მისი ბავშვობის მოგონებები შიდა ოჯახურ საქმედ დარჩა, თუმცა, შეიძლებოდა, კრიმინალური გამხდარიყო " />

როგორ აპატიო მამას

მისი ბავშვობის მოგონებები შიდა ოჯახურ საქმედ დარჩა, თუმცა, შეიძლებოდა, კრიმინალური გამხდარიყო

უფლებადამცველი ორგანიზაციის, The Advocates for Human Rights-ის მტკიცებით, აზერბაიჯანელი ქალების 43 პროცენტს ოჯახური ძალადობა განუცდია

რთხელ ამერიკაში, მეგობრები ფიდანს ჰაშიშიანი შოკოლადით გაუმასპინძლდნენ. თავდაპირველად სისუსტე იგრძნო. შემდეგ, თავში მუსიკამ დაიწყო დაკვრა. და ბოლოს, დაიწყო ჰალუცინაციები. ისინი ბევრი იყო, მაგრამ მას მხოლოდ ერთი დაამახსოვრდა: თითქოს დედის საშოში იყო.

ფიდანს უნდა, სჯეროდეს, რომ ეს არა უბრალოდ ჰალუცინაციები, არამედ მოგონება იყო ქვეცნობიერის სიღრმეებიდან. იმიტომ რომ, მისი პირველი გაცნობიერებული მოგონება ასეთია:

„დედა ფანჯარასთან დგას და ხელში ჩემი ძმა უჭირავს. მის პირდაპირ კი – განრისხებული მამა დანით ხელში.

რამდენი წლის ვიყავი მაშინ? სამი წლის? არ ვიცი. მახსოვს მხოლოდ ლამაზი ქალი, შიში მის თვალებში და მამაჩემის ზურგი. ჭერზე ჩამოკიდებული შიშველი ნათურა ოდნავ ანათებდა ვიწრო საძინებელს, რომელიც საბჭოთა მატარებლის ვაგონს ჰგავდა.

ეს იყო ჩემი მაშინდელი სამყარო. იმ დროისთვის ჩემთვის ცნობილი ერთადერთი სამყარო. მუდმივი ცემა და დედის თვალები.

სიმართლე გითხრათ, კიდევ მახსოვს ყიყლიყო. ძველი თუჯის ტაფა, პურის ნაჭრები, კვერცხით სავსე ჯამი, საბჭოთა კარაქი (ყვითელი, თხელ ფურცელში გახვეული) და ყიყლიყოს სუნი.

კიდევ მახსოვს თოვლი. მამა სამსახურში მიდიოდა და კარის გაღება ვერ მოახერხა, იმიტომ რომ ჩემზე უფრო მაღალმა თოვლის ნამქერმა დაფარა. ეს იყო პირველი „დიდი“ თოვლი ჩემს ცხოვრებაში.

ოდესაც მამა დედას ცემას იწყებდა, მე ძირს ვვარდებოდი და ფეხებზე ვეხვეოდი, რათა მისთვის თავი დაენებებინა. როგორც ჩანს, ეს მოქმედებდა. მამა მშვიდდებოდა.

ის ხშირად ურტყამდა დედას და ჩემს ძმას. მე არ მეხებოდა. ვისწავლე, მისთვის „იდეალური“ ვყოფილიყავი. არ მომეთხოვა განებივრება, არ მეთამაშა და ჩუმად ვმჯდარიყავი. დედაჩემისა და ჩემი ძმის მაგალითზე მივხვდი, რა აღიზიანებდა და რას გამოჰყავდა წყობიდან. კიდევ, მისი სახის გამომეტყველებით ვისწავლე მისი განწყობისა და ემოციების წაკითხვა. ვგრძნობდი, როდის „დატრიალდებოდა ქარიშხალი“ და მიმიკით ვცდილობდი მიმეხვედრებინა ჩემი ძმა, რომ ახლა მოხვდებოდა. მაგრამ ის ჩემს მინიშნებებს ვერ იგებდა და ხვდებოდა ხოლმე. ასე ვისწავლე, გამჩენოდა დანაშაულის შეგრძნება.

