სამი ადამიანის ისტორია გიუმრიდან " />

რეჟისორი, ექიმი და მაშველი – მათ პროფესიის არჩევა 30 წლის წინანდელმა მიწისძვრამ აიძულა

სამი ადამიანის ისტორია გიუმრიდან

1988 წლის 7 დეკემბერს, 11.41 საათზე სომხეთში რიხტერის სკალით 9- ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. დაზარალდა 11 ქალაქი და 342 სოფელი. მსხვერპლის საერთო რიცხვი – 25 ათასი ადამიანი, რომელთაგან 15-17 ათასი ადამიანი ქალაქ გიუმრიში ნანგრევების ქვეშ დარჩა, 4000 კი – სპიტაკში. უსახლკაროდ დარჩა 514 ადამიანი.

რეჟისორი

30 წლის შემდეგ რეჟისორმა არუსიაკ სიმონიანმა თავის მიზანს მიაღწია: გადაიღო ფილმი დამანგრეველ მიწისძვრაზე, რომელიც სომხეთში მოხდა. ფილმი „ჩემი ახალი წელი“ გვიამბობს სპიტაკელი ოჯახის ისტორიას, რომელიც 1988 წლის 7 დეკემბრის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო.

რეჟისორმა და სცენარისტმა არუსიაკ სიმონიანმა თავის და მისი ნათესავების განცდებს 27- წუთიან ფილმში მოუყარა თავი. საერთაშორისო ფესტივალ Pomegranate-ზე, რომელიც ტორონტოში ტარდებოდა, ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს.

„თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, ჩემმა მეგობრებმა უკვე იცოდნენ, რომ მიწისძვრის შესახებ ფილმს გადავიღებდი. შესაძლოა, ეს შემოქმედების, ჩემი პროფესიის საშუალებით სულის გადარჩენის მცდელობაც იყო. ეს ფილმი ყველა იმ გადარჩენილ ადამიანს მივუძღვენი, რომლებმაც ის ქაოსი გადაიტანეს და როგორღაც შეძლეს ცხოვრების გაგრძელება“.

არუსიაკის მეხსიერებას ნანგრევებში გატარებული ბავშვობის ყველა ეპიზოდი შემორჩა. მაგრამ იმის სრულად შეგრძნება, თუ მიწისძვრის დღეს რა ხდებოდა, მოგვიანებით მოვიდა. ამბობს, რომ ის და მისი ძმა მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდნენ, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ საბავშვო ბაღის შენობიდან გამოჰყავდათ და მიწაზე მათ გვერდით აწვენდნენ, არ ეძინათ. მათი ბავშვობის მეგობრებიდან მხოლოდ შვიდი გადარჩა.

„ჩემი დედა მიწისძვრის დროს დაიღუპა. ის ვერ იპოვეს. მამაჩემმა 300 ძმათა სასაფლაო გათხარა. და დედას მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მიაგნო. მან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გააკეთა – ვიცი, დედაჩემი სადაც არის დაკრძალული. და ამისთვის მას ძალიან ვემადლიერები. ოთხი თვე გვამებს შორის – რა ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ ამაზე წახვიდე“, – ამბობს არუსიაკი.

ფილმში ის იმის შესახებ ჰყვება, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ადამიანები საკუთარ ტკივილს, რა გახდა იმის მიზეზი, რომ მამა ამ ტკივილს მოერია. ერთხელ ის შინ დაბრუნდა და თავის 6 წლის ქალიშვილსა და 4 წლის ვაჟს  „მიწისძვრობანას“ თამაშის დროს მიუსწრო:

„მაშინ ვაგონში, დროებით თავშესაფარში ვცხოვრობდით. ჩვენს თოჯინებს გავამწკრივებდით, შემდეგ რამეს დავარტყამდით – ისინი ამოტრიალდებოდნენ, და ვიწყებდით ყვირილს, თოჯინების გადარჩენას და მათ დამარხვას. სწორედ ამან მოიყვანა მამა გონს. მას არ სურდა, რომ ბავშვობა სამუდამოდ დაგვეკარგა. მამა წავიდა და უკან დიდი ნაძვის ხით დაბრუნდა, იმ დროებითი ბინიდან ზოგიერთი ნივთი გაიტანა კიდეც, რათა ეს ნაძვის ხე დატეულიყო. და ჩვენ ყველაზე მხიარული ახალი წელი აღვნიშნეთ

ფილმში ეს ეპიზოდი არის – იმის შესახებ, თუ როგორ მკურნალობს ადამიანი საკუთარ სულს და ბავშვებისთვის იწყებს ცხოვრებას. ამაშია ჩვენი ხალხის ძალა, სწორედ ამის წყალობით ჯერ კიდევ ვარსებობთ. არის კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი: გადაღებების დროს მესამე ბავშვს ველოდებოდი. ჩემი შვილების გადაღებას არ ვგეგმავდი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ გოგონას როლს ჩემი უფროსი ქალიშვილი შეასრულებდა. მე მას დედაჩემის სახელი დავარქვი“.

ექიმი

„მე მხოლოდ მიწისძვრამდე ვცხოვრობდი. შემდეგ დავქორწინდი, და მე და ჩემს მეუღლეს შვილები შეგვეძინა. მაგრამ ცხოვრება მხოლოდ მიწისძვრამდე მქონდა, მის შემდეგ ვიბრძოდით, რომ ნორმალურ ადამიანებად შევმდგარიყავით, საკუთარ ქალაქს რამით დავხმარებოდით“, – ამბობს  სამედიცინო ცენტრ „გიუმრის“ ექიმი ვარდან სუკიასიანი.

