ქვეყნის მოსახლეობა გაკვირვებული და უკმაყოფილოა, პასუხად კი, ვიცე-პრემიერი სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდას სთავაზობს" />

სომხეთში თანამდებობის პირებმა საკუთარ თავსა და ხელქვეითებს მილიონობით დრამი დაურიგეს

ქვეყნის მოსახლეობა გაკვირვებული და უკმაყოფილოა, პასუხად კი, ვიცე-პრემიერი სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდას სთავაზობს

ახალი წლის წინ სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფმა სახელმწიფო მოხელეებმა საკუთარ თავს და ხელქვეითებს მილიონობით დრამის ოდენობის პრემიები გამოუწერეს. ქვეყანაში ეს თემა დღესასწაულებიდან მოყოლებული დღემდე ყველა დონეზე განიხილება – რიგითი მოქალაქეებით დაწყებული, პარლამენტის დეპუტატებისა და მთავრობის წევრების ჩათვლით.

ყველაფერი ოლქების ხელმძღვანელებისგან დაიწყო

პრემიების გაცემასთან დაკავშირებული სკანდალი სომხეთის ოლქების ხელმძღვანელებისგან დაიწყო. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ზოგიერთი რეგიონის ხელმძღვანელმა ძალიან დიდი ოდენობის პრემიები გამოწერა. საუბარია კოტაის, ლორის, ვაინძორის, არმავირის, სიუნიკისა და არარატის ოლქების გუბერნატორებზე. მაგალითად, არარატის ოლქის გუბერნატორმა თავისთვის  მისივე ხელფასის 104, 5%-ის ოდენობის პრემია გამოიწერა,

გუბერნატორების ხელფასები დაახლოებით 660 ათს დრამს  (1340 დოლარი) შეადგენს.

გუბერნატორების საქციელი საპარლამენტო ოპოზიციამ გააკრიტიკა. კერძოდ, ფრაქცია „განათლებული სომხეთის“ დეპუტატმა ანი სამსონიანმა განაცხადა, რომ ეს მიუღებელია:

 „ჩემი აზრით, ამ ხმაურის შემდეგ გუბერნატორები თავიანთ მიდგომებს გადახედავენ მაინც, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ამგვარი გულუხვი პრემიების გაცემა, თანაც იმ მოხელეებისთვის, რომლებსაც ჯერ ერთი წელიწადიც კი არ უმუშავიათ, დაუშვებელია“.

მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ გუბერნატორებს კანონი არ დაურღვევიათ.

 „საკუთარი თვისთვის პრემიის გამოწერას მათ კანონი არ უკრძალავს. ერთი სიტყვით, მათ კანონი არ დაურღვევიათ, –  აღნიშნა ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ ხელმძღვანელმა ლილიტ მაკუნცმა.

ერევნის მერიამ თითქმის მილიონი დოლარის ოდენობის პრემიები გამოწერა

ერევნის მერმა აიკ მარუტიანმა 1628 თანამშრომელს, საერთო ჯამში, 974 ათასი დოლარის ოდენობის პრემიები გამოუწერა. მაგალითად, პირველმა ვიცე-მერმა გრაჩია სარკისიანმა, პრემიის სახით, 688 ათასი დრამი (დაახლოებით 1500 დოლარი) მიიღო, ვიცე-მერმა აიკ სარკისიანმა და ერევნის მთავარმა არქიტექტორმა არტურ მესჩიანმა  637 ათასი დრამი (დაახლოებით 1300 დოლარი) მიიღეს.  

 „დაჯილდოებათა პრაქტიკა გრძელდება. ამა თუ იმ თანამშრომლისთვის პრემიის მინიჭება და დაჯილდოების ზომა მის მიერ წინა პერიოდში გაწეული სამუშაოს შეფასებით განისაზღვრება“, – აღნიშნა ერევნის მერის პრეს-მდივანმა აკოპ კარაპეტიანმა.

თავად აიკ მარუტიანი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებდა, და თვისთვის პრემიებს, წელიწადში ერთხელ კი არა, რამდენჯერმე იწერდა. ახლანდელმა ხელისუფლებამ კი ამ პრაქტიკაზე უარი თქვა:

 „აღმოჩნდა, რომ 2017 წლის განმავლობაში, საახალწლო პრემიების გარდა, ფულადი ჯილდოებს სახით, საერთო ჯამში, 287 მილიონ დრამზე მეტი თანხა გაიცა [დაახლოებით 600 ათასი დოლარი – JAMnews], რის შესახებაც საზოგადოებას არ აცნობებდნენ. თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემის შესახებ არსებული საბუთების ნაცვლად, ვებგვერდზე სულ სხვა საბუთები ქვეყნდებოდა“.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელმა  2018 წელს პრემიებით მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე ხელფასით.

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელმა დავიდ ანანიანმა თანამდებობაზე ყოფნის 8 თვის განმავლობაში, პრემიის სახით, 14 მილიონი დრამი  (დაახლოებით 29 ათასი დოლარი) მიიღო.

ამას მმართველი პარტიის უკმაყოფილება მოჰყვა. შედგა დახურული სხდომა, რომელშიც სტრუქტურის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.

სხდომის შემდეგ ანანიანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მან დეპუტატების 15-20 შეკითხვას უპასუხა:

 „იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც პუბლიკაციისთვის ხელმისაწვდომია, პრემიების, ხელფასების შესახებ გაიმართა საერთო მსჯელობა. იმ ინფორმაციას კი, რომელიც პირადულია, საიდუმლოა და კანონით არის დაცული, ზედაპირულად შევეხეთ“.

ერევნის მერი აიკ მარუტიანი გახდა, რომლის კანდიდატურასაც მხარს სომხეთის პრემიერი უჭერდა

 • კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში. მითი თუ რეალობა

 რეაქცია სოციალურ ქსელებში

წინა, „რევოლუციამდელი“ ხელისუფლების ნაცვლად მოსული ახალი ხელისუფლების ჩინოვნიკების შესახებ ამგვარმა ინფორმაციამ სოციალური ქსელების მომხმარებლები გააოცა. მთლიანობაში, სახელმწიფო მოხელეების პრემირების ფაქტმა ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

აი, სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა ზოგიერთი ჩანაწერი:

 „ხალხმა თქვენ იმისთვის აგირჩიათ, რომ იმუშაოთ, და არა – პრემიებს იწერდეთ“

 „პარადოქსია, მაგრამ პრემიები მათ მიიღეს, ვისაც ისედაც მაღალი ხელფასი აქვს; და არა მათ, ვისაც 60-70 ათასი დრამი აქვს ხელფასი  [ეს დაახლოებით 120-140 დოლარია – JAMnews]».

პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა ხელფასების მომატება

იმისთვის, რომ ჩინოვნიკებმა პრემიები არ გამოიწერონ,აუცილებელია სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები გაეზარდოთ, – დარწმუნებულია სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი. მისი თქმით, სომხეთის სახელმწიფო სისტემაში ხელფასისა და პრემიების გადახდის პრინციპი გადაიხედება:

 „სახელმწიფო სისტემაში ხელფასები კონკურენტუნარიანი უნდა გავხადოთ, რათა გარკვეულ ეტაპზე საუკეთესო კადრები კერძო სექტორში არ წავიდნენ. აუცილებელია სახელმწიფო სამსახურის მთელი სისტემის გადახედვა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