სპორტი, პოლიტიკა, კორუფცია, უსაფრთხოება, ლოგისტიკა - ყველაფერი ერთმანეთში აირია " />

კომენტარი: სკანდალი ბაქოში გასამართი ევროპის ლიგის ფინალური მატჩის გარშემო

სპორტი, პოლიტიკა, კორუფცია, უსაფრთხოება, ლოგისტიკა - ყველაფერი ერთმანეთში აირია

29 მაისს დაგეგმილი ევროპის ლიგის ფინალი, რომელშიც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, ერთმანეთს ორი ლონდონური კლუბი, „არსენალი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდება, სავარაუდოდ, ტურნირის ისტორიაში ყველაზე სკანდალური იქნება. რა თქმა უნდა, ამას წმინდა სპორტული მიზეზიც აქვს – პირველად შეხვდებიან ფინალში ერთმანეთს ორი კლუბი ფეხბურთის სამშობლოდან. მაგრამ მთავარი მიზეზი, ფეხბურთთან დაკავშირებული სკანდალების გარდა, ფინალის გარშემო არსებული პოლიტიკური აჟიოტაჟია.

საკითხის წინაისტორია

პირველად ისტორიაში, ევროპის ორი ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის – ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის – ფინალში ოთხი ინგლისური კლუბი გავიდა. ყველაზე პრესტიჟული ფინალი მადრიდში გაიმართება, სადაც ერთმანეთს „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ შეხვდებიან, მეორე ტურნირის ფინალი კი ბაქოში შედგება. რატომ იქცევს რანგით მეორე ტურნირის ფინალი უფრო დიდ ყურადღებას, ვიდრე მთავარი?

ბაქომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩის მასპინძლობის უფლება 2017 წლის სექტემბერში მიიღო. ამასთან, ბაქომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ოთხი მატჩის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა.

უკვე მაშინ ისმოდა საუბრები მსოფლიოსა და ევროპული ფეხბურთის ზედა ეშელონებში არსებულ კორუფციაზე. მალე ეს ყველაფერი დადასტურდა და ფიფასა და უეფას ხელმძღვანელები, ბლატერი და პლატინი, თანამდებობებიდან გადააყენეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პლატინი აზერბაიჯანის მაღალი დონის სახელმწიფო ორდენით „შოხრატი“ (დიდება) დააჯილდოვა.

ასე იყო თუ ისე, ფინალური მატჩის მასპინძლობის უფლება მიღებული იყო და გარკვეულ დრომდე ამას არავინ აპროტესტებდა. ასე იყო მანამ, სანამ ფინალში ორი კლუბი არ გავიდა ფეხბურთის სამშობლოდან – ინგლისიდან.

• თვითცენზურა აზერბაიჯანში – დუმილით შევხვდეთ ყველაფერ სომხურს

• „ფორმულა-1“: რისთვის სჭირდება ეს აზერბაიჯანს?

• მხითარიანის საფეხბურთო ფენომენი

პირველი პრობლემა: ბაქო ძალიან შორსაა

ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო. პირველი აღშფოთდა ადამიანი, რომელიც ბაქოში წასვლას ისედაც არ აპირებდა – „ლივერპულის“ გერმანელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი. ის ფინალის დღეებში სასტუმროებისა და ავიაბილეთების მაღალ ფასზე ჩიოდა და, მათ შორის, განაცხადა:

„ბაქო… არ ვიცი, ეს რა ხალხია, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, ალბათ, საუზმეს მიირთმევდნენ, როდესაც ასეთი რამ გადაწყვიტეს. წარმოდგენა არ მაქვს, იქ როგორ უნდა ჩააღწიო, არის თუ არა ბაქოს მიმართულებით მუდმივი რეისები. ფინალების გამართვის გადაწყვეტილება უფრო მეტად გონივრული და დასაბუთებული უნდა იყოს. ეს უპასუხისმგებლობაა. არ ვიცი, როგორ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს“.

