სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორს დღემდე ეშინია ქუჩაში გასვლის. სკოლებში კი ეს საგანი არ არსებობს " />

სექსუალური განათლება საქართველოში – დახურული და საშიში თემა

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორს დღემდე ეშინია ქუჩაში გასვლის. სკოლებში კი ეს საგანი არ არსებობს

“ჩვენი წინაპრები რომ არ სწავლობდნენ მაგას, ვერ მრავლდებოდნენ?!”, – ეს საქართველოში სექსუალური განათლების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არგუმენტია.

რთულია იმის ზუსტად თქმა, რა ინფორმაცია აქვთ მოზარდებს სექსუალურ ჯანმრთელობაზე, თუმცა ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ეს ცოდნა მწირია და უმეტესად მცდარიც.

საქართველოში მაღალი ტრიბუნიდან ამ თემაზე საუბრის დაწყების მცდელობას ვნებათაღელვის გარეშე არასდროს ჩაუვლია. წლების განმავლობაში უცვლელია ეკლესიის პოზიცია, რომელიც სექსუალურ განათლებას გარყვნილებასთან აიგივებს და რომელსაც მოსახლეობის სრული უმრავლესობის ნდობა აქვს. შესაბამისად, ხელისუფლებებს ორი არჩევანი აქვთ – მიიღონ არაპოპულარული გადაწყვეტილება და მოიმდურონ ამომრჩეველი ან ეკლესიის აზრი გაითვალისწინონ. როგორც წესი, მეორე ვარიანტს ირჩევენ.

სქესობრივ საკითხებზე მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას განათლების სამინისტრო ბიოლოგიის გაკვეთილებზე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სახელწოდებით ცდილობს.

 

 

ფოტო: JAMnews

დანარჩენი ყველაფერი შეისწავლეს?!”

39 წლის დიანა ბალესიაშვილი, რომელსაც 3 და 9 წლის შვილები ჰყავს, სკოლაში სექსუალურ განათლებას არ ემხრობა.

“სკოლის ასაკში და განსაკუთრებით დაბალ კლასებში არ უნდა ისწავლებოდეს, რადგან უფრო მეტ ცნობისმოყვარეობას გააღვიძებს ბავშვებში. დარჩეს ბავშვი იმ ასაკში, ბავშვური აზროვნებით. უკეთესია რელიგიის გაკვეთილები და სწავლება დაუშვან, ისწავლონ მოყვასის სიყვარული და ჰქონდეთ ღვთის შიში”, – ამბობს ის.

კითხვას, როგორ უნდა მიიღოს მოზარდმა აუცილებელი ინფორმაცია, რათა უფრო დაცული იყოს, დიანა პასუხობს, რომ მშობელმა უნდა მიაწოდოს.

“მე თვითონ მივაწვდი ინფორმაციას, როცა საჭიროდ ჩავთვლი, რადგან მშობელმა უკეთესად იცის თავისი შვილის ფსიქოლოგია და იცის, რა დროსაა მზად ამ თემის განსახილველად”, – ამბობს ის.

გულო ფუტკარაძე კი მიიჩნევს, რომ სექსუალურ ჯანმრთელობაზე გახსნილად საუბარი უხერხულია და კლასში გოგოები და ბიჭები ამ თემებს ერთად არ უნდა განიხილავდნენ. მისი აზრითაც, უმჯობესია ბავშვს მშობელი ესაუბროს.

“თუ ბავშვი დაინტერესებულია იცოდეს იმაზე მეტი ამ თემის შესახებ, რასაც თვითონ ხვდება, მშობელსაც კარგად შეუძლია აუხსნას – გოგოს დედამ, ბიჭს კი – მამამ. საკუთარი შვილის ხასიათი მშობელზე უკეთესად არავინ იცის”, – ამბობს ის.

კიდევ ერთი რესპონდენტი, 27 წლის ნანუკა შიხაშვილი ამბობს, რომ შესაბამისი ცოდნა სკოლაში არ მიუღია, მაგრამ რაიმე პრობლემები ამის გამო არ ჰქონია.

“მე არ მისწავლია და მერწმუნეთ, პრობლემა არ მქონია. გავთხოვდი პატიოსნად და მყავს სამი შვილი. ინფორმაციის არქონას არ განვიცდიდი. სკოლაში რომ არ მისწავლია, გადამედო რამე? არა, იმიტომ რომ ურთიერთობა მქონდა ერთ მამაკაცთან, ჩემს მეუღლესთან”, – ამბობს ის.

სექსუალური განათლება – ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საკითხი?

საქართველოში სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ გაკვეთილებს მომხრეც ბევრია. ისინი საუბრობენ ბავშვის უფლებებიდან და იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ტიპის განათლების არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს.

მარიამ ზულიაშვილი აპირებს თავის შვილს, რომელიც ჯერ წლის და 8 თვისაა, ასაკის შესაბამისი ლიტერატურა მიაწოდოს. მისი თქმით, უმჯობესია ბავშვები იცნობდნენ საკუთარ სხეულს, რათა უფრო დაცულები იყვნენ.

“რატომღაც სექსუალური განათლების მოწინააღმდეგე მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ ამის შედეგად, ბავშვები “წაიბილწებიან” და დაადგებიან არასწორ გზას. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი პირიქითაა. უკეთესია ვასწავლოთ ჩვენს შვილებს საკუთარი სხეული, სქესებს შორის განსხვავებები, თავის დაცვა და ა.შ., ვიდრე უფლება მივცეთ თვითონ მოძებნონ ინფორმაცია სხვადასხვა არასანდო წყაროებში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი სექსუალური განათლება ხელს შეუშლის ხშირ ორსულობას/აბორტს და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებას მოზარდებში, რადგანაც მათ ინფორმაცია ექნებათ თუ როგორ აიცილონ ეს ყოველივე თავიდან”, – ამბობს მარიამი.

ნინო გუგეშაშვილსაც მიაჩნია, რომ ბავშვებს 7-8 წლის ასაკიდან უნდა მიეწოდებოდეთ ინფორმაცია უსაფრთხოებაზე, ვის უნდა ენდონ, სად შეიძლება შეხება, სად არ შეიძლება და ა.შ.

“ბევრ 9-10 წლის გოგოს უკვე აქვს მენსტრუაცია და ხშირად მშობელი სწორ ინფორმაციას ვერ აწვდის, ან ეუბნებიან – “ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვის გაჩენას შეძლებ”. ბევრ გოგოს მენსტრუაცია სამარცხვინო ჰგონია, საფენებს მალულად ყიდულობენ. ეს სერიოზული პრობლემაა. მიმაჩნია, რომ განათლება აუცილებელია. ცხადია, ინფორმაცია ასაკის შესაბამისი უნდა იყოს და პროფესიონალებმა მიაწოდონ”, – ამბობს ის.

მშობლები თანხმდებიან იმაზე, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ ბავშვებს თავად უჩნდებათ კითხვები, ინტერნეტის ეპოქაში კი ძალიან ბევრ, მათ შორის დამახინჯებულ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი და მათი უსაფრთხოება ნაკლებადაა დაცული. მათი აზრით, უმჯობესია მოზარდებმა სპეციალისტების მიერ შედგენილი ლიტერატურით, სკოლაში მიიღონ ცოდნა.

თუმცა, სექსუალური განათლების მომხრეებში კითხვებს იწვევს იმ ადამიანების კვალიფიკაცია, ვინც ამ ტიპის გაკვეთილები შეიძლება ჩაატაროს.

“დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, სადაც ნორმალურად მათემატიკის და ხელოვნების გაკვეთილის ჩატარება ჭირს, სადაც მასწავლებლის ავტორიტეტი ძირითადად შერყეულია და ბავშვები გაკვეთილზე “ღადაობის” მეტს არაფერს აკეთებენ, ეს გაკვეთილები ძალიან კომიკური იქნება. შესაბამისი გადამზადების და სასკოლო გარემოს ადაპტაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, კარგი და მისაღები” – ამბობს სამი შვილის დედა, 46 წლის ნათია თარაშივილი.

