საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტი უუფლებო ადამიანია, რომელზეც ძალადობენ ექიმები, ვერ იცავს კანონმდებლობა და გარიყულია საზოგადოების მიერ" />

როგორ ცხოვრობენ საქართველოში ადამიანები ფსიქიკური პრობლემებით

საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტი უუფლებო ადამიანია, რომელზეც ძალადობენ ექიმები, ვერ იცავს კანონმდებლობა და გარიყულია საზოგადოების მიერ

 “სამი დღე მეძინა, იმდენად დიდი დოზა გამიკეთეს”

21 წლის ოლღას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოულოდნელად დაეწყო. ის ამ დროს მაგისტრატურის სტუდენტი იყო, მცენარეთა ფიზიოლოგიას სწავლობდა და აპირებდა მეცნიერი გამხდარიყო. 

ფინანსურმა და სხვა ოჯახურმა პრობლემებმა სტრესი გამოიწვია. გაუჩნდა განცდა, რომ ვეღარაფერს გააკეთებდა, მიზნებს ვერ მიაღწევდა. მალე მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და ერთ დღესაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდა. 

მას პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.

“ეს იყო ჩემი ნების წინააღმდეგ, მე იმ დროს ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა. ოჯახის წევრებმა ინერვიულეს, როცა მძიმე მდგომარეობაში მნახეს – კონტაქტზე არ გამოვდიოდი, უცნაურად ვიქცეოდი. ამიტომ, გამოიძახეს სასწრაფო, რომელმაც გლდანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადამიყვანა. იქ ჩამკეტეს. როცა ვცდილობდი გარკვევას, რა ხდებოდა, როგორ ან რატომ ვიყავი ჩაკეტილი, ჯერ ფიზიკურად შემზღუდეს, შემდეგ კი წამლებით – სამი დღე მეძინა, იმდენად დიდი დოზა გამიკეთეს”, – იხსენებს ოლღა.

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ის სამჯერ მოხვდა. ყოველ ჯერზე დაახლოებით ერთი თვით. იქ არსებულ მძიმე პირობებზე ოლღა ახლა საჯაროდ ჰყვება. სიბინძურე, მოძალადე პერსონალი, ქურდობა – ეს არის მისი მოგონებები. 

დღეს ოლღა კალინა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტია. დახურული ფსიქიატრიული დაწესებულების მონახულება უკვე მისი სამსახურია.

ის სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტია და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირს “თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის” ხელმძღვანელობს.

ეს კავშირი თემს ეხმარება და ცდილობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.

“ექიმს არ აინტერესებს ჩემი პრობლემები და ვერ მხედავს, როგორც პიროვნებას”

ოლღა ის ადამიანია, რომელიც სისტემას ყველა მხრიდან იცნობს. 

ის ამბობს, რომ საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტი უუფლებო ადამიანია, რომელზეც ძალადობენ ექიმები, ვერ იცავს კანონმდებლობა და გარიყულია საზოგადოების მხრიდან. 

მისი თქმით, ქართულ ფსიქიატრიას უამრავი პრობლემა აქვს და ერთ-ერთი პირველი ის მოძველებული მეთოდებია, რომლებითაც პაციენტებს მკურნალობენ.

საქართველოში კვლავინდებურად იყენებენ მედიკამენტებს არა მკურნალობის, არამედ პაციენტის “გათიშვის” მიზნით და ეს დღემდე ნორმად მიიჩნევა. 

“სისტემის პრიორიტეტია, პაციენტმა ნაკლები “პრობლემა” შექმნას. ამას აღწევენ  თუნდაც იმის ფასად, რომ ადამიანს საერთოდ აღარ ჰქონდეს ცხოვრება… არც ექიმთან არის ამ დროს შეკითხვები. რატომ? “დააშავა” პაციენტმა რამე? არც გაბრაზებული ნათესავები მიდიან დაწესებულებაში და არც ტელევიზიები”, – ამბობს ოლღა.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების უმრავლესობამ არ იცის საკუთარი უფლებები, მათ ამის შესახებ არავინ ესაუბრება. 

როდესაც პირველად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა, არც ოლღამ იცოდა, რომ შეეძლო მედიკამენტზე უარი ეთქვა. 

