ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა ირწმუნება, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლის ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს" />

სამხრეთ ოსეთში ჟურნალისტს პრეზიდენტის კრიტიკის გამო სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან

ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა ირწმუნება, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლის ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს

სამხრეთ ოსეთის ტელერადიო კომპანია „ირ“-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, „ეხო კავკაზას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამო, ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვოს.

ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა, რომელიც „ეხო კავკაზასთან” თანამშრომლობდა (“ეხო კავკაზა” რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი პროექტია, რომელიც თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის მოვლენებს აშუქებს) ირწმუნება, რომ კონფლიქტის მიზეზი გახდა სტატია „როგორ იჩხუბეს პრეზიდენტმა და ინვესტორმა“. მასალაში საუბარია სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და რუს ბიზნესმენ ტაიმურაზ ბოლოევს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

ქელეხსაევას თქმით, პრეზიდენტმა სტატია პირად შეურაცხყოფად მიიღო. 19 თებერვალს დილით, სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლის შენობაში, სადაც ქელეხსაევა მუშაობს, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები გასაჩხრეკად მივიდნენ.

 

“მამაკაცები, რომელთა შორის სახელმწიფო დაცვისა და პრეზიდენტის პირადი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ამოვიცანი, დოკუმენტებს ამოწმებდნენ, კომპიუტერებში აღადგენდნენ წაშლილ მასალებს, იწერდნენ რაღაც ფაილებს… ვერ ვხვდები, რა აინტერესებდათ. დაახლოებით ერთი საათი კომპიუტერებთან გაატარეს და შემდეგ წავიდნენ“, – უამბო ირინა ქელეხსაევამ „ეხო კავკაზას“.

 

ქელეხსაევა ამბობს, რომ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მას ბუღალტერიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ საკუთარი ნებით დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ.  

„ვუპასუხე, რომ ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, წასვლის საფუძველს ვერ ვხედავ და არავითარ განცხადებას არ დავწერდი“, – ამბობს ქელეხსაევა.

როგორც „ეხო კავკაზა“ იუწყება, ირინა ქელეხსაევასთან დაკავშირებული მთელი ეს ისტორია სიახლე არ არის. მანამდე რადიოსადგურ „ირ“-ის ხელმძღვანელობამ „ეხო კავკაზას“ უამბო, რომ იძულებული იყო რადიოს დილის ეთერი გაეუქმებინა, რადგანაც ქელეხსაევას სამსახურიდან გაშვებას სთხოვდნენ.

 ს

ამხრეთ ოსეთის პრეზიდენტსა და ბიზნესმენს შორის მომხადარი კონფლიქტის მიზეზი სამკერვალო ფაბრიკა გახდა, რომელიც ტაიმურაზ ბოლოევმა ცხინვალში 2013 წელს გახსნა. მაშინ მეწარმემ ხელისუფლებისგან მიიღო გარანტია, რომ ინვესტიციის სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლდებოდა.

თუმცა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ბოლოევის კომპანიას „ბტკ გრუპს“ არა მხოლოდ მიმდინარე დავალიანების, არამედ  წინა წლებში დაგროვილი ვალის დაფარვაც მოსთხოვა. 

წყარო ბოლოევის უახლოესი გარემოცვიდან ამბობს, რომ ბიზნესმენი განაწყენდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.  

წყარო, რომელსაც თავის სტატიაში ირინა ქელეხსაევა ეყრდნობა, იმის შესახებაც გვიამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოლოევთან მოსალაპარაკებლად 15 თებერვალს სასწარაფოდ მოსკოვში გაფრინდა. თუმცა, ბიზნესმენმა მასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