ასეთ დასკვნამდე მივიდა საინფორმაციო სააგენტო TURAN - საწვავის ფასისა და საშუალო ხელფასის შედარების შემდეგ " />

„პრემიუმის“ საწვავი აზერბაიჯანში უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში

ასეთ დასკვნამდე მივიდა საინფორმაციო სააგენტო TURAN - საწვავის ფასისა და საშუალო ხელფასის შედარების შემდეგ

საინფორმაციო სააგენტო TURAN-ის მიერ ჩატარებულმა გამოთვლებმა უჩვენა, რომ აზერბაიჯანში „პრემიუმის“ მარკის საწვავზე, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე არახელსაყრელი ფასებია. ანუ, აზერბაიჯანის საშუალო სტატისტიკურ მაცხოვრებელს ამ საწვავის ნაკლები რაოდენობის შეძენა შეუძლია, ვიდრე, მაგალითად, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს.

სხვა მარკის საწვავისგან განსხვავებით, „პრემიუმი“ საკუთრივ აზერბაიჯანში არ იწარმოება, არამედ მისი იმპორტირება უცხოეთიდან ხდება. შესაბამისად, ის სხვა მარკებზე უფრო ძვირია, ამ დღეებში კი ისევ გაძვირდა – თუკი მანამდე ერთი ლიტრი „АИ-95 „პრემიუმი“ 1.25 მანათი (0.70 დოლარი) ღირდა, ახლა ფასი 1.50 მანათამდე (0.88 დოლარი) გაიზარდა.

სააგენტო TURAN-მა ვებგვერდ ru.globalpetrolprices.com-ის ცხრილის გამოყენებით, „АИ-95“-ის ახალი ფასი მეზობელ ქვეყნებში მის ღირებულებასა და იქაურ საშუალო ხელფასს შეადარა. გაირკვა, რომ თუკი აზერბაიჯანული საშუალო ხელფასით 340-350 ლიტრი „პრემიუმის“ საწვავის ყიდვა შეიძლება, მაგალითად საშუალო ქართული ხელფასით – იმავე საწვავის 421 ლიტრის ყიდვაა შესაძლებელი.

სხვა სიტყვებით, TURAN იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანისთვის ეს საწვავი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირი სიამოვნებაა.

მთლიანობაში გასული წლის განმავლობაში აზერბაიჯანში საწვავი სამჯერ გაძვირდა. წინა ჯერზე ეს 2017 წლის ივლისსა და ნოემბერში მოხდა.


ასევე წაიკითხეთ