მამაჩემის სურვილით დავდიოდი მუსიკასა და ჭადრაკზე. ისე მინდოდა, მისთვის კარგი ვყოფილიყავი, რომ ძალიან ვინდომებდი. ჭადრაკში არის ვარჯიშის ასეთი მეთოდი: დაფისკენ ზურგით ზიხარ და გეუბნებიან ფიგურების განლაგებას. რაღაც ბრმად თამაშის მსგავსია. მისაღებ ოთახში იატაკზე ვიჯექი. იქვე – მამა ჭადრაკის სავარჯიშოების კრებულით. მახსოვს იმ ძველი წიგნის სუნი. ყოველთვის ვპოულობდი სწორ პასუხებს. არა იმიტომ, რომ ჭადრაკი მიყვარდა. უბრალოდ, ძალიან მეშინოდა, მისთვის იმედები არ გამეცრუებინა.

ირველად ჩემზე ხელი მაშინ ასწია, როდესაც 6 წლის ვიყავი.

ჩემმა ძმამ მეზობელ ბიჭს დაუძახა ჩვენთან სათამაშოდ. მშობლები სახლში არ იყვნენ. როდესაც მამა დაბრუნდა, ძალიან თბილად გააცილა მეზობელი (ის ხალხთან ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი იყო). და მივხვდი, რა დაიწყებოდა. რადგან წასვლისას დაიბარა, რომ არავინ შემოგვეშვა.

მოკლედ მითხრა: „დადე დანა გაზზე“.

მანამდე მხოლოდ ჩემს ძმას სჯიდნენ ასე. ეს მე პირველად უნდა შემმთხვეოდა. წავედი სამზარეულოში. გამოვიღე კარადიდან დანა. ვიცოდი, ზუსტად რომელი იყო საჭირო. იქ ამ „ცერემონიისთვის“ სპეციალური დანა იყო – გრძელი და წვრილი.

ჩავრთე გაზი. ზემოდან დანა დავადე. ვუყურებდი ცეცხლს და ვფიქრობდი, რომ არ მინდოდა ახლა დედა მოსულიყო და გადავერჩინე. იმიტომ რომ მასაც სცემდა. დედა, გთხოვ, ჯერ არ მოხვიდე.  

ზამთარი იყო. თბილი რეიტუზები მეცვა. მისაღებში ტახტზე დავჯექი. მამაჩემმა მითხრა: „გაიხადე რეიტუზები“. გავიხადე (მახსოვს, ისინი ყოველთვის სწრაფად იხეოდა ჩემი სიმსუქნის გამო).

ხელები მუხლებზე დავიწყვე და თვალები დავხუჭე. დედა, გთხოვ, ჯერ არ მოხვიდე.

მამამ სამზარეულოდან გავარვარებული დანა მოიტანა. თავიდან ხელისგულებს მიწვავდა, შემდეგ ფეხებს. ჩუმად ვიყავი. თვალები გავახილე და ვუყურებდი, როგორ ცდილობდა ჩემი ძმა კარადის თავზე აძრომას. „აი, სულელი“, – გავიფიქრე – „პირდაპირ ადამიანი ობობა“.

არ მახსოვს, მტკიოდა თუ არა. მახსოვს, როგორ იჯდა მამა ჩემ წინ მუხლებზე დანით ხელში და თვალებში მიყურებდა. მეც ვუყურებდი და ჩემი თვალები იღიმებოდნენ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არ მეტირა, მასთან არ დავმარცხებულიყავი.

მაგრამ ცრემლი მაინც წამომივიდა. ან ტკივილისგან, ან შეურაცხყოფისგან.

ეორეჯერ 16 წლის ვიყავი. დაქალთან ერთად კონცერტზე წავედი, შემდეგ კი ნაყინის ყიდვა გადავწყვიტე. როდესაც სახლში დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ უკვე მეძებდნენ.

მისაღები ოთახის შუაში ვიდექი. პირდაპირ ჭაღის ქვეშ. იქ ჩვენ ლამაზი, ძველებური, 8-სანთლიანი ჭაღი გვეკიდა. მაგრამ ამ დრომდე არ მესმის, ამ სახლში რატომ არასოდეს იყო საკმარისი სინათლე.

როგორღაც მოვახერხე საშინაო ტანსაცმელში გამოწყობა. გავიხადე კაბა, რომელიც მეზობელი ოლიასგან ვიქირავე. მამა ჩემ პირდაპირ იდგა. მკითხა, სად ვიყავი. ვუპასუხე. სილა გამაწნა. ვფიქრობდი, რომ სიმართლის თქმით, სასჯელს გავექცეოდი, მაგრამ როდესაც დამარტყა, ავფეთქდი, დავუწყე ყვირილი და მუშტების რტყმა.

– სიმართლე გითხარი! რა უფლება გაქვს?! ჩვენ უბრალოდ ნაყინი ვჭამეთ!

