ვინ არის უილიამ ბრაუდერი, რომლის დაკითხვაც ასე სურთ რუსულ სპეც-სამსახურებს?" />

პრეზიდენტ პუტინის მთავარი მტერი?

ვინ არის უილიამ ბრაუდერი, რომლის დაკითხვაც ასე სურთ რუსულ სპეც-სამსახურებს?

სამიტის შედეგებთან დაკავშირებით რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების მიერ ჰელსინკში გამართული პრეს-კონფერენციის დროს პუტინმა პირველად დაასახელა უილიამ ბრაუდერი მათ რიცხვში, ვის დაკითხვასაც რუსეთის სპეც-სამსახურები ისურვებდნენ.

ჟურნალისტებმა პუტინს იმის შესახებ დაუსვეს შეკითხვა, შეძლებდა თუ არა ამერიკის ხელისუფლება რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს იმ 12 თანამშრომლის დაკითხვას, რომლებსაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ედებათ ბრალი. პუტინმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია იმ პირობით, თუკი რუსეთის პრეც-სამსახურებს საშუალება მიეცემათ, დაკითხონ უილიამ ბრაუდერი და მისი საინვესტიციო ფონდის Hermitage Capital-ის სხვა თანამშრომლები.

უილიამ ბრაუდერი, 27 ივლისი 2017. ფოტო REUTERS/Yuri Gripas

 

პუტინმა განაცხადა, რომ ბრაუდერმა და მისმა პარტნიორებმა რუსეთში 1,5 მილიარდი დოლარი უკანონოდ იშოვეს.

მოგვიანებით ბრაუდერმა ჟურნალ Time-ისთვის სვეტი დაწერა: „მე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ვარ. თუკი პუტინს ასე უნდა ჩემი ხელში ჩაგდება, მაშინ მას მოუწევს, რომ ტერეზა მეის მიმართოს (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი)“. 

ვინ არის უილიამ ბრაუდერი?

აშშ-ში დაბადებულმა, მაგრამ ინგლისის მოქალაქე უილიამ ბრაუდერმა 1996 წელს დააარსა ფონდი Hermitage Capital Management. ის რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო კომპანიაში ინვესტიციებით იყო დაკავებული. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში Hermitage Capital Management რუსეთის ბაზარზე ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფონდი იყო.

ფონდი ასევე დაწვრილებით შეისწავლიდა კორუფციის საკითხს იმ რუსულ კომპანიებში, რომლებშიც ფულს აბანდებდა.

2005 წელს ბრაუდერს რუსეთის ვიზა გაუუქმეს. ზოგიერთი ჟურნალისტი ამ ფაქტს იმასთან აკავშირებს, რომ  Hermitage Capital Management-მა კომპანია „სურგუტნეფტეგაზის“ – რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კონცერნის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.  მრავალ ექსპერტს მიაჩნია, რომ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი ვლადიმირ პუტინია.    

საბოლოოდ Hermitage Capital Management რუსული ბაზრიდან განდევნეს. ბრაუდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღძრეს, ხოლო ფონდს მისი რუსული აქციების გაყიდვა მოუხდა.  

დღესდღეობით ბრაუდერს რუსეთის სასამართლოს მიერ თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა ინტერპოლს ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია და მეწარმის რუსეთისთვის გადაცემაზე უარს ამბობს.

მაგნიტსკის საქმე

2007 წელს კომპანია  Firestone Duncan-ის იურისტებმა, რომლებიც ბარაუდერისა და მისი ფონდის ინტერესებს წარმოადგენდნენ, აღმოაჩინეს, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მოპარულია დაახლოებით 85 მილიონი დოლარი. ეს თანხა იმ შემოსავლისთვის არსებულ გადასახადს წარმოადგენდა, რომელიც  Hermitage Capital Management-მა რუსეთის სახელმწიფოს გადაუხადა.

Firestone Duncan-ის ინიციატივით, ბიუჯეტის სახსრების ძარცვის საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც აღმოჩნდა, რომ  ამ დანაშაულთან 60 რუსი ჩინოვნიკია დაკავშირებული.

2008 წელს ამ საქმით აქტიურად დაკავებული  Firestone Duncan-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი,  ბრაუდერისთვის გადასახადებისგან თავის აცილებაში ხელშეწყობის ბრალდებით, დააპატიმრეს. მაგნიტსკის დაკავების ინიციატორები და მისი საქმის გამომძიებლები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მოპარვაში ადანაშაულებდა. 11-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ სერგეი მაგნიტსკი ციხეში უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ აზრით, რუსეთის ხელისუფლება განგებ ფარავდა მაგნიტსკის გარდაცვალების გარემოებებს და იურისტის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის სამხილებს ანადგურებდა.

„მაგნიტსკის კანონი“

მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ, ბარაუდერის ინიციატივით, მისი დაღუპვის გარემოებათა საერთაშორისო გამოძიება დაიწყო. 2010 წელს ამერიკელმა სენატორმა ბენჯამინ კარდინმა აშშ-ს ხელისუფლებას შესთავაზა, სანქციები დაეწესებინათ „მაგნიტსკის სიაში“ შესული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტიდან სახსრების მოპარვასა და იურისტის დაღუპვასთან იყვნენ კავშირში.

2012 წელს აშშ-ში „მაგნიტსკის კანონი“ მიიღეს. ის აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლას უზღუდავს და ფინანსურ სანქციებს უწესებს იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში არიან ბრალდებულები. თავიდან კანონის მოქმედება 18 ადამიანზე გავრცელდა, შემდეგ კი სია ორჯერ გაფართოვდა.

„მაგნიტსკის კანონის“ ანალოგიური კანონები ახლა მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში. ბრაუდერის თქმით, „მაგნიტსკის კანონის“ მისაღებად კიდევ რამდენიმე ქვეყანა ემზადება, რომელთა შორისაა – საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები,შვედეთი, დანია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა და უკრაინა.


ასევე წაიკითხეთ