სომხეთში, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები და სისხლიანი დანაშაულები" />

როგორ ანადგურებდა რუსული ბაზა ადგილობრივ მოსახლეობას

სომხეთში, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები და სისხლიანი დანაშაულები

რუსული სამხედრო ბაზა გუმრიში. ფოტო: ერანუი სოგოიანი

“კავკაზსკი უზელმა” გამოაქვეყნა სომხეთში, გიუმრის რუსულ ბაზასთანაა დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევებისა და სისხლიანი დანაშაულების დაწვრილებითი ჩამონათვალი.

ყველაზე გვიანდელი საზარელი ისტორია საბოლოოდ სულ ახლახან დასრულდა.  ა.წ. აგვისტოში რუს სამხედრო მოსამსახურეს, ვალერი პერმიაკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება წელიწადნახევრიანი საგამოძიებო პროცესის შემდეგ მიიღეს. 2015 წლის 12 იანვარს პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი მოკლა, მათ შორის – ექვსი თვის ბავშვი.

რუსი სამხედროების მიერ 1995 წლიდან (მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო ნაწილები სომხეთში განლაგდა) სომხეთში ჩადენილი დანაშაულების სია. ჩამონათვალი შედგენილია საინფორმაციო სააგენტო “კავკაზსკი უზელის” მიერ.

1999 წელი. სროლა ბაზარში

1999 წლის 14 აპრილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი და ავტომატებით შეიარაღებული ორი რუსი მესაზღვრე გიუმრის ბაზარში შევიდა და უმისამართო სროლა ატეხა. შედეგად, დაიღუპა – ორი და დაიჭრა ცხრა ადამიანი.

მესაზღვრეები (ეფრეიტორი ალექსანდრ კამენევი და რიგითი დენიზ პოპოვი) ბაზრის მოვაჭრეებმა განაიარაღეს და პოლიციაში წაიყვანეს. გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსეთისა და სომხეთის სასამართლო ორგანოების შეთანხმებით, პროცესი, რომელსაც სომეხი მოსამართლე ხელმძღვანელობდა, სომხეთში,  სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობდა.

1999 წლის 27 დეკემბერს გიუმრის სასამართლომ კამენევსა და პოპოვს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – შესაბამისად, 15 და 14 წლით.

კამენევი 2011 წლამდე სომხეთში იხდიდა სასჯელს. რუსულმა მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რის საფუძველზეც, სასჯელის დანარჩენი ნაწილის მოსახდელად იგი რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანეს.

პოპოვმა სომხეთში მხოლოდ 2 წელი დაჰყო. 2001 წლის 18 აპრილს იგი რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს. “კავკაზსკი უზელმა” ვერ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად აგრძელებენ კამენევი და პოპოვი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდას.

 2003 წელი. სროლა სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე

2003 წლის 11 ივლისს რამდენიმე ახალგაზრდა გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე შეღწევას შეეცადა. თვითმხილველების თქმით, მათ სამხედრო ნაწილის მორიგემ წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ შეხლა-შემოხლას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოჰყვა.

შედეგად, მოკლულ იყო გიუმრის  2 მკვიდრი – არტურ პოღოსიანი და არმენ აროიანი. ამას გარდა, ორი  ადამიანი ცეცხლსასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს.

ინციდენტის შემდეგ გათავისუფლდა ბაზის ხელმძღვანელი, გენერალ მაიორი ალექსანდრ ტიტოვი. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ტიტოვმა უხეშად დაარღვია სამხედრო დისციპლინა და “სამსახურეობრივი მოვალეობები არ შეასრულა.”

 2013. სატანკო პოლიგონზე დაღუპული მოზარდები 

2013 წლის 7 აპრილს სომხეთში, შირაქის ოლქის სოფელ ვაგრამაბერდთან, რუსული სატანკო პოლიგონის ტერიტორიაზე ამ სოფლის 2 მკვიდრი (2001 წელს დაბადებული ა.მკრტიჩიანი და 1997 წელს დაბადებული მ.გევორქიანი) დაიღუპა.

გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბავშვები ნაღმზე აფეთქდნენ. ისინი ერთ-ერთი მათგანის მამასთან ერთად ცხვარს მწყემსავდნენ, როდესაც ჭურვები და ყუმბარების ნარჩენები დაინახეს. მათ ნაპოვნი საბრძოლო საშუალებები ქვაზე დაახეთქეს და აფეთქდნენ.

პროკურატურის ვერსიით, მოზარდები არასანქცირებულად აგროვებდნენ ჯართს იმ ნაკვეთზე, სადაც სროლები მიმდინარეობდა.

 2015 წელი. ოჯახის ჩაცხრილვა გიუმრიში

2015 წლის 12 იანვრის დილას გიუმრიში ავტომატით გასროლის შედეგად მოიკლა ერთი ოჯახის რამდნიმე წევრი – 1961 წელს დაბადებული სერიოჟა ავეტისიანი, მისი მეუღლე, 1959 წელს დაბადებული ჰასმიკ ავეტისიანი, მათი შვილები, 1979 წელს დაბადებული აიდა ავეტისიანი, 1981 წელს დაბადებული არმენ ავეტისიანი, სერიოჟასა და ჰასმიკის რძალი, 1990 წელს დაბადებული არაქსია პოღოსიანი და მათი შვილიშვილი, ორი წლის ჰასმიკ ავეტისიანი.

ოჯახის ერთადერთ გადარჩენილ წევრს, სერიოჟასა და ჰასმიკის ექვსი თვის შვილიშვილს, სერიოჟა ავეტისიანს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ბავშვი მოგვინებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ გაავრცელა ვერსია, რომლის მიხედვითაც, მკვლელობა 102-ე რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეს, ვალერი პერმიაკოვს შეიძლებოდა, ჩაედინა. იგი იმ დილით სამსახურის ადგილიდან გაიქცა.

13 იანვრის ღამით სასაზღვრო განწესმა იგი დასავლეთ სომხეთში, სოფელ ბაიანდურის შორიახლოს, თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავა. პერმიაკოვს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა; საბუთები არ აღმოაჩნდა, თუმცა, მას თან სამი მობილური ტელეფონი, ფანარი და 6000 დრამი (დაახლოებით $13) ჰქონდა.

 

იმავე დღეს პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის ამოწყვეტა აღიარა. დაკითხვაზე მან აღნიშნა, რომ მკვლელობას არ გეგმავდა, მაგრამ გაქცევას აპირებდა, არ სურდა, ჯარში ემსახურა. პერმიაკოვის თქმით, მას ეშინოდა, რომ მის ადგილსამყოფელს გათქვამდნენ, და ავეტისიანები ამიტომ დახოცა.

ინციდენტის შემდეგ პერმიაკოვი დააპატიმრეს და სამხედრო ბაზის ჰაუპტვახტში მოათავსეს.

15 იანვარს გიუმრიში მასობრივი მანიფესტაციები მოეწყო. დემონსტრანტებმა მასობრივი არეულობა გამოიწვიეს და პოლიციასთან შეტაკებაც მოხდა. ათასობით ადამიანი რუსი ჯარისკაცის გადმოცემას ითხოვდა.

2015 წლის 19 იანვარს, სომხეთში ვიზიტისას, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა პირობა დადო, რომ პერმიაკოვის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო გარჩევა სომხეთში ჩატარდებოდა და ეს პროცესი საჯარო იქნებოდა. მანვე აღნიშნა, რომ საქმეს რუსეთის სამხედრო სასამართლო გაუძღვებოდა.

3 თებერვალს სომხეთის გენერალურმა პროკურორმა თავის რუს კოლეგას მიმართა შუამდგომლობით პერმიაკოვის სომხური მხარისთვის გადაცემის შესახებ.

2016 წლის 23 აგვისტოს, გიუმრიში სასამართლომ ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის 7 წევრის მკვლელობაში, ყაჩაღურ თავდასხმასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დამნაშავედ აღიარა. პერმიაკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

 რუსეთის სამხედრო ძალები სომხეთში (ცნობარი შედგენილია სააგენტო “კავკაზსკი უზელის” მიერ)

  • 2010 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა პროტოკოლს რუსეთ-სომხეთის 1995 წლის შეთანხმების მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესახებ. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსული სამხედრო ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიში 2044 წლამდე დარჩება. შეთანხმების მოქმედების ხანგრძლივობა 25 წლით განისაზღვრებოდა. პროტოკოლით კი, ეს ვადა 49 წლით გახანგრძლივდა. 
  • სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გიუმრიში განთავსებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, რომელიც დსთ-ს გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის სისტემების ფარგლებში სამხედრო მორიგეობას ახორციელებს. 2010 წლის 20 აგვისტოს რუსეთმა და სომხეთმა ამ ბაზის განთავსების შესახებ დადებული შეთანხმების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს. შეთანხმება 1995 წელს დაიდო და მისი მოქმედების ვადა 25 წლით იყო განსაზღვრული. ახლა დოკუმენტი 2044 წლამდე იმოქმედებს. ამას გარდა, პროტოკოლი “ბაზის გეოგრაფიული და სტრატეგიული პასუხისმგებლობის სფეროების გაფართოებასაც” მოიაზრებს. 
  • გიუმრის რუსულ ბაზა უზრუნველყოფილია დანადგარით ЗРК С-300 და МиГ-29-ს ტიპის გამანადგურებლებით. სამხედრო ნაწილში 4,5 ათასი ადამიანი მსახურობს. 
  • ბაზას ორი ფუნქცია აქვს – ის რუსეთის ფედერაციის ინტერესებს იცავს და, სომეხ სამხედროებთან ერთად, სომხეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 
  • რუსულმა მხარემ სომხეთის სამხედრო სფეროს “თანამედროვე და ერთობლივი შეიარაღებით, სამხედრო და სპეციალური ტექნიკით” უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო.
  • სომხეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს (330 კმ), ისევე როგორც  სომხეთისა და ირანის გამყოფ ზოლს (45 კმ), რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველო იცავს.
  • სომხეთის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ რუსი მესაზღვრები რუსეთის სამხედრო ბაზასთან ერთად რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. რუსი მესაზღვრეების ყოფნას ამ ტერიტორიაზე საფუძვლად უდევს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის სასაზღვრო ჯარების სტატუსის შესახებ, რომელიც 1992 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა. 
  • რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველო სომხეთში ოთხი რაზმითაა წარმოდგენილი – ესენია გიუმრის, არმავირის, არტაშატისა და მეღრის დანაყოფები. ამას გარდა, აღნიშნული უწყება ერევნის საერთაშორისო აეროპორტ “ზვარტნოცის” დამოუკიდებელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც მართავს. 
  • სომხეთში მომსახურე რუსი მესაზღვრეების (მათი რაოდენობა დაახლოებით 4,5 ათასი ადამიანია) უზრუნველყოფის ვალდებლებას რუსეთისა და სომხეთის სახელმწიფო ორგანოები  დაახლოებით თანაბრად ინაწილებენ.

ასევე წაიკითხეთ