ისტერიკაში ჩავვარდი. არა იმიტომ, რომ სილა იყო მტკივნეული, არამედ იმიტომ, რომ უსამართლოდ მომხვდა.

სეთი რამე მესამედ მაშინ მოხდა, როდესაც უკვე 26 წლის ვიყავი. დედაჩემთან ერთად მისაღებ ოთახში ვიჯექი და ფილმს ვუყურებდი. უკვე რვა წელი იყო, რაც მასზე ხელი არ აღემართა. ეს მას შემდეგ, რაც მეჩეთში, ყურანზე დადო ხელი და დაიფიცა, რომ ამას აღარ გააკეთებდა. ფიცი დედაჩემის დასაბრუნებლად დადო, როდესაც ის სახლიდან გატეხილი ცხვირითა და გაბზარული თავის ქალით გაიქცა.

ამჯერად მან ჩემი უმცროსი დის ლანძღვა დაიწყო, დედამ კი ის დაიცვა. უცებ, მამამ ხელი მოუქნია და დედას თავში დაარტყა. ზუსტად იმ ნაწილში, სადაც ბზარი ჰქონდა.

არ მახსოვს, როგორ წამოვფრინდი ტახტიდან და ვეცი მამაჩემს. ვაგინებდი, ვკბენდი, ხელებს ვურტყამდი. მან თმებში ჩამავლო ხელი და მუცელში ფეხებს მირტყამდა. ჩემი ძმა ჩვენს გაშველებას ცდილობდა. უცებ მამამ მაგიდიდან ბროლის საფერფლე აიტაცა და მომიქნია. დავუყვირე: „მესროლე, ძუკნა, მესროლე! ციხეში ჩაგაყუდებ!“. მან საფერფლე დაუშვა. ზოგჯერ მენატრება ხოლმე მაშინდელი გამბედაობა.

კიდევ მენატრება წიგნები. როდესაც თითოეული სიტყვის გაკონტროლება ვისწავლე, თითქმის შევწყვიტე ლაპარაკი და მთელი დროს კითხვას ვუთმობდი. მახსოვს, პატარა ვარ, წამოწოლილი ვარ ტახტზე, ვკითხულობ ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს, „კარლსონს“, „პეპის“ და სხვებს და სამზარეულოში მყოფ დედას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გემრიელ კარტოფილის ღვეზელს მიმზადებს, ვეკითხები ისეთი სიტყვების მნიშვნელობას, რომლებიც არ მესმის. ეს ღვეზელებიც მენატრება ხოლმე.

19 წლის ვიყავი, როდესაც ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე და თანდათანობით კარგი თანხის გამომუშავება შევძელი – 10 წლის განმავლობაში მოვაგროვე ბინის შესაძენი ფული და წამოვედი მშობლებისგან.

ახლა 39 წლის ვარ. საკუთარი ქორწილიდან ორჯერ გავიქეცი – საქმროებს ბოლო მომენტში ვეუბნებოდი უარს. ხანდახან დედაჩემი დამყავს იმ ადგილებში, სადაც ყოველთვის უნდოდა წასვლა. ერთად უკვე მოვინახულეთ ვატიკანის მუზეუმი, გოდების კედელი, ჯაჭვის ხიდი. სიაში დაგვრჩა ერმიტაჟი, ეგვიპტის პირამიდები და კიდევ ბევრი სხვა რამ.

დედა მამასთან ერთად ისევ იქ, ჩვენს ძველ ბინაში ცხოვრობს, სადაც მისაღებ ოთახში ძველებური ჭაღი კიდია. მამა მოხუცდა. კვირაში რამდენჯერმე მივდივარ ხოლმე მათ მოსანახულებლად.

წლების განმავლობაში მესიზმრებოდა სიზმარი, რომელშიც მამა დედას ახრჩობდა, მე კი იქვე ვდგავარ და ხმის გამოცემა არ შემიძლია, ხელს ვერ ვანძრევ. ერთხელ ინტერნეტში ვნახე წიგნი რჩევებით იმის შესახებ, თუ როგორ აპატიო მშობლებს. ვფიქრობ, ერთ-ერთი მათგანი დამეხმარა. მამაჩემის ბავშვობის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, ამიტომ არ მიჭირდა წარმომედგინა ის პატარა. წარმოვიდგენდი ხოლმე, თითქოს ერთ ოთახში ვიყავით და ვხედავ, როგორ ამცირებს და ურტყამს მამამისი. ფიქრებით მივედი ამ პატარა ატირებულ ბიჭთან და მოვეხვიე. არა ფეხებზე“.


ასევე წაიკითხეთ