2011 წელს, როცა ის მესამედ მოხვდა კლინიკაში, გავლილი ჰქონდა ტრენინგები და ჰქონდა შესაბამისი ცოდნა, მაგრამ ამან არ უშველა – მან უარი თქვა მედიკამენტებზე, თუმცა წამალი მაინც გაუკეთეს.

“მოვითხოვე, რომ სანამ წამალს გამიკეთებდნენ, ექიმს გავსაუბრებოდი. მითხრეს, შენი ექიმი ორშაბათს მოვა და წამალი მანამდე უნდა მიიღოო. მე მის მოსვლამდე უარს ვაცხადებდი, თუმცა ძალით გამიკეთეს და თან სხვა პაციენტების თანდასწრებით. სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ ესმით, რადგან არავინ უჩივის. ადამიანებმა იმდენი წელი გაატარეს ამ ინსტიტუციაში, რომ ეს გახდა ნორმა”, – ამბობს ოლღა.

ომბუდსმენი ფსიქიატრიული დაწესებულებების შესახებ მომზადებულ ანგარიშებში აღნიშნავს, რომ გრძელდება ძველი თაობის პრეპარატების გამოყენება და ნაკლებად ზრუნავენ იმაზე, თუ რა გვერდითი ეფექტი აქვს ამ პრეპარატებს და რა დამატებითი ზიანი შეიძლება მოუტანოს მისმა გამოყენებამ კონკრეტულ პაციენტს.   

ოლღა ამბობს, რომ რომ წამლები, რომლებსაც ის იღებდა, მძიმე გადასატანი იყო: 

“ამ წამლებს ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტები აქვს. სახლში დაბრუნების შემდეგაც იგივე მედიკამენტები დამინიშნეს. იმოქმედა ღვიძლზე, კუჭზე, მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, ნახევარი წლის განმავლობაში საერთოდ არ მქონია მენსტრუაცია. ვცხოვრობდი ემოციების გარეშე, სულ მეძინებოდა. თუმცა, ექიმებმა სხვა ალტერნატივა არც შემომთავაზეს”.

უკვე წლებია, საქართველოს სახალხო დამცველი აკრიტიკებს საქართველოს ფსიქიატრიულ სისტემას იმის გამო, რომ იქ პაციენტის აზრი იგნორირებულია და სისტემა პაციენტებს პიროვნებებად არ აღიქვამს.

მაგალითად, თუ პაციენტს, რომელსაც კუჭის პრობლემა აქვს, ექიმი ესაუბრება მის დაავადებაზე, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს შეიძლება არც განუმარტონ რა მკურნალობას უტარებენ.

ასევე, არავინ ზრუნავს იმაზე, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მათი ყოფნა ოდნავ უფრო შეამსუბუქონ. 

მაგალითად, ომბუდსმენის ერთ-ერთ ანგარიშში, რომელიც ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტის შემდეგ დაიწერა, ვკითხულობთ:

“გამოკითხული პაციენტების განმარტებით, კლინიკაში გატარებული ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს და ისინი ვერ იხსენებენ განსხვავებულ დღეს”.

ოლღა კალინა იხსენებს შემთხვევას, როდესაც მძიმე პრეპარატის გამო შფოთვა ჰქონდა და ექიმს დამამშვიდებლის გამოწერა სთხოვა. დამამშვიდებლის ნაცვლად ექიმმა იმ წამლის დოზა გაუზარდა, რომელიც აძინებდა. 

“მაშინ მივხვდი, რომ ამ ექიმს საერთოდ არ აინტერესებს ჩემი პრობლემები და ვერ მხედავს, როგორც პიროვნებას”, – ამბობს ოლღა.

მედიკამენტების არაჰუმანური გამოყენების პრაქტიკა ომბუდსმენის ანგარიშშიც მოხვდა, როგორც სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. 

სახალხო დამცველის ანგარიშებში დასტურდება, რომ თუ პაციენტი მედიკამენტის მიღებაზე უარს აცხადებს, ნემსს მისი ნების საწინააღმდეგოდ უკეთებენ. 

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკა. ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს კანონმდებლობა ქიმიურ შეზღუდვას ანუ მედიკამენტის გამოყენებას არა მკურნალობის, არამედ პაციენტის კონკრეტულ მომენტში “დამშვიდების” მიზნით, არ ცნობს. ზოგ შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

კანონმდებლობა არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიული დახმარებასაც ცნობს, თუმცა მისი გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ, როცა ადამიანს გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარი არ გააჩნია და დახმარების დაყოვნებამ მას ან გარშემომყოფებს შეიძლება საფრთხე შეუქმნას. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.  

