რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაზე, რომელშიც ცხოვრობენ. NDI-ის კვლევა
ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სასამართლო სისტემა, კრიმინალის ზრდა და სუსტი ეკონომიკა – ეს ის საკითხებია, რაც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებს.
ეს და სხვა საინტერესო მონაცემები იკვეთება ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევაში.
აქ არის შეჯამებული კვლევის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიგნებები:
_______________
ქვეყანა არ ვითარდება
NDI-ის კვლევას თუ დავეყრდნობით, გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის 68 პროცენტი ვერ გრძნობს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.
მათგან უმრავლესობა ( 38 %) ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 30 % ფიქრობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. მხოლოდ 29 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
მოქალაქეების შეფასებით განსაკუთრებით არასწორად ქვეყანა ვითარდება სასამართლო სისტემის, კორუფციის, კრიმინალის, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფასების ზრდის კუთხით.
გამოკითხულები ამბობენ, რომ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სიტყვის თავისუფლებასთან, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან, ასევე მედიის დამოუკიდებლობასთან და განათლებასთან მიმართებაში.
მთავარი ეროვნული პრობლემების ტოპ ექვსეული. უმუშევრობა კვლავ პირველია
დასაქმება კვლავ ყველაზე მთავარი პრობლემაა, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (51%) აწუხებს.
თავს უმუშევრად მიიჩნევს ქვეყნის მოსახლეობის 63 პროცენტი.
მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეულში მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის საკითხები მოხვდა. კითხვა ასე იყო დასმული: თქვენი და თქვენი ოჯახისთვის რომელი ეროვნული საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი.
1. სამუშაო ადგილები – 51 %
2. სიღარიბე – 38 %
3. ფასების ზრდა/ინფლაცია – 37 %
4. ტერიტორიული მთლიანობა – 27 %
5. პენსიები – 25 %
6. ხელფასები – 18 %
ეს ექვსეული 2009 წლის შემდეგ თითქმის არ იცვლება, მხოლოდ ადგილების გადანაცვლება ხდება.
ტერიტორიული მთლიანობა ერთადერთი არაეკონომიკური საკითხია, რომელიც პირველ ექვსეულში ხვდება ხოლმე.
ყველაზე ნაკლებპრიორიტეტული საკითხების სამეული ასე გამოიყურება: ციხეებში არსებული მდგომარეობა, უმცირესობათა უფლებები და მედიის დამოუკიდებლობა.
ქვეყნის საგარეო კურსი
მოსახლეობის უმრავლესობისთვის (83%) მისაღებია, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ევროკავშირისკენ სწრაფვა მიუღებელია მხოლოდ 9%-ისთვის.
ოდნავ უფრო ნაკლები მოქალაქე უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას (78 %). ნატო-ს წევრობა მიუღებელია 13%-ისთვის.
2018 წლის იანვრის კვლევასთან შედარებით, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია. მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე იყო 72 პროცენტი, ნატოში – 64.
ყველაზე მეტად საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობიან თბილისში (89%), ყველაზე ნაკლებად კი, უმცირესობათა დასახლებებში (58%). საინტერესოა, რომ უმცირესობათა დასახლებებში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა წლის იანვართან (36%) შედარებით.
მთავარი ადგილობრივი პრობლემები
ზედა ქვეთავში ის პრობლემებია ჩამოთვლილი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საერთო მნიშვნელობისაა.
თუმცა, ამჯერად NDI დაინტერესდა, რა პრობლემები აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე – საკუთარ ქალაქში, სოფელში, რაიონში.
ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ხუთეული, რომლებიც საქართველოს ქალაქებს და სოფლებს ერთად აწუხებთ, ასე გამოიყურება:
1. მოუწესრიგებელი გზები (35 %)
2. გარემოს დაბინძურება (22 %)
3. მაღალი კომუნალური გადასახადები (22 %)
4. უხარისხო წყალმომარაგება (18 %)
5. მოუწესრიგებელი კანალიზაცია (14%)
რა აწუხებს თბილისს?
რაც შეეხება თბილისს, აქ სიტუაცია განსხვავებულია – აქ პირველ ადგილზე გარემოსდაცვითმა საკითხებმა წამოიწია, რაც სიახლეა.
თბილისელების პრობლემების ტოპ-ხუთეული ასეთია:
1. გარემოს დაბინძურება (48%)
2. მაღალი კომუნალური გადასახადები (38%)
3. მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა (32%)
4. მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი (28%)
5. პარკირება (22%)
გარემოს დაცვა
NDI-მ ცალკე გამოკითხა რესპონდენტები გარემოს დაცვის კუთხით. აღმოჩნდა, რომ გარემოსდაცვითი საკითხები სულ უფრო აქტუალურია მოსახლეობაში, რაც წლების წინ ასე არ იყო. განსაკუთრებით ამ თემაზე დედაქალაქის მაცხოვრებლები ღელავენ.
მოსახლეობა ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებაზე (57%), საკვების უსაფრთხოებასა (44 %) და პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობაზე (40 %) წუხს.
