გამოკითხვების მიხედვით, მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს მნიშვნელოვნად უსწრებს" />

ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი – კომიკოსი მსახიობი თუ ქვეყნის მოქმედი მეთაური?

გამოკითხვების მიხედვით, მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს მნიშვნელოვნად უსწრებს

21 აპრილს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ამომრჩეველმა არჩევანი ახლანდელ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და პოლიტიკაში გამოუცდელ ვლადიმირ ზელენსკის შორის უნდა გააკეთოს. პროგნოზების მიხედვით, ზელენსკის გამარჯვება შესაძლებელია: მისთვის ხმის მისაცემად მზადაა ამომრჩეველთა 73 პროცენტი, რომლებსაც საკუთარი არჩევანი უკვე გადაწყვეტილი აქვთ; პოროშენკოსთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა 27 პროცენტი გეგმავს. 19 აპრილს, საღამოს კიევში ოლიმპიურ სტადიონზე კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. თარიღისა და ჩატარების ადგილთან დაკავშირებით ბევრი დავა იყო, მაგრამ პოროშენკომ და ზელენსკიმ შეთანხმება შეძლეს.

• ვინ არიან უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები?

• არჩევნები აშშ-ში: ამომრჩევლები ტრამპის წინააღმდეგ

• უკრაინა და რუსეთი: მეტოქეები ომში, თუ სავაჭრო პარტნიორები?

ვლადიმირ ზელენსკი, REUTERS/Valentyn Ogirenko

ვინ არის ვლადიმირ ზელენსკი?

ვლადიმირ ზელენსკი 41 წლისაა, მას შოუ-ბიზნესში მუშაობის სოლიდური გამოცდილება აქვს, მაგრამ საჯარო პოლიტიკის ნულოვანი გამოცდილება.

პირველ ტურში ზელენსკის წარმატებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. მეორე ტურში კი მისი გამარჯვება აბსოლუტურად მოსალოდნელია. ექსპერტები ამბობენ, რომ ამას ხელი შეიძლება მხოლოდ ელექტორატის პასიურობამ შეუშალოს.

უკრაინის შესაძლო მომავალი პრეზიდენტი პირველ რიგში ცნობილია ტელესერიალით „ხალხის მსახური“, რომელიც ამ დროისთვის უკრაინის 20 მილიონმა მაცხოვრებელმა ნახა. ის იქ თამაშობს მასწავლებელ ვასილი გოლობოროდკოს, რომელიც შემთხვევითობის წყალობით, ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. სერიალის ჩვენების უფლება Netflix-მა უკვე იყიდა.

ზელენსკი ასევე ცნობილია როგორც ტელე-შოუების – „საღამოს უბანი“-ს და „საღამოს კიევი“- ს მონაწილე. ეს შოუები უკრაინის ტელევიზიაში ყველაზე პოპულარულად მიიჩნევა და მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

 REUTERS/Valentyn Ogirenko 

ზელენსკი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ იმაში, რომ მის უკან უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი დგას. კანდიდატის ოპონენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში, ზელენსკი ოლიგარქის მითითებების მიხედვით იმოქმედებს, ზელენსკი ამას უარყოფს.

წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა სტუდია „უბანი 95“, ზელენსკი მისი დამაარსებელია. სტუდიის მიერ წარმოებული შოუები არხ „1+1“-ზე გადის, რომელიც კოლომოისკის ეკუთვნის.

სააგენტო Reuters-მა პრეზიდენტობის კანდიდატის ოლიგარქთან კავშირის შესახებ გამოძიება ჩაატარა, და სატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ბაზის შესწავლის შედეგად გაარკვია, რომ წინასაარჩევნო რბოლის ლიდერსა და მილიარდერს ბევრი საერთო აქვთ.

ასევე, ზელენსკისა და კოლომოისკის საერთო საქმიანი პარტნიორები ჰყავთ; ზელენსკის დაცვაში მომუშავე პირები წინათ კოლომოისკის იცავდნენ; კოლომოისკის ყოფილი მრჩეველი ზელენსკის შტაბში მუშაობს; პრეზიდენტობის კანდიდატი და მისი გარემოცვა სარგებლობს მინიმუმ ორი ავტომობილით, რომლებიც კოლომოისკისთან დაკავშირებულ ადამიანებს ან სტრუქტურებს ეკუთვნის. თუმცა „როიტერი“ აღნიშნავს, რომ „ამ მტკიცებულებებიდან არც ერთი არ მიუთითებს იმაზე, რომ კოლომოისკი ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს ან მასზე გავლენას ახდენს“.

ზელენსკის მიმართ ბრალდება გაისმოდა რუსული კინოკომპანიების კაპიტალში მისი მონაწილეობის გამოც. ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ მას არადეკლარირებული ვილა აქვს იტალიის პატარა ქალაქ ფოტრ-დეი-მარამიში, რომელიც მდიდარ და გავლენიან რუსებს შორის პოპულარულია.  

ომი, ნატო და რუსეთი

როგორც ჩანს, ბრალდებები საპრეზიდენტო რბოლის ლიდერის რეპუტაციაზე არცთუ ძლიერ აისახა. მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტის თანამდებობის ყველაზე დამაჯერებელი კანდიდატი გახდა, ის ტელესერიალის სკოლის მასწავლებლის უბრალო პერსონაჟის როლში ყოფნას აგრძელებს – როგორც ის ადამიანი, რომელიც ბინძური პოლიტიკის სამყაროდან შორს დგას, თუმცა მზად არის, რომ ეს გულწრფელად აღიაროს.

