მთავარი ციფრები და მიგნებები" />

რას ფიქრობს ხალხი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე – NDI-ის კვლევა

მთავარი ციფრები და მიგნებები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ენდობა მთავრობას, მნიშვნელოვან ინსტიტუტებს და სულ უფრო ნაკლებ ნდობას უცხადებს ქვეყნის არაფორმალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ გუნდს “ქართულ ოცნებას”.

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები ჩატარდა 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს. 

2020 წელს სოციოლოგიური კვლევების შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ოქტომბერში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მთავარი მიგნებები, რომლებიც კვლევაში აღმოვაჩინეთ: 

• რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაზე, რომელშიც ცხოვრობენ. NDI-ის კვლევა

• სოციოლოგიური კვლევა: საქართველოში უმრავლესობას სჯერა, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია

______________________________

•  ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა მხოლოდ 20 პროცენტი მისცემდა ხმას. ოპოზიციას კი, ჯამში – 38 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

20 % – ქართული ოცნება (წინა, ივლისის კვლევაშიც 20 პროცენტი ჰქონდა)

 

13% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (წინა კვლევაში 9 პროცენტი)

 

8% – ევროპული საქართველო (ამ პარტიას ყველაზე მეტად აქვს გაუმჯობესებული შედეგი წინა კვლევასთან შედარებით. წინა კვლევაში 4 პროცენტი ჰქონდა)

 

5% – ლეიბორისტული პარტია

 

4% – პატრიოტთა ალიანსი

 

3% – ახალი საქართველო

 

3% -ერთიანი საქართველო

 

2% – გირჩი

 

14% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას მისცემს ხმა. 14% პასუხზე უარს ამბობს. 12%-მა არ იცის

• გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ახალ კვლევაში მოსახლეობის 53 პროცენტი იზიარებს ამ აზრს, წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი – 49 პროცენტი იყო. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წლიდან უწყვეტად იზრდება.  მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 24%-ის აზრით კი – ქვეყანა საერთოდ არ იცვლება.

• 64 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. ეს ციფრიც მუდმივად იკლებს – ივლისში 60 პროცენტი იყო, 2018 წლის დეკემბერში – 40 პროცენტი.

• 59 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

• შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს. ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 50 პროცენტი აფასებს.  2019 წლის ივლისში  მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას 64 პროცენტი აფასებდა დადებითად. 2015 წლის აპრილში კი – 75 პროცენტი.

• პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტად არ მოსწონთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნის არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არიან. ისინი პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში ბოლო ორ ადგილს ინაწილებენ.  პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში ლიდერობს ოპოზიციური პარტიის “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე და თბილისის მერი კახა კალაძე – ეს ორი პოლიტიკოსი ყველაზე მეტ გამოკითხულს მოსწონს.

• ცალკე აღნიშვნის ღირსია ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, რომელიც გასული წლის აპრილთან შედარებით მნიშვნელოვნადაა დაცემული. თუ 2019 წლის აპრილის გამოკითხვაში ივანიშვილის უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი 39 იყო, ახალ კვლევაში მას უარყოფითად 10 პროცენტით მეტი ადამიანი აფასებს. ის არ მოსწონს მოსახლეობის თითქმის ნახევარს – 49 პროცენტს და მოსწონს მხოლოდ 16 პროცენტს.

• პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში ივანიშვილს მნიშვნელოვნად უსწრებს მისი მთავარი პოლიტიკური მეტოქე – საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მას დადებითად 26 პროცენტი აფასებს (10 პროცენტით მეტი ვიდრე ივანიშვილს), ხოლო უარყოფითად 39 პროცენტი (ასევე 10 პროცენტით ნაკლები, ვიდრე ივანიშვილს).

• კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება არის მოსახლეობის იმედგაცრუება სამინისტროების და ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ. 2018 წელთან შედარებით, თითქმის ყველა ინსტიტუიციის და სამინისტროს მიმართ უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი გაზრდილია.

• ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა პარლამენტის მიმართ ნდობაც. მხოლოდ ერთი პროცენტი აფასებს პარლამენტის საქმიანობას “ძალიან კარგად”. 8 პროცენტი კი, კარგად. 57 პროცენტი ამ ინსტიტუციის საქმიანობას “ცუდად” და “ძალიან ცუდად” აფასებს. 2019 წლის ივლისის კვლევაში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას უარყოფითად 42 პროცენტი აფასებდა.

 


ასევე წაიკითხეთ