მას ზუსტად ესმის: 1988 წლის 7 დეკემბერს მიწისძვრის მომენტში ის სკოლაში იყო, მათემატიკის გაკვეთილზე.

„სკოლის შენობა ნაწილობრივ დაინგრა. სკოლის სხვა ბევრი მოსწავლის მსგავსად, მეორე სართულის ფანჯრიდან გადავხტი. რაღაც მოვიტეხე, მაგრამ შოკისგან მაინც გავრბოდი ჩემიანების მოსაძებნად“, – ჰყვება ვარდანი.

მას შემდეგ, რაც დედა და და იპოვა, 16 წლის ვარდანმა მამის – ქალაქში ცნობილი ქირურგის ძებნა გააგრძელა. საავადმყოფოსკენ რომ მირბოდა, იმის შემჩნევა მოასწრო, რომ მთელი ქალაქი დანგრეული იყო, ხედავდა სხვადასხვა მხარეს გაქცეულ, პანიკაში მყოფ ადამიანებს, დაღუპულებს.

„მამა მიწისძვრის დროს  ოპერაციაზე იყო. შეეცადა, რომ პაციენტი საავადმყოფოდან ხელით გამოეყვანა. შენობაში კიბე სრულიად ჩამოინგრა. სწორედ იქ ვიპოვეთ“, – ჰყვება ვარდანი, და თვალს გვარიდებს.

ამბობს, რომ სწორედ მაშინ შეჰფიცა მამას, რომ მის საქმეს გააგრძელებდა:

„გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როდესაც მამა ნანგრევებიდან ამოგვყავდა. დავიფიცე, რომ აუცილებლად ექიმი გავხდებოდი. იმ დროს ინვალიდობის მქონე ადამიანებს ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტში დამატებითი ადგილები გამოუყვეს, რათა უმაღლეს სასწავლებელში გასაუბრებით მოხვედრა შეძლებოდათ, დასრულების შემდეგ კი – საკუთარ რეგიონში დაბრუნება და უბედურების ზონაში მუშაობა. იმ დაზაიანების გამო, რაც მიწისძვრის დროს მივიღე, მეორე ხარისხის ინვალიდობა მქონდა.

ახლა ამ პრინციპით ვცხოვრობ – ღირსეულად ვატარო მამის სახელი. ის, რისი გაკეთებაც მამაჩემისთვის ვერ შევძელი, პაციენტებისთვის ვაკეთებ. როდესაც ადამიანებს ვეხმარები, გულზე მეშვება. ჩემი ცხოვრებისეული  ფსიქოლოგი დედა იყო. ის ყოველთვის მეუბნებოდა: შვილო, თქვენ უნდა იცოცხლოთ, და თქვენი წყალობით, გიუმრიც იცოცხლებს, გახდით კარგი სპეციალისტები და ქალაქს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარეთ. 30 წელიწადი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი იარა რჩება, იმდენი პრობლემა. მთავარი ისაა, რომ დღეს ქალაქში ოდნავ მეტი ღიმილია“.

მაშველი

გიუმრიში ცნობილი მაშველი ლევონ ბოზოიანი 1988 წელს 16 წლის იყო. მას მიწისძვრის დღის გახსენება ისევ  უჭირს. მან და მისმა თანაკლასელებმა სკოლიდან გასვლა ვერ მოასწრეს. შენობა წამებში დაინგრა. ლევონი და მისი მეგობრები ნანგრევებიდან სკოლის მოსწავლეების მშობლებს გამოჰყავდათ, და  ყველა იმ საშუალებას იყენებდნენ, რაც ხელთ ჰქონდათ: ხერხით, ჩაქუჩით.

„ფეხები მოაჯირებს შორის გამეჭედა, მარჯვნიდან კი სახეში არმატურა შემერჭო. გახსენებაც არ მინდა. ჩვენს კლასში 24 მოსწავლე იყო, 12 – დაიღუპა. ყველანი ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვაწექით.

ეს იყო სტიქიური უბედურება, არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. მაგრამ, დღემდე, როდესაც თანაკლასელები ვიკრიბებით, ყოველთვის ამ დღეს ვიხსენებთ. და დანაშაულის გრძნობა გვიპყრობს, რომ ჩვენ ვართ და ისინი აღარ არიან. ალბათ სწორედ ამ გრძნობამ გვაიძულა, რომ ადამიანებისთვის რთულ სიტუაციებში დახმარების რაზმი შეგვექმნა.

მაშინ ისეთი პროფესიონალური სამაშველო სამსახური რომ გვქონოდა, როგორიც ახლა გვაქვს, ალბათ უფრო მეტი ადამიანი გადარჩებოდა. უბედურების ზონაში დასახმარებლად ჯარისკაცები მოვიდნენ, სამოქალაქო თავდაცვის თანამშრომლები, მაგრამ – არა მაშველები. სომხეთში პირველი სამაშველო რაზმი  სპიტაკში გერმანელებმა შექმნეს. მე და ჩემმა მეგობრებმა საზოგადოებრივ საწყისებზე გიუმრიში ჩვენი რაზმი შევქმენით, ჩვენს შორის იყვნენ ალპინისტები, ადგილობრივი აეროპორტის თანამშრომელი ბიჭები.

როდესაც ადამიანის გადარჩენას ცდილობ, ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა, და თუ ეს გამოგდის, თითქოს გულზე გეშვება. ჩვენს გიუმრიში იმისთვის დავრჩით, რომ გვეცხოვრა და სიძნელეები დაგვეძლია, თავიც გადაგვერჩინა და ჩვენი ქალაქისთვის სიცოცხლის გაგრძელება გვეიძულებინა“, – ამბობს ლევონი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