლე გვყავს. გაკვეთილები დაკომპლექტებულ კლასებში ტარდება, რადგან ძალიან ცოტა მოსწავლეა.”

 

 

ლუსაძორის მამასახლისი ვარდან სარდარიანი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოფელში მეურნეობების რაოდენობა 20-ით შემცირდა. ხოლო გაზაფხულის დასაწყისში 40 კაცი აპირებს შემოსავლის საძებნელად  გამგზავრებას.

“ჩვენ ახლა სხვადსახვა პროგრამას ვახორციელებთ, სამუშაო ადგილებს ვქმნით, რომ ახალგაზრდები სოფელში შევაკავოთ. თორემ მალე კრახის პირას აღმოვჩნდებით, შთამომავლობის გამგრძელებლები ხომ გვინდა”, – ამბობს სოფლის მამასახლისი და სიამაყით აღნიშნავს, რომ უკვე ორი წელიწადია, რაც მათთან რძის ქარხანა “ეკო ტავუში”ამუშავდა, რომელიც ყველსა და კარაქსაც აწარმოებს.  

2012 წელს საფრანგეთის პროვინციია ო-დე-სენ-იდან და საფრანგეთის სრულიად სომხური ფონდიდან შემოსული ინვესტიციების  წყალობით, შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა “იმნა ტავუში”, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით გაიხსნა “ეკო ტავუში”. აქ ფრანგული ტექნოლოგიებით სომხური ყველის 10 სორტი მზადდება.  პროგრამის ფარგლებში ლუსაძორში მესაქონლეობის ფერმაც ამუშავდა, ასევე, ტავუშის 7 საზღვრისპირა სოფელში ამოქმედდა შვიდი მინი ფერმა. ყველა მათგანი კოოპერატივების პრინციპით მუშაობს.

 

 

“ჩვენი მთავარი მიზანია – საზღვრისპირა სოფლებში სოფლის მეურნეობის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, რაც რაიონის მაცხოვრებლებს თავიანთ სოფლებში შეაკავებს”, – ამბობს “ეკო ტავუშის” დირექტორი ასმიკ გევორგიანი.

ფერმაში დღეს 98 ძროხაა, და კიდევ 20-20 სული საქონელი თითოეულ კოოპერატივში. განსაკუთრებული, ჯერსეს ჯიშის ძროხები, რომლების რძე მაღალი ცხიმიანობით გამოირჩევა, სომხეთში დანიიდან ჩამოიყვანეს. ავსტრიიდან კი ჩამოიყვანეს სიმენტალის ჯიშის ძროხები, რომლებიც ორჯერ მეტ ხორცს იძლევიან, ვიდრე სხვა ჯიშები. საქონელი უზრუნველყოფილია განსაკუთრებული მოვლით, ხოლო საწველ ნაგებობაში მათთვის სულ უკრავს კლასიკური მუსიკა.

“იმნა ტავუშის” კოოპერატივების კოორდინატორი, ვეტერინარი ამაიაკ ნაზარიანი მიიჩნევს, რომ ამგვარი კოოპერატივების რაოდენობის გაზრდა რეგიონში ეკონომიკურ სიტუაციას შეცვლის: “”ეკო-ტავუშში” დღეს რაიონის 5 სოფლიდან 16 ადამიანი მუშაობს. 7 კოოპერატივიდან თითოეულში 5-6 ოჯახი მონაწილეობს. ვფიქრობ, ეს ცუდი შედეგი არ არის. მინიმალური ხელფასი 150 ათას დრამია($315), მაქსიმალური 300 ათასი(630$). სხვათა შორის მწვანილებდამატებული ყველი უკვე გავიდა ადგილობრივ ბაზარზე”.  

ფერმა ყოველდღიურად ამარაგებს რძით ლუსაძორის საბავშვო ბაღს. სულ მალე რძეს მეზობელი სოფლის, ხაშტარაკის სბავშვო ბაღსაც მიაწვდიან.

“პროდუქციის ნაწილის მოსახლეობის გარკვეული ფენებისთვის მიწოდება ჩვენი კომპანიის პოლიტიკის სოციალურ პასუხისმგებლობაში შედის. დროდადრო ჩვენ ყველით ვამარაგებთ საბავშვო სახლებს და სასაზღვრო საჯარისო ნაწილებს”, – ამბობს ასმიკ გევორქიანი.

სოფლის მამასახლისის თქმით, წელს სოფელში თმბაქოს წარმოებაც დაიწყეს 20 ჰექტარის ფართობზე: “ამ სამუშაოებში სოფლის ექვსი ოჯახი მონაწილეობდა. საბჭოთა დროში აქ ყოველთვის ამუშავებდნენ თამბაქოს – საამისოდ ხელსაყრელი კლიმატია.”

ის ჰყვება, რომ საბჭოთა წლებში ლუსაძორელთაგან ცოტა თუ მისდევდა მიწათმოქმედებას, ადამიანები სოფლიდან 7 კილომეტრში მდებარე ინჯევანის ხალიჩების ქარხანაში მუშობდნენ, და სხვა საწარმოებშიც: “ახლა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენს რეგიონში ინვესტორები მოვიზიდოთ. მოსახლეობა დავასაქმოთ და სოფელში შევაკავოთ.”

 

 

ლუსაძორის ცენტრში  ფუნქციონირებს ხილის საშრობი, რომელიც გაეროს განვითარების ფონდის ფარგლებში შეიქმნა. აქ სოფლის მოსახლეობა მოსავალს აშრობს – ქლიავისა და კარალიოკის ჩირს ამზადებენ.

“საშრობი, უკვე რვა წელია, არსებობს. ორ დღეში იქ 400კგ. ხილის გამოშრობა შეიძლება. სოფლის მაცხოვრებლები მხოლოდ ელექტროობის ფულს იხდიან – ეს ძალიან ხელსაყრელია მათთვის. საგანგებო ვაკუუმური დანადგარის მეშვეობით ხილის ჩირი იფუთება და გასაყიდად იგზავნება. ლუსაძორს გასაყიდად გააქვს 1,5 ტონა  ქლიავის ჩირი, და ამდენივე – კარალიოკი. თუმცა, ექსპორტისთვის ეს არ კმარა – შემოსავალი მცირე იქნება”, – ამბობს ლუსაძორის მამასახლისი.

 

 

სონიკ ზეინალიანი, რომელიც 32 წელია, ადგილობრივ სკოლაში სომხურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, იხსენებს , თუ როგორ ატარებდა ომის წლებში ტყვიების ზუზუნში სავსე კლასებში გაკვეთილებს: “ადამიანებმა სოცილური მდგომარეობის გაუარესების გამო დაიწყეს გამგზვრება. დღეს გაკვეთილზე ექვს მოსწავლეს გავესაუბრე, ვკითხე, ვის სად სურდა ცხოვრება. მხოლოდ ერთმა თქვა, რომ ქალაქში უნდა ცხოვრება, 5-მა სხვა პასუხი გამცა: “ჩვენს სოფელში გვირჩევნია, ოღონდ ასეთი ცხოვრება – არა”. ისინი ხომ ხედავენ და ხვდებიან, თუ რა სიძნელეების გადალახვა უწევთ მათ მშობლებს.”

გამოქვეყნებულია: 11.12.2016


ასევე წაიკითხეთ