რეალურად პრაქტიკა ასეთია – პაციენტებს ხელს აწერინებენ თანხმობაზე ისე, რომ არ აცნობენ პირობებს და საკუთარ უფლებებს. ეს დაწესებულებას შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს მკურნალობის სასურველი მეთოდი.

რა ხდება ფსიქიატრიულ სტაციონარებში?

საქართველოში ამ დროისთვის ფსიქიატრიული დახმარების მიღება 11 სტაციონარშია შესაძლებელი. აქედან სრული უმრავლესობა – შვიდი, დიდი ზომის ე.წ. ფსიქიატრიული კლინიკაა, ხოლო ოთხი მრავალპროფილური საავადმყოფო, სადაც, მათ შორის, ფსიქიკური ჯანდაცვის განყოფილებაც არის.

ფსიქიატრიული დაწესებულებების უმრავლესობაში პრობლემები მსგავსია – შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პაციენტების პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების პრაქტიკა, პაციენტების პირადი სივრცის არარსებობა, საძინებლების გადატვირთულობა, ფიზიკური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია, სამედიცინო დახმარების თვეობით დაგვიანების, ვადაგასული წამლების შესახებ.და ა.შ.

სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტის შემდეგ სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი სწორედ ამ პრობლემებზე მიუთითებს.

მაგალითად, სახალხო დამცველის მიერ სულ რაღაც სამი წლის წინ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ადმინისტრაციის კაცი წარმომადგენელი ქალ პაციენტს ინტიმური ადგილების ჩვენებას სთხოვდა და ასევე, პირადი ჰიგიენის შესახებ არაკორექტულ, არაეთიკურ კითხვებს უსვამდა (2016 წ) [ომბუდსმენის არაერთი ანგარიშის შემდეგ, 2019 წლის დასაწყისში, სურამის ფსიქიატრიული კლინიკა გარემონტდა_JAMnews]  

 

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკა. ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტის დროს კი, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ მხოლოდ რამდენიმე პაციენტს ჰქონდა პირადი ჰიგიენური საშუალებები.

პაციენტების საპნები, წვერის პარსვისთვის საჭირო ასაქაფებელი ფუნჯები საერთო სარგებლობის აბაზანაში ინახებოდა ისე, რომ არც არაფერი ეწერა ზედ და შეუძლებელი იყო გარჩევა, თუ რომელ პაციენტს ეკუთვნოდა. 

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ყველა პაციენტი ერთადერთ, საერთო ღრუბელს იყენებდა ბანაობის დროს. ხოლო ბანაობა აქ ხდებოდა ჯგუფურადაც – ყველანი ერთ დროს.  

პაციენტების თეთრეული და საცვლები ერთად ირეცხება. გარეცხვის შემდეგ ისინი ვერ არჩევენ საკუთარ ნივთებს, რის გამოც სხვისი საცვლების ჩაცმა უწევთ.

სახალხო დამცველის ინფორმაციითვე, ბედიანის დაწესებულებაში პაციენტებს არა აქვთ ზამთარში საკმარისი რაოდენობის თბილი ტანსაცმელი და თბილი ფეხსაცმელი.   

“ქალ და კაც პაციენტებს კლინიკის სასეირნო ეზოში ერთმანეთთან კომუნიკაცია ეკრძალებათ, რაც კლინიკის ადმინისტრაციის განმარტებით, სქესობრივი ურთიერთობების პრევენციის მიზნით ხდება. პაციენტების გადმოცემით, იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს, რომ საპირისპირო სქესის პაციენტები ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარებას ცდილობენ, მათ უყვირის და ამ ფორმით ერთმანეთთან საუბარს უშლის”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებზე ფიზიკურად ძალადობენ სხვა პაციენტების თანდასწრებით და ზოგჯერ მათი დახმარებითაც. 

პაციენტებს აქ იმ შემთხვევაშიც ბოჭავენ, როდესაც ისინი უბრალოდ მომაბეზრებლად იქცევიან.   

ეს ყველაფერი ხდება დაწესებულებაში, სადაც პაციენტები წლობით ცხოვრობენ და რომელიც, წესით, მათი მეორე სახლი უნდა იყოს.

სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში 158 პაციენტი იყო. მათგან 32 ადამიანი აქ უკვე თერთმეტი წელია ცხოვრობს. 64 კი, ხუთ წელზე მეტია. ამ ადამიანების უმრავლესობა ოჯახებმა და საზოგადოებამ გარიყა, სახელმწიფომ შესაბამისი სერვისებით ვერ უზრუნველყო, ამიტომ ფსიქიატრიული დაწესებულებები მათ სახლად იქცა.

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკა. ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი იქვე აღნიშნავს, რომ ბედიანი გამონაკლისი არ არის და პაციენტთა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია სხვა ფსიქიატრიულ კლინიკებშიც მწვავე პრობლემაა.

“ეს ხდება იმიტომ, რომ არ არსებობს პროგრამები, რომელიც სახლში გაწერილ პაციენტებზე იზრუნებდა”, ამბობს სახალხო დამცველის ანგარიში. 

ბევრისთვის ამბულატორიული სერვისები გეოგრაფიულად მიუწვდომელია, ამიტომ ისინი წლობით რჩებიან დახურულ დაწესებულებებში.

ბევრი პაციენტის ოჯახი ვერ იღებს საკუთარ თავზე მათ მოვლას და ასეთ შემთხვევაშიც ერთადერთი გამოსავალი ხანგრძლივად კლინიკაში დარჩენაა. 

დახურულ სივრცეში გატარებული წლების შემდეგ კი, პაციენტებს უჭირთ დაბრუნება ჩვეულ ცხოვრებაში: 

“ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია იმდენად ართმევს ბენეფიციარებს ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს, რომ მათი საზოგადოებაში დაბრუნება/რეინტეგრაცია მძიმე ბარიერებთან არის დაკავშირებული და ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც ოჯახის წევრები თავს არიდებენ მათ ოჯახში დაბრუნებას”, – აღნიშნავს ომბუდსმენი ანგარიშში.

ამ კრიტიკული ანგარიშის ბოლოს სახალხო დამცველი ბედიანის დაწესებულების დაუყოვნებლივ დახურვას და პაციენტების უკეთეს პირობებში განსახლებას ითხოვდა. მოთხოვნას ჯანდაცვის სამინისტრო დაეთანხმა, თუმცა ბედიანის დაწესებულების თანამშრომლებმა სამსახურის დაკარგვის შიშით აქციები მოაწყვეს. შედეგად, პაციენტების ნაწილი სხვა დიდ ინსტიტუციებში გადაიყვანეს, ნაწილის განსახლების პროცესი კი გაურკვეველი დროით გადაიდო. 

სათემო სერვისები და მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი

არსებული მიდგომების შეცვლას პაციენტები და სპეციალისტები დიდი ხანია ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი სათემო სერვისების შექმნაა. ეს არის პაციენტისთვის საჭირო მომსახურების მიწოდება იმ გარემოში, რომელიც მისთვის მოსახერხებელია, მაგალითად სახლში. 

პრინციპი ასეთია – ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებმაც იცხოვრონ ისე, როგორც სხვა ადამიანები ცხოვრობენ –  სახლურ სიტუაციაში, რომელიც სპეციალიზებულ დაწესებულებას არ ჰგავს და არ მოსწყდნენ ჩვეულ გარემოს.

თანამედროვე მედიცინა და მსოფლიო დიდი ხანია უარს ამბობს

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მოთავსებაზე დიდი ზომის ინსტიტუციებში. პრაქტიკამ და კვლევამ აჩვენა, რომ მკურნალობა და გამოჯანმრთელების პროცესი ბევრად ეფექტურად მიდის სახლში ან სახლურ გარემოში.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაც იგივეს ამბობს –  სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლება, თავად შეარჩიონ საცხოვრებელი ადგილი, სად და ვისთან სურთ მათ ცხოვრება და არ იყვნენ ვალდებულნი, დასახლდნენ საცხოვრებლად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

საქართველოში კი, ამ მიმართულებით სიტუაცია ძალიან ნელა იცვლება.

მაია შიშნიაშვილის ბიჭი ორი წლის იყო, როცა განვითარების მძიმე დარღვევის დიაგნოზი დაუსვეს. ამას მოგვიანებით ქცევითი აშლილობებიც დაემატა. 