სანამ წინ წავალთ, დავაფიქსიროთ, რომ კლოპი ეშმაკობს, ანდაც მოკლე მახსოვრობა აქვს. მან ძალიან კარგად იცის ბაქოს გზა, იმიტომ რომ აქ თავისი ყოფილი გუნდის, დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის რანგში იმყოფებოდა. უმჯობესია, მან მადრიდის გზა ისწავლოს, სადაც მის კლუბს „ტოტენჰემთან“ მოუწევს დაპირისპირება უფრო პრესტიჟული ტურნირის ფინალში. ბაქოს გზა კი „არსენალმა“ და „ჩელსიმ“, ასევე, მათმა ფანებმა იციან. ორივე ეს კლუბი ადრე უკვე ნამყოფია ბაქოში, სადაც ადგილობრივ „ყარაბაღს“ დაუპირისპირდნენ და დაამარცხეს.

ბაქო ლონდონიდან მართლაც შორს მდებარეობს – საფეხბურთო ევროპის მეორე ბოლოში. აქ ჩამოსვლა არც ისე მარტივია და საკმაოდ ძვირიც ღირს. მაგრამ ისეთივე რთული და ძვირია კავკასიელი გულშემატკივრებისთვის ლონდონში ჩაღწევა.

თუ ჩვენი ქვეყნები ერთი ფედერაციის წევრები არიან, იდეაში, ერთნაირი უფლებები გვაქვს. მოდი, წავიფანტაზიოროთ: მაგალითად, მომავალ ფინალში გავიდნენ კლუბები თბილისიდან და ბაქოდან, ანდაც ერევნიდან. მატჩი კი სადღაც დუბლინში უნდა გაიმართოს. განა ბუზღუნს დავიწყებთ, რომ ფრენა ძვირია და მოდი, ფინალი ჩვენთან ახლოს გადმოიტანეთო?

 

მეორე პრობლემა – რთული ლოგისტიკა და ბილეთების შეზღუდული რაოდენობა

საფეხბურთო კლუბმა „არსენალმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე იმედგაცრუება გამოთქვა საკუთარი გულშემატკივრების ბაქოში მოგზაურობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.

კლუბი ჩივის ბილეთების შეზღუდულ რაოდენობაზე, მარშრუტის სირთულესა და სხვა მსგავს უხერხულობებზე. საინტერესოა, რომ ფინალის მეორე მონაწილე „ჩელსი“, რომელიც იმავე ქალაქიდანაა, ჯერჯერობით ამ თემაზე არ წუწუნებს.

ბაქოს ოლიმპიური სტადიონი 65 000 მაყურებელს იტევს. ორივე ლონდონური კლუბის გულშემატკივრებისთვის 6000-6000 ბილეთია გამოყოფილი, პლუს 3 ათასი სტუმრებისთვის, ანუ საერთო ჯამში 15 ათასი. ეს, რა თქმა უნდა, ბევრი არაა.

ოფიციალურად აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტს საათში 10 ათასი მგზავრის მიღება შეუძლია. უკვე დადასტურებულია 28-29 მაისს 45 ჩარტერულ რეისზე მოთხოვნა, რომლიდანაც 16 რეისი ბიზნესავიაციაზე მოდის, ორი რეისით საფეხბურთო გუნდები ჩამოვლენ, ატი რეისით კი – კლუბების ფანები. ასევე, დამატებითი რეისები მოითხოვეს ისეთმა საზღვარგარეთულმა ავიაკომპანიებმა, როგორებიცაა Turkish Airlines, Air Arabia, Fly Dubai, ISRair, Jazeera Airways და სხვები. ანუ ტრანსპორტირების პრობლემა არ არსებობს. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ, „ფორმულა 1“-ის ეტაპზე ბაქომ 19 ათას უცხოელს უმასპინძლა. თბილისმა კი 2015 წელს 20 ათასზე მეტი მაყურებელი მიიღო ევროპის სუპერთასის ესპანურ ფინალში, რომელშიც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ.

მაშინ, რატომ გამოუყვეს ინგლისელს ფანებს ასეთი პატარა კვოტები?

