საუბარი ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ბაქოს ლამაზ ადგილებს შეეხებოდა " />

აზერბაიჯანის პრეზიდენტი რობოტ სოფიას ესაუბრა

საუბარი ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ბაქოს ლამაზ ადგილებს შეეხებოდა

უკანასკნელი დროის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მსოფლიო საოცრება რობოტი სოფია აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ქალაქ იმიშლიში (აზერბაიჯანის სამხრეთი) რობოტსა და პრეზიდენტს თავაზიანი საუბარი ჰქონდათ.

სოფია – ადამიანის მაგვარი რობოტია, რომელიც ჰონკონგის კომპანიამ Hanson Robotics-მა შექმნა. ის ადამიანის ქცევისადმი ადაპტირდება და მასთან შინაარსიანი საუბრის გამართვა შეუძლია. სოფია „დაიბადა“ 2015 წელს, ახლა კი მსოფლიოში მოგზაურობს და სხვადასხვა ადამიანს ხვდება. თუმცა, ვლადიმირ პუტინის გარდა, პრეზიდენტები მას აქამდე არასდროს შეხვედრიან.

სოფიამ ხოტბა შეასხა ბაქოს სილამაზეს და სამსახურ “Asan“-ს – აზერბაიჯანის სახელმწიფო სამსახურს, რომელიც მოქალაქეების მომსახურებასა და სოციალურ ინოვაციებს უზრუნველყოფს. ამ სააგენტოს ერთ-ერთი ფილიალის გახსნაზე შედგა ალიევის ცნობილ რობოტთან შეხვედრა.

სახელმწიფოს მეთაურის რობოტთან შეხვედრის ფაქტმა და მათ შორის გამართულმა „თავაზიანი საუბარმა“ სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი გაამხიარულა, ზოგიერთზე კი ნეგატიური შთაბეჭდილება მოახდინა:

„აბა, რა უნდა ითქვას…სირცხვილია და თავის მოჭრა“

„პრეზიდენტი რობოტებს კი არა, რიგით ადამიანებს უნდა ესაუბრებოდეს“

„სოფიამ როგორც კი აზერბაიჯანის მიწას ფეხი დაადგა, მაშინვე მლიქვნელად იქცა“.

ხოლო ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნქტივას“ მმართველობის წევრმა, ეკონომისტმა ნატიკ ჯაფარლიმ სოფიას ჩამოსვლისადმი თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება შემდეგნაირად განმარტა:

„სოფიას აზერბაიჯანში ვიზიტი, მაგალითად, CNN-ს, BBC-ის ან Euronews-ს რომ გადმოეცა, ფეხზე დამდგარი ტაშს დავუკრავდი მათ, ვისაც აზერბაიჯანში ამ რობოტის ჩამოყვანის იდეა ეკუთვნის და ამაზე დახარჯული სახსრები გამართლებულიც იქნებოდა. მაგრამ არც ერთ მსხვილ არხს ეს არ გაუშუქებია. ხოლო სოფიას მხოლოდ ადგილობრივი AzTv-ით ჩვენება და მისთვის იმის მოყოლა, თუ ქვეყანა როგორ ვითარდება – ეს, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდულია. გამოდის, რომ რობოტი შიდა აუდიტორიისთვის ჩამოიყვანეს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შიდა აუდიტორიის დიდი ნაწილი AzTv-ის არ უყურებს“.

27 ოქტომბერს სოფია ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში 20-წუთიანი სიტყვით გამოვა. ამავდროულად ის აზერბაიჯანულ ეროვნულ კოსტუმში იქნება გამოწყობილი, სოფია ოთხ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ბილეთების ფასი 68-დან 2040 მანათამდე(დაახლოებით 40-1200 დოლარი) მერყეობს.


ასევე წაიკითხეთ