“ვფიქრობდი, რა ეშველებოდა ჩემს შვილს, როცა მე მის გვერდით აღარ ვიქნებოდი. მას ხომ მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება… მაშინ, მივხვდი, რომ პერსონალურად ჩემი შემთხვევისთვის გამოსავალი იქნებოდა სერვისი, რომელიც საოჯახო გარემოს იდენტური ან ძალიან მსგავსი იქნებოდა”, – იხსენებს მაია 12 წლის წინანდელ ამბავს.

მაშინ ქვეყანაში ასეთი სერვისი არ იყო. მაიამ გადაწყვიტა იგი თავად შეექმნა და ასე დაფუძნდა 2011 წელს “ხელი ხელს”, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია. 

ამ ორგანიზაციას უკვე საოჯახო საცხოვრისებიც აქვს და პერსონალური ასისტირების სერვისიც – სპეციალისტები საჭიროებების მქონე ადამიანებთან სახლში მიდიან და მათზე იქ ზრუნავენ. 

“ხელი ხელს” არ არის დიდი ორგანიზაცია – სულ ხუთი საცხოვრისი აქვს და ჯამში 25 ადამიანს ემსახურება. სახლების ნაწილი თბილისშია (2), ნაწილი კი გურჯაანში (3). რაც შეეხება სახლში მომსახურებას, ორგანიზაცია ჯამში 17 ადამიანს ემსახურება. მათი უმეტესობა თბილისშია, ნაწილი კი კახეთში.

მაიას შვილი ახლა 14 წლისაა და დედის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მომსახურებით სახლში სარგებლობს.

ორგანიზაცია სხვებსაც ახალისებს ასეთი ტიპის სათემო სერვისისების განვითარებისკენ – ტრენინგებს უტარებს მსურველებს, საქმის სპეციფიკას აცნობს. 

სახელმწიფოს ჩართულობა ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მხოლოდ ნაწილობრივია  – სახელმწიფო მხოლოდ საცხოვრისს აფინანსებს, ისიც საქმეების ინდივიდუალურად განხილვის შემთხვევაში. სხვა სერვისებით სარგებლობა ფასიანია.

ორგანიზაციის “ხელი ხელს” დამფუძნებელი, მაია შიშნიაშვილი. პირადი ფოტოარქივი

საქართველოში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს სახლში მკურნალობის სერვისს კიდევ ერთი ორგანიზაცია – “მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი” სთავაზობს.

ასერტული მკურნალობა  – ასე ჰქვია მკურნალობის ამ მეთოდს, რომლის დროსაც პაციენტი სახლში რჩება, ჩვეულ გარემოს არ სწყდება, აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას და სხვებთან ღია და თანაბარი კომუნიკაციის საშუალება აქვს. 

ამ მეთოდის მთავარი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები რაც შეიძლება ნაკლებად მოხვდნენ დახურული ტიპის დაწესებულებებში. 

“როგორც აღმოჩნდა, როცა ადამიანი მეტ დროს ატარებს სახლში, ოჯახთან, შანსი, რომ მან გააგრძელოს სწავლა, შეძლოს მუშაობა, დაუბრუნდეს თავის სოციალურ კავშირებს, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე დახურული ტიპის დაწესებულებებში ყოფნის შემდეგ”, – ამბობს “მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი გელეიშვილი.

საქართველოში ეს პროგრამა ჯერ ძალიან მცირე მასშტაბებს ფარავს.

ასერტული მკურნალობის სერვისის მიღება ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი. ისიც მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ადამიანებს  – პროგრამით სარგებლობის კრიტერიუმია სამი ან მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა ან ჰოსპიტალში ხუთთვიანი ან მეტხნიანი ყოფნის გამოცდილება.

ამ ეტაპზე ასერტული მკურნალობით ასი ადამიანი სარგებლობს და თანადაფინანსებაში მცირე წვლილი თბილისის მერიას შეაქვს.

ასერტული მკურნალობა გულისხმობს პაციენტთან ვიზიტს არანაკლებ თვეში ექვსჯერ. თუმცა, სერვისი და სატელეფონო კონსულტაცია, საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. 