კრიმინალის ზრდა
გამოკითხულთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში კრიმინალის თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. 32 პროცენტი მიიჩნევს, რომ არ შეცვლილა. მხოლოდ 18 პროცენტი ფიქრობს, რომ გაუმჯობესდა.
გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად ნარკოდანაშაული (25%) ხდება.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელი დანაშაულია ყველაზე ხშირი საქართველოში პასუხები ასე განაწილდა: ნარკოდანაშაულის შემდეგ მოდის ქურდობა-ყაჩაღობა-ძარცვა (21%), ავტოავარიები (20%), მკვლელობები (14% ), ოჯახური ძალადობა (5% ), არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული (4%) და ბოლოს, სექსუალურ შევიწროება ( 1 %).
მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულები კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებაზე ჩივიან, უმრავლესობა ( 67%) პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად.
განათლების საკითხები
ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია გამოკითხვის.
აღმოჩნდა, რომ საერთო ჯამში საქართველოს მოსახლეობის ნახევარი (47 %) კმაყოფილია ქვეყანაში არსებული განათლების სისტემით და მიიჩნევს, რომ მთავრობა კარგად ართმევს თავს ამ მოვალეობის შესრულებას.
თუმცა, ეს ის პუნქტია, სადაც სოფლის მოსახლეობის და დედაქალაქელთა პასუხები რადიკალურად განსხვავდება.
თბილისში მხოლოდ მხოლოდ 33 პროცენტი ფიქრობს, რომ განათლების სისტემა ხარისხიანია. თბილისელების უმრავლესობა (57 %) კი, პირიქით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან უზრუნველყოფილნი მაღალი ხარისხის განათლებით.
სხვაგვარად ფიქრობენ სოფლად მცხოვრები მოქალაქეები. მათ უმრავლესობას (58%) მიაჩნია, რომ საქართველოში ხარისხიანი განათლების მიღება შეიძლება. მხოლოდ 21 პროცენტია უკმაყოფილო განათლების ხარისხით.
ეროვნული მასშტაბით გამოკითხულთა უმრავლესობა კარგად (42%) ან საშუალოდ (43%) აფასებს სკოლის მასწავლებლების პროფესიონალიზმს. ასევე, უმრავლესობა (48) კმაყოფილია სკოლით, რომელშიც დადიან მათი შვილები.
ამავე დროს, გამოკითხულთა 73 პროცენტი ფიქრობს, რომ იმისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარო, კერძო რეპეტიტორთან მომზადება აუცილებელია.
გამოკითხულების აზრით, კერძო სკოლას საჯაროსთან შედარებით აქვს გარკვეული უპირატესობა შემდეგ საკითხებში: უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, განათლების ხარისხი, კლასგარეშე აქტივობები, კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი და პროფესიული კარიერისთვის მომზადება.
როგორ ვიშოვოთ კარგი სამსახური?
აღმოჩდა, რომ საქართველოს მოქალაქეების აზრით, განათლება და პროფესიონალიზმი არ არის ის მთავარი კრიტერიუმი, რომელიც აუცილებელია კარგი სამსახურის დასაწყებად.
გამოკითხულთა უმრავლესობის (37 %) აზრით, ამისთვის საჭიროა გყავდეს კარგი ნაცნობი.
მხოლოდ შემდეგ მოდის პროფესიონალიზმი და სამუშაო გამოცდილება (23 %).
9 პროცენტის აზრით, წარმატებულად დასაქმებისთვის უცხოური განათლება უნდა გქონდეს.
ენების ცოდნა
ეს პუნქტი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში ინგლისურმა ენამ საბოლოოდ ჩაანაცვლა რუსული.
აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის.
გამოკითხულთა 66 პროცენტმა თქვა, რომ კარგად ან საშუალოდ ფლობს რუსულ ენას. მაშინ, როცა გამოკითხულთა მხოლოდ 22 პროცენტი ამბობს, რომ კარგად ან საშუალოდ იცის ინგლისური.
გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოში თურქული ენის მიმართ ინტერესი იზრდება. გამოკითხულთა ათმა პროცენტმა თქვა, რომ თურქული იცის.
ყველაზე პოპულარული ტელევიზიები
NDI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე პოპულარული ტელევიზიების ოთხეული ასეთია:
“იმედი”, “რუსთავი 2”, “ტვ პირველი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ტელევიზიების ნდობის რეიტინგში “იმედი” პირველია (26%). შემდეგ მოდის “რუსთვი 2” (20%) და “ტვ პირველი” (15%). საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოკითხულთა მხოლოდ 12 პროცენტი ენდობა.
საინტერესოა, რომ მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი მიიჩნევს, რომ ზოგადად ტელევიზიები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რათა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანონ.
ინტერნეტი
54 პროცენტი ამბობს, რომ ყოველ დღე იყენებს ინტერნეტს. 9 პროცენტი ამას კვირაში ერთხელ აკეთებს.
საქართველოს მოსახლეობის მესამედი (29%) არასოდეს იყენებს ინტერნეტს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტი.