კვლევაში იმასაც წაიკითხავთ, თუ რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები აფგან მუხტარლის საქმეზე" />

საქართველოში არცერთი პარტია არ მოსწონთ. რას ამბობს NDI-ს კვლევა

კვლევაში იმასაც წაიკითხავთ, თუ რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები აფგან მუხტარლის საქმეზე

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ქვეყანაში კვლავ დაბალია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე კი ამომრჩეველთა 62 პროცენტს ფავორიტი პოლიტიკური ძალა არ ჰყავს; არ არის გამორიცხული, თბილისის მერის არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვოს.

როგორია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ივნისის კვლევის შედეგები:

ფავორიტი პოლიტიკური პარტიები

პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: კითხვაზე, ხვალ რომ თვითმართველობის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 27 პროცენტი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” (მმართველი პარტია), 8 პროცენტი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (მიხეილ სააკაშვილის პარტია) ასახელებს, 3 პროცენტი კი “ევროპულ საქართველოს” (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გაყოფის შედეგად წარმოქმნილი პარტია). 35 პროცენტს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 15-მა უარი თქვა პასუხზე.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის NDI-ს კვლევაში ხმები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 37%, ვინც, სავარაუდოდ, არჩევნებზე მივა, ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატს კახა კალაძეს (ხელისუფლების კანდიდატი) მისცემდა. მას მოსდევს დამოუკიდებელი, ოპოზიციონერი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი 22%-ით, მესამე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი” ზაალ უდუმაშვილი (16%), ხოლო მეოთხეზე – “ევროპული საქართველოს” კანდიდატი ელენე ხოშტარია (5%).

ამასთან, იგივე კვლევა გვეუბნება, რომ გამოკითხულთა 62 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ხოლო 35 პროცენტს გადაწყვეტილი აქვს.

რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა არ იცის, 6 პროცენტი კი უარს ამბობს პასუხზე.

მოსახლეობის 23 პროცენტი ასახელებს “ქართულ ოცნებას”, როგორც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტიას, 9 პროცენტი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 4-4 პროცენტი “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს”.

NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 32 პროცენტი მიიჩნევს, რომ უმთავრესი დაბრკოლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მოსყიდვაა. ხოლო, 18 პროცენტი ფიქრობს, რომ პრობლემას წარმოადგენს ამომრჩეველთა შევიწროება.

ქვეყანას ივანიშვილი მართავს

59 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უკვე სამი წელია აღარ არის პრემიერი და არც სხვა რაიმე თანამდებობა უჭირავს, კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად.

ამასთან, გამოკითულთა 56 პროცენტისთვის სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

როგორ მუშაობენ ინსტიტუციები

NDI-ს მიერ დასმულ კითხვებს სხვადასხვა ინსტიტუციის მუშაობის შეფასებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა მესამედი პასუხობდა “არც კარგი, არც ცუდი”.

51 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა ძალიან კარგი ან კარგია, 18 პროცენტი ფიქრობს, რომ ცუდი ან ძალიან ცუდია, ხოლო 28 პროცენტი ამბობს, რომ მდგომარეობა არც კარგია და არც ცუდი.

35 პროცენტს სჯერა, რომ ქვეყანაში არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ტარდება. 28 პროცენტი საპირისპირო აზრზეა, გამოკითხულთა მესამედი – 29 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ არჩევნები არც კარგად და არც ცუდად ტარდება.

36 პროცენტის აზრით, ადამიანის უფლებები დაცულია. 32 პროცენტის აზრით – არა. 28 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებს “არც კარგად და არც ცუდად” იცავენ.

28 პროცენტი ფიქრობს, რომ კორუფციასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, ზუსტად იმდენივე ამბობს, რომ წარუმატებლად, ხოლო 30 პროცენტი ამბობს, რომ კორუფციას საქართველოში “არც კარგად, არც ცუდად” ებრძვიან.

გენდერული თანასწორობა პოლიტიკაში

NDI-ს კვლევისას გამოკითხულთა 49 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია, პარტიას ჰყავდეს ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა. გამოკითხულების 46 პროცენტი ფიქრობს რომ გენდერული თანასწორობა პარტიაში უმნიშვნელოა.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტის (58%) აზრით, ქალაქის მერის პოზიციაზე ქალიც კარგად იმუშავებს და კაციც. თუმცა, 29 პროცენტი მიიჩნევს, რომ კაცი უკეთ გაართმევს თავს მერის თანამდებობას.

გამოკითხულთა უმრავლესობის (78%) აზრით, პარლამენტის წევრის პოზიციაზე ქალისა და კაცის შესაძლებლობები თანაბარი იქნება. ასევეა საკრებულოს წევრობის შემთხვევაშიც, სადაც 77 პროცენტი მიიჩნევს იმავეს.

აფგან მუხტარლის საქმე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის სკანდალური საქმეც მოხვდა.

მუხტარლის გატაცების შესახებ გამოკითხულთა 72%-მა იცოდა, 26%-მა არა. 82% ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება.

გამოკითხული მოქალაქეების 56 პროცენტი მიიჩნევს, რომ აფგან მუხტარლის გატაცების საქმე საქართველოზე, როგორც ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაში რეგიონის ლიდერის პოზიციაზე, უარყოფით გავლენას მოახდენს. გამოკითხულა ორი პროცენტს, ჰგონია, რომ ჟურნალისტის გატაცება ქვეყნის რეპუტაციას წაადგება, 15 პროცენტის მოსაზრებით კი, ეს ფაქტი საერთოდ არანაირად არ აისახება ქვეყნის იმიჯზე.  (აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მუხტარლი ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა. საქართველოს ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია.)

  • კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, გამოკითხვას კი CRRC-საქართველო ატარებდა. კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) შესრულდა. 2 261 პირი, პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევით გამოიკითხა.

ასევე წაიკითხეთ