დაახლოებით მსგავსი ტიპის სერვისი მცირე მასშტაბით რეგიონებშიც მოქმედებს. ამ სერვისს სახელმწიფო აფინანსებს.  ეს არის სამი ადამიანისგან შემდგარი მობილური ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტთან მიდის და ადგილზე უწევს მომსახურებას. ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 26 მობილური გუნდი მუშაობს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლიდან ფსიქიკური პროგრამების ბიუჯეტი იზრდება და იგეგმება მობილური ჯგუფების დამატებაც.

დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ  ხარისხიანი ფსიქიატრიული ჯანდაცვის მისაღწევად პრიორიტეტი სწორედ საოჯახო ტიპის მომსახურებები უნდა იყოს და არა დახურული დაწესებულებები. 

“პაციენტებს სახლი სჭირდებათ და არა კლინიკა. იმ შემთხვევაში, როცა შესაძლებელია ადამიანის სახლში მკურნალობა, ის უნდა დარჩეს სახლში. სათემო სერვისი მიუწვდომელია ბევრისთვის. სანაცვლოდ, გვაქვს დიდი ზომის თავშესაფრები, სადაც ამ ადამიანებზე არ ზრუნავენ, და სადაც მათი მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, არამედ პირიქით, უარესდება. ადამიანების ყოფნა ჩაკეტილ დაწესებულებაში უბრალოდ დანაშაულია. მათ პრაქტიკულად ყველა უფლება აქვთ წართმეული – ცხოვრების უფლება, იმასთან ცხოვრების უფლება, ვისთანაც მათ სურს, დასაქმების, სწავლა-განათლების უფლება. სახელმწიფო მათ ვერ სთავაზობთ ალტერნატივას, მათი უფლებების რეალიზებაზე დაფუძნებულ სერვისს” – ამბობს ორგანიზაციის “ხელი ხელს” დამფუძნებელი, მაია შიშნიაშვილი.

Რა იცვლება 2020 წელს?

​​ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია ამბობს, რომ სახელმწიფოს გაცნობიერებული აქვს სათემო სერვისების მნიშვნელობა და  ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის დოკუმენტში წერია, რომ სათემო და სტაციონარული სერვისები ერთმანეთს უნდა გაუთანაბრდეს:

“ამ მიმართულებით ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთბაშად ასე ყველაფერი არ ხდება. ამის პირველი დამადასტურებელი არის ის, რომ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მრავალპროფილურ დაწესებულებაში გახსნილ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებას და არა მსხვილ სპეციალიზებულ დაწესებულებებს,”, – ამბობს ადამია.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ 2020 წელს ფსიქიკურ ჯანდაცვაზე 27.5 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც 3.5 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს.

მიუხედავად იმისა, რომ თანხა გაზრდილია, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მაინც არასაკმარისია ამ სფეროში არსებული მძიმე სურათის შესაცვლელად. 

თანაც, ექსპერტების თქმით, სახელმწიფო ყოველწლიურად კი გამოყოფს გარკვეულ თანხას, თუმცა მთავარი კითხვაა, რამდენად ეფექტურად იხარჯება ეს ფული და რეალურად ეხმარება თუ არა სისტემა პაციენტებს: 

“ბოლო რამდენიმე წელია ბიუჯეტი იზრდება, ახალი სერვისები ჩნდება, მაგრამ არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც გარანტიას მოგვცემს, რომ ეს დამატებითი თანხა პაციენტამდე მიდის და სწორად იხარჯება. ისიც არ ვიცით, თანხა საკმარისია თუ არა, სერვისი სწორად მიეწოდება თუ არა”, – ამბობს ფსიქიატრი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტ პროფესორი, გიორგი გელეიშვილი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ მონიტორინგის მექანიზმის არარსებობას მიიჩნევს.

მაია შიშნიაშვილიც აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია სტანდარტები, რომლებსაც ამ სფეროში არსებული მომსახურებები უნდა დაექვემდებაროს. 

“ანუ ჩვენი სახელმწიფო ვერ არჩევს რომელი ორგანიზაცია ან დაწესებულება აძლევს ადამიანს ხარისხიან მომსახურებას და უხარისხოს. ხარისხის კონტროლი პრაქტიკულად არ ხდება, რადგან  სტანდარტი არ გვაქვს და როგორ უნდა შეამოწმონ”, – ამბობს ის. 

გიორგი გელეიშვილი შეცდომად მიიჩნევს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის მიმართულებების ერთმანეთისგან გამოყოფა მოხდა. 

ამ გადაწყვეტილებამ სისტემაში ბევრი გაუგებრობა და პრობლემა შექმნა. 

მაგალითად, თუ პაციენტი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელია და პარალელურად, ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს, მას ფსიქიატრის ლიცენზიის მქონე ექიმი ვერ უმკურნალებს. ახალი წესის თანახმად, მას მხოლოდ ნარკოლოგიის ლიცენზიის მქონე ექიმმა უნდა უმკურნალოს. ამავე დროს, ნარკოლოგიურში ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების მიღება აკრძალულია.   

“რა უნდა ქნას ასეთმა პაციენტმა? ასეთ შემთხვევებში, ორი ვარიანტია – ან პაციენტი რჩება ჰაერში, ან დაწესებულება იძულებულია რაღაცნაირად შეფუთოს ეს მდგომარეობა და ხელოვნური დიაგნოზი დასვას. თუ დაწესებულება დაარღვევს კანონს, მას პასუხს მოსთხოვენ. თუ არ დაარღვევს და ასეთ პაციენტს დახმარებას არ აღმოუჩენს, შეიძლება რამე მოხდეს და პასუხს ისევ დაწესებულებას მოსთხოვენ”, – ამბობს გელეიშვილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება რომ გადასახედია, ეს უკვე გამოჩნდა წლის დასაწყისში, რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დროს – მწვავე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელიც იყო, 13 წლის ძმისშვილი მოკლა. ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, ოჯახის წევრებმა იგი რამდენიმე კლინიკაში მიიყვანეს, რადგან მისი მდგომარეობა გამწვავებული იყო. თუმცა პაციენტი არც ნარკოლოგიურმა და არც ფსიქიატრიულმა კლინიკამ არც რუსთავში და არც თბილისში არ მიიღო

“მეზობლებს უნდათ ცალკე შესასვლელი გვქონდეს”

როდესაც საუბარია ფსიქიკური ჯანრთელობის მქონე ადამიანებზე, ამ მიმართულებით მუდმივ პრობლემად რჩება ის სტერეოტიპები, რომლებიც გავრცელებულია საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ ადამიანების ცხოვრებას.

გიორგი გელეიშვილი ჰყვება, რომ მის ორგანიზაციას ოფისი ნუცუბიძის პლატოზე, ერთ-ერთ კორპუსში აქვს ნაქირავები. მისი თქმით, პერიოდულად, მეზობლები მათ იქ ყოფნას აპროტესტებენ.

“უნდათ, რომ ჩვენ იქ არ ვიყოთ, ცალკე შესასვლელი გვქონდეს და ა.შ.”, – ჰყვება გელეიშვილი.

ის გამოსავალს განათლებაში ხედავს.

საზოგადოების მხრიდან სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე საუბრობს მაია შიშნიაშვილიც. მისი თქმით, იმის გამო, რომ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანები საშიშებად მიაჩნიათ. ამას ხელს უწყობს მედიაც.

“ძალიან ხშირად, როცა ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, მაშინვე ეჭვს გამოთქვამენ ფსიქიკური პრობლემის შესახებ. ძალადობის და მოძალადის ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანთან გაიგივებით იმ ადამიანების დემონიზება ხდება, რომლებიც, ძალიან ხშირად, მოძალადეები კი არა, მსხვერპლები არიან”, – ამბობს შიშნიაშვილი.

ოლღა კალინა, რომელიც პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით ცხოვრობს და მუშაობს, სტერეოტიპულ ტერმინოლოგიაზე მიუთითებს. ის ამბობს, რომ ხშირად მოქალაქეები, მათ შორის პოლიტიკოსები ტელეეკრანებიდან, ვინმეს გასალანძღად სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის გამომხატველ სიტყვებს იყენებენ.

“არც ფიქრობენ, რომ ეს არის ადამიანის საკმაოდ სერიოზული მდგომარეობა, პრობლემა და ამაში არაფერია სასაცილო ან სამარცხვინო. საზოგადოებას სჯერა, რომ თუ გარკვეული დიაგნოზი გაქვს, არ ხარ “ნორმალური”. სინამდვილეში, კრიზისი შეიძლება იყოს საკმაოდ ხანმოკლე და სხვა პერიოდებში ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებდე”, – ამბობს ოლღა.


ასევე წაიკითხეთ