ზელენსკი არ მალავს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ რთულ საკითხებზე პასუხები არ გააჩნია. მაგალითად, კანდიდატს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომის სწრაფად შეწყვეტის გეგმა არ აქვს. ნატოში შესვლის საკითხის   გადაწყვეტას ის   სრულიად უკრაინის რეფერენდუმის საშუალებით სთავაზობს. რაც შეეხება რუსეთს, ზელენსკი მიიჩნევს, რომ ის ვალდებულია, რომ უკრაინას ბოლო წლებში მიყენებული მთელი ზარალი აუნაზღაუროს:

„თუ მე ბატონ პუტინს შევხვდები, ვეტყვი მას: როგორც იქნა, ჩვენი ტერიტორიები დაიბრუნეთ, კიდევ რამდენი ფულის კომპენსირებისთვის ხართ მზად საიმისოდ, რომ ჩვენი ტერიტორიები წაგვართვათ და იმ ადამიანებს დაეხმაროთ, რომლებიც ყირიმის და დონბასის ესკალაციაში მონაწილეობდნენ, და მათ ამ საშინელ, სასტიკ, საძაგელ გზაზე ეხმარებოდეთ”,— თქვა  ზელენსკიმ „ჰრომადსოეს“ შეკითხვის პასუხად.

პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო რბოლის მეორე ლიდერი

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარდამჭერებთან შეხვედრისას. REUTERS/Vasily Fedosenko

მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოუკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონების წყარო – საკონდიტრო წარმოებაა.

2019 წლის თებერვალში Bihus.Info-ს ჟურნალისტებმა თავდაცვით კომპლექსში კორუფციული სქემა გახსნეს. სქემაში პრეზიდენტის ახლო მეგობრის, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლეგ გლადკოვსკის ვაჟია გარეული. პოროშენკომ გლადკოვსკი თანამდებობიდან მოხსნა და „რეზონანსული პუბლიკაციების“ გამოძიებისკენ მოუწოდა.

პოროშენკოს კამპანია იმაზეა აგებულია, რომ მის ხელში ჯარის ბრძოლისუნარიანობა ამაღლდა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან უვიზო სივრცის შეთანხმებას, უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კი ავტონომია მოიპოვა.

პოროშენკოს მოწინააღმდეგეები მას ბრალად, პირველ რიგში, კორუფციის დამარცხების უუნარობას სდებენ.

პირველი ტურის წინ პოროშენკო კანდიდატების  ანტირეიტინგის სათავეში იდგა — გამოკითხულთა ნახევარმა თქვა, რომ მოქმედ პრეზიდენტს ხმას არანაირ ვითარებაში არ მისცემდა.

ზელენსკის საწინააღმდეგო სააგიტაციო სტიკერები,რომლებსაც პოროშენკოს გუნდი ავრცელებს. ფოტო: Zurab Javakhadze

რას ამბობენ დასავლეთში

მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს – დასავლურ იტებლიშმენტთან მშვენიერი ურთერთობა აქვს. დამოუკიდებელი უკრაინული ტელეარხის „ჰრომადსკოეს“ მიმომხილველები  ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი „გადასასვლელზე ცხენების გამოცვლას“ არ ისურვებდა, და ამიტომ, ზელენსკის ერთგვარი სიფრთხილით ეკიდებიან.

თუმცა, არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, და კერძოდ იმან, რომ ზელენსკის უკრაინის რეგიონების უმრავლესობაში უპირატესობა ჰქონდა, და ჯარისკაცებს შორის თითქმის ისეთივე მხარდაჭერა, რაც – მოქმედ პრეზიდენტს, დასავლეთს იმის მიხვედრა აიძულა, რომ მათ წინაშე სერიოზული კანდიდატია.

დასავლელი ექსპერტები უკრაინაში კენჭისყრის შედეგებს მსოფლიოს საერთო ტენდენციის ნაწილად განიხილავენ.

„ზელენსკის წინსვლა იმას დაემთხვა, რომ ამომრჩევლებმა მთელ მსოფლიოში სტატუს-კვო შეცვალეს. ხელისუფლებაში მოდიან ძალები, რომლებიც ისტებლიშმენტის წინააღმდეგ გამოდიან – როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იტალიური მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავი“, — წერდა  Reuters არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე.

მომავალი პრეზიდენტისთვის მთავარი გამოწვევა – რუსეთთან კონფლიქტია. ინვესტორებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო პრეზიდენტმა ქვეყანაში აუცილებელი რეფორმები გაატაროს მიაჩნიათ  Reuters-ის ექსპერტებს.

„უკრაინაში ნამდვილი, თუმცა პრობლემური დემოკრატია ამოქმედდა – ეს, შესაძლოა, არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყოს“ —  წერს  ამერიკული The New York Times:

„ მეზობელ რუსეთსა და ბელარუსში ჩატარებული „პოტიომკინური“ არჩევნებისგან განსხვავებით, უკრაინაში კონკურენციამ  ამომრჩევლებს შესთავაზა რეალური არჩევანი, წინასწარ უცნობი შედეგით“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