ჩემი ვერსია, სუბიექტურია: მეჩვენება, რომ ჩვენი ხელისუფლება გარკვეულწილად შეაშინა ქალაქში ინგლისელი ფანების სტუმრობამ, რომლებიც ევროპაში ყველაზე გადარეულები არიან. რაც ნაკლები იქნებიან ისინი, მით უფრო სიწყნარე იქნება. თუმცა, 12 ათასსაც დასჭირდება ყურადღების მიქცევა – ეს დიდი დაძაბულობაა. ჩვენებს რომ სცოდნოდათ, რომ ფინალში „არსენალი“ და „ჩელსი“ გავიდოდნენ, სამჯერ დაფიქრდებოდნენ, სანამ მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებდნენ (მადლობა თქვით, რომ ეს „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ არაა, რომელთა დერბისთვისაც ლონდონის პოლიციაც კი კვირებით ადრე იწყებს მზადებას).

როგორც ნუგეში: დიდი ბრიტანეთის ელჩმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა და მიესალმა ფინალის ბაქოში ჩატარებას. ამასთან, დასძინა, რომ ფინალის კვირაში ბაქოში ჩამოვლენ ბრიტანული პოლიციის წამყვანი ჯგუფები, რომლებიც აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ.

მესამე, ყველაზე მთავარი პრობლემა: ჰენრიხ მხითარიანი

ვშიშობ, ბაქოს ფინალის ორგანიზატორები, როგორც ადგილობრივი, ისე ევროპელები, თავიდანვე ლოცულობდნენ – ოღონდ „არსენალი“ არ გასულიყო ფინალში. მაგრამ ის გავიდა და მთელი სერიოზულობით დადგა აზერბაიჯანში სომხეთის ნაკრების კაპიტნის, ჰენრიხ მხითარიანის ჩამოსვლის საკითხი, რომელიც ამჟამად ლონდონის „არსენალში“ თამაშობს.

აზერბაიჯანს სომხეთთნ კონფლიქტი აქვს მთიანი ყარაბაღის გამო. სწორედ ამიტომ, მეზობელ, კავკასიურ ქვეყნებს შორის მოქალაქეების გადაადგილება ჯერ კიდევ ძალიან გართულებულია. სომეხი სპორტსმენები პერიოდულად ჩამოდიოდნენ ხოლმე ბაქოში. ევროპის თამაშებში მონაწილეობდა სომხეთის დელეგაცია, სომეხმა მოკრივემ მედალი პრეზიდენტ ალიევისგან მიიღო, მოჭადრაკე აროიანმა კი ფოტო გამოაქვეყნა ბაქოს ქალწულის კოშკის ფონზე. მაგრამ ფეხბურთი – ჭიდაობა და ჭადრაკი არ არის.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მხითარიანი არაერთგზის სტუმრობდა მთიან ყარაბაღს და მხარს უჭერდა იქ საქველმოქმედო ფონდებს.

ადგილობრივმა ნაციონალისტებმა სოციალურ ქსელებში პროტესტის ტალღა ააგორეს მოთხოვნით, რომ არ შეეშვათ ჰენრიხ მხითარიანი ბაქოში. აქცია მაშინვე აიტაცეს და გაავრცელეს სომხურმა მედიამ და „არსენალის“ ფანებმა, აქაოდა „ჩვენებს ცემენო“.

ჰენრიხ მხითარიანს ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა, ბაქოს სწვეოდა, დორტმუნდის „ბორუსიისა“ და იმავე „არსენალის“ შემადგენლობაში, მაგრამ ორივეჯერ კლუბის მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ არ გაერისკათ და ის ბაქოში არ წაიყვანეს. ახლა კი სასწორზე ფინალი და მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედი დევს. ეს თამაში „არსენალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ჩამოვა თუ არა მხითარიანი. აზერბაიჯანმა უსაფრთხოების გარანტიები მისცა, მაგრამ „არსენალს“ ეს გარანტიები არასაკმარისად მიაჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჰენრიხის ვიზიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს. მხითარიანი დიდი ხანია საუკეთესო ფორმაში აღარაა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

მაგრამ ის თუ არ ჩამოვა, „არსენალს“ მარცხის ახსნის მიზეზი ექნება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