ფსიქოლოგის მოსაზრება

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტანტი, ნატა მეფარიშვილი, რომელიც მოზარდებთან მუშაობს, ამბობს, რომ გარდატეხის ასაკის ადამიანების ძალიან დიდი ნაწილს აქვს სქესობრივი კონტაქტი და მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც ბოლომდე არ იციან რა არის სექსუალური აქტივობა, და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ის – იქნება ეს ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური:

“უმნიშვნელოვანესია მოზარდი დაცული იყოს იმისგან, რომ 15 წლის ასაკში აბორტის გაკეთება არ მოუწიოს ან 16 წლის უკვე დედა არ გახდეს”

“თუ საჭიროდ ვთვლით ვასწავლოთ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, სასუნთქ გზებს და მხედველობის ორგანოებზე, რატომ არ უნდა იცოდნენ ბავშვებმა სასქესო ორგანოებისა და ადამიანის გამრავლების პროცესის შესახებ?”

მისთვის გაუგებარია, რატომ აღიქმება პროფესიონალების მიერ მომზადებული, სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაციის მოზარდებისთვის მიწოდება საშიშად, როცა ამ ინფორმაციის არქონამ ისინი შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი მიიჩნევს, რომ ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სექსუალურ აქტივობაზე, ადამიანში მიმდინარე ფიზიოლოგიურ თუ ჰორმონალურ ცვლილებებზე საჭირო და მნიშვნელოვანია.

“ამ ცოდნის გარეშე საკმაოდ მაღალია რისკი მოზარდი უნებლიეთ ჩაერთოს სექსუალურ აქტივობაში ისე, რომ არ იცოდეს ეს მას ნამდვილად უნდა თუ არა, როგორ უნდა დაიცვას თავი, როგორია უსაფრთხო სექსი და ზოგადად სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობა”, – ამბობს ის.

ნატა მეფარიშვილი აღნიშნავს, რომ უფრო მცირე ასაკში ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი სხეულის ნაწილების იდენტიფიკაცია, არქმევდეს მათ სახელებს და იცავდეს პირადი სივრცის ფარგლებს. ის კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ სხეულის კონკრეტული ინტიმური ადგილები საკუთარი სხეულის ის ნაწილებია, რომელზეც შეხება ყველას არ შეუძლია.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტანტის თქმით, სექსუალური განათლების ნაწილია ბავშვებისთვის სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირების სწავლებაც და ასევე, იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ ვის უნდა მიმართონ ასეთ შემთხვევაში.

მეფარიშვილი ასევე ამბობს, რომ როცა მოზარდები სქესობრივი საკითხებით დაინტერესებას იწყებენ, ხშირად ხვდებიან ბარიერებს – მშობელი ამაზე ვერ ესაუბრება, მასწავლებელს ეუხერხულება და საბოლოოდ, ბავშვი მიმართავს ინტერნეტს, სადაც ასაკის შესაბამისი, მარტივად გასაგები და ღირებული ლიტერატურის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დამახინჯებული ინფორმაცია, მითები სექსის შესახებ და პორნოგრაფია, რაც ადვილად მოიძებნება ინტერნეტში, მოზარდებს ხშირად უქმნის არასწორ წარმოდგენებს – ეს კი ერთგვარი სტრესია. შედეგად, მომავალში იქმნება ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების საფრთხე.

“შედეგად, შეიძლება მივიღოთ მოზრდილობაში ადეკვატური სექსუალური ფუნქციონირების დაქვეითება, სტრესი, შფოთვა, პარტნიორთან მიმართებაში არჩევანის ვერ გაკეთება და ა.შ. ამას ემატება ისიც, რომ ბიჭების შემთხვევაში, მათ სანაცნობოში არსებული “კეთილისმყოფელები” გადაწყვეტენ, რომ მოზარდი დროულად უნდა აზიარონ სექსის ხელოვნებას. ეს ხდება დაახლოებით 13-14 წლის ასაკში და ისე, რომ ბავშვი აბსოლუტურად არ არის მზად ამისთვის. მიჰყავთ ბავშვი სექს-მუშაკთან და თან მისგან ინფორმაციას ელიან, თუ როგორ ჩაიარა ყველაფერმა. პრაქტიკაში. ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ამ ფონზე დასტრესილი თინეიჯერი ბიჭები ფსიქოკონსულტირებას გადიან”, – ამბობს მეფარიშვილი.

მისივე თქმით, ქვეყანაში არის რესურსი, რომ პროფესიონალებმა ამ თემებზე იმუშაონ და შეიქმნას შესაბამისი, ადეკვატური ლიტერატურა, რომელიც დაეხმარება როგორც ბავშვებს, ასევე, მშობლებს.

მუქარა ვიდეოს გამო

საქართველოში სექსუალური განათლება საფრთხედ რომ მიაჩნიათ, ეს ხატია ახალაიას მაგალითმაც აჩვენა. მას შემდეგ, რაც მან ამ თემებზე ვიდეოების ჩაწერა დაიწყო, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან თავდასხმა, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა. ემუქრებიან წამებით, გაუპატიურებით, შვილებზე ძალადობით, ოფისის დაწვით. 

ხატია ახალაია ვიდეოგაკვეთილის ჩასაწერად ემზადება. ფოტო: JAMnews

ხატია ჰყვება, რომ ორგანიზაციამ, სადაც ის მუშაობს – “განათლებისა და შრომის ასოციაცია” რამდენიმე წლის წინ თბილისის სკოლების ნაწილში კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო დაედგინათ რა ცოდნა და წარმოდგენა ჰქონდათ მოსწავლეებს სექსუალური განათლების საკითხების მიმართ: ალკოჰოლზე, თამბაქოზე, ნარკოტიკზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ძალადობაზე და ა.შ. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია იყო მწირი და უმეტესად, არასწორი.

მოგვიანებით ორგანიზაციამ ამ თემებზე მშობლებისა და 12 წელზე უფროსი მოზარდებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყო, შემდეგ კი ჩაიწერა ვიდეო გაკვეთილებიც, რათა ინფორმაცია უფრო დიდ აუდიტორიას მიაწოდონ.

ამ გაკვეთილებს თანამშრომლებთან ერთად ხატია ახალაია ამზადებს. თემის შერჩევის შემდეგ შესაბამის სპეციალისტებთან გადის კონსულტაციებს, მერე კი ვიდეოს სახლში ან ოფისში წერს.

ვიდეოების გამო მას ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვლა მოუწია – ვეღარ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ღამით ვეღარ გადის ქუჩაში და ა.შ. შეტყობინებების ავტორებმა იციან მისი სახლის, სამსახურის, ასევე, ბავშვის ბაღის მისამართი.

საქმეზე დაწყებული გამოძიება კი ჭიანურდება – მიუხედავად იმისა, რომ მუქარის ავტორების ვინაობა პოლიციამ იცის, ამის გამო პასუხისმგებლობა ჯერ არავის დაკისრებია. ხატია ამბობს, რომ სახელმწიფო არათუ არაფერს აკეთებს ადამიანების კეთილდღეობისთვის, არამედ, ძალადობას ახალისებს.

ხატია ახალაია ვიდეოგაკვეთილის ჩასაწერად ემზადება. ფოტო: JAMnews

ის ითხოვს არამხოლოდ ამ ადამიანების დასჯას, არამედ სახელმწიფოს მხრიდან მოზარდების განათლების უზრუნველყოფას. ამბობს, რომ გააზრებული აქვს რამდენად რთულ ბრძოლაშია და გაჩერებას არ აპირებს, რადგან დარწმუნებულია, რომ სწორ საქმეს აკეთებს.

“არ მაქვს ილუზია, რომ ჩემი ვიდეოების საშუალებით პრობლემა მოგვარდება და ხვალ აღარ იქნება სექსუალური ძალადობა, ნაადრევი ქორწინებები და მენსტრუალურ ციკლის გამო გოგოებს დისკომფორტი აღარ შეექმნებათ. ეს პრობლემა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებას. არა ისე, რომ სქესობრივი აღზრდა დავარქვათ და შემდგომ კონსულტაციები გავიაროთ რელიგიურ კონფესიებთან, რაც პირდაპირ დააზიანებს ამ პროცესს. დააზიანებს ბავშვთა უფლებებს, რადგან ადამიანს დაბადებიდანვე აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია თავის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და სერვისებიც, რაც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია და არც ცდილობს გამოსწორებას, სამწუხაროდ”,  – ამბობს ხატია.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა”

ხატია ახალაიას ვიდეოების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს გაუჩნდა იდეა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით სქესობრივი განათლების მიღება მხოლოდ მშობლის ნებართვით იქნება შესაძლებელი. სოფო კილაძის განმარტებით, ამის მიზანია რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ „არ შემოიტანოს“ მსგავსი გაკვეთილები არაფორმალურ განათლებაში.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კილაძე სქესობრივი გაკვეთილებში სასულიერო პირების ჩართვას ითხოვდა, თუმცა მან ამას ინტერპრეტაცია უწოდა და განმარტა, რომ ეკლესიის წარმომადგენლების გაკვეთილებში მონაწილეობა კრიზისულ შემთხვევებში, მშობლის მოთხოვნით სურს.

სახელმწიფო აღიარებს, რომ სექსუალური განათლება მნიშვნელოვანია და ამ კუთხით ქვეყანაში პრობლემა არსებობს, თუმცა ამ საკითხის ცალკე საგნად დამატებას ეწინააღმდეგება. მეტიც, განათლების სამინისტრო სიტყვა “სექსუალურს” ან “სქესობრივს” ამ კონტექსტში საერთოდ არ იყენებს და მას “რეპროდუქციულ ჯანმრთელობას” უწოდებს.

გარდატეხის ასაკი და მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა, განაყოფიერება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ადრეულ ასაკში ქორწინება, ორსულობა და აბორტი – ამ თემებზე მე-7 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს, რომელიც სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ამ თემებს მოზარდები ბიოლოგიის გაკვეთილებზე გაივლიან.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს ინფორმაცია სრულიად საკმარისია, თუმცა პრობლემაა მასწავლებლები, რომლებსაც გადამზადება სჭირდებათ. უწყებაში აღიარებენ იმასაც, რომ კვლავ არის ამ თემებისგან ე.წ. “გადახტომის” შემთხვევები.

“როდესაც მასწავლებელი თვითონ არის თავდაჯერებული და თვითონ არ აქვს უხერხულობის შეგრძნება, კლასში აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ წარმოიქმნება. გვქონდა საპილოტე გაკვეთილები და ჩვენი მერვე-მეცხრე კლასელები ძალიან მშვიდად, ძალიან საქმიანად უდგებიან ამ საკითხებს. პრობლემა ხშირ შემთხვევაში არის მასწავლებელში, რომელიც თვითონ გაურბის ამ თემებს”, – ამბობს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა ვარაზაშვილი.

ვარაზაშვილი დასძენს, რომ გაუმჯობესების ტენდენცია არის და გადამზადებაში სულ უფრო მეტი მასწავლებელია ჩართული.

სტატისტიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში არასრულწლოვნებში რეგისტრირებული ორსულობისა და აბორტების სტატისტიკა ასეთია:

  • 2017 წელი – 813 ორსულობა, 103 აბორტი;
  • 2018 წელი – 675 ორსულობა, 78 აბორტი;
  • 2019 წელი (წინასწარი მონაცემები) – 261 ორსულობა, 27 აბორტი.

რაც შეეხება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს, ცენტრის მონაცემებით, ინფექციები გამოვლენილია არამხოლოდ 15-დან 19 წლამდე, არამედ 14 წლამდე ასაკის მოზარდებში, მათ შორისაა სიფილისის სხვადასხვა ფორმა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