პუტინი, ერდოღანი და როუჰანი დარეგულირების გეგმას გვთავაზობენ" />

რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტებმა სირიის შესახებ იმსჯელეს

პუტინი, ერდოღანი და როუჰანი დარეგულირების გეგმას გვთავაზობენ

ოთხშაბათს, 22 ნოემბერს სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ პრეზიდენტები –  ვლადიმირ პუტინი, რეჯეპ ერდოღანი და ჰასან როუხანი. ეს ამ შემადგენლობით გამართული პირველი შეხვედრა იყო.

ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

პრეს-კონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ მთავარი, რაზეც ის ერდოღანსა და როუჰანის შეუთანხმდა – სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე კონგრესის გამართვაა. მისი ჩატარების სავარაუდო ადგილია – სოჭი. მან აღნიშნა, რომ კონგრესზე სირიის კონფლიქტის ყველა მხარე უნდა იყოს წარმოდგენილი.

პუტინმა თქვა, რომ კონგრესის ძირითადი მიზნები უნდა იყოს  – სირიის საერთოეროვნულ პრობლემებზე მსჯელობა, ახალი კონსტიტუციის შექმნა და მის საფუძველზე, გაეროს კონტროლის ქვეშ არჩევნების ჩატარება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სირიის ბედი თავად სირიელების მიერ უნდა გადაწყდეს – როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მიერ“, – აღნიშნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ორი დღით ადრე ვლადიმირ პუტინი სოჭში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადის შეხვდა. პუტინის თქმით, ასადი კონგრესისა და ხელახალი არჩევნების იდეას მხარს უჭერს.

გუშინდელი მოლაპარაკებების წინ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრა რუსეთს და მის პრეზიდენტს შეუძლიათ. განიხილეს თუ არა ეს საკითხი სოჭში, ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.


ასევე წაიკითხეთ