ერთ წელზე მეტია, რაც აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს " />

საქართველოს აშშ-ის ახალი ელჩი ეყოლება. ტრამპმა უკვე დაასახელა კანდიდატურა

ერთ წელზე მეტია, რაც აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, სავარაუდოდ, ძალიან მალე საქართველოს ახალი აშშ-ის ელჩი ეყოლება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კარიერული დიპლომატი კელი დეგნანი წარადგინა.

ეს იქნება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პირველი ელჩი საქართველოში. 

კალიფორნიელ დიპლომატს კელი დეგნანს მრჩეველი-დესპანის სტატუსი აქვს და ამჟამად იგი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობს.

• რატომ არის ამ დრომდე საქართველო აშშ-ს ელჩის გარეშე? სახიფათო პოლიტიკური გარიგების შესახებ

• კვლევა: საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკაა, მთავარი მტერი – რუსეთი

 “უსაფრთხოდ და პროფესიონალურად” – როგორ გამოიყურება ახლოდან აშშ-რუსეთის სამხედრო მეტოქეობა შავ ზღვაზე

აშშ-ის ელჩის კანდიდატურის დასახელებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

“ჩვენ მივესალმებით მის დანიშვნას. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს, საკომიტეტო მოსმენები სენატში და მას შემდეგ, რაც ეს პროცედურები დასრულდება, რა თქმა უნდა, მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

აშშ-ის ელჩები საქართველოში:

იან კელი – (სექტემბერი 2015 – აპრილი 2018)

რიჩარდ ნორლანდი (სექტემბერი 2012 – ივლისი 2015)

ჯონ ბასი (ოქტომბერი 2009 – ივლისი 2012 )

ჯონ ტეფტი (აგვისტო 2005 – სექტემბერი 2009)

რიჩარდ მაილსი (მაისი 2002 – აგვისტო 2005)

კენეტ იალოვიცი (ივლისი 1998 – ივნისი 2001)

ვილიამ ქორთნი (სექტემბერი 1995 – აგვისტო 1997)

კენთ ბრაუნი (სექტემბერი 1992 – აგვისტო 1995)

25 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. იყო პოლიტიკური მრჩეველი ნატოში, აშშ-ის წარმომადგენლობაში; ასევე თურქეთში, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილე; ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.

კელი დეგნანი ასევე მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ პოლიტიკურ საკითხებში.

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი ფილოსოფიის დოქტორია. აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

ერთ წელზე მეტია, რაც აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

2018 წლის აპრილიდან, მას შემდეგ რაც აშშ-ს ელჩს საქართველოში, იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი აღარ დაუნიშნავს.

ელჩის ვაკანტური ადგილი რამდენჯერმე გახდა პოლიტიკური სპეკულაციების თემა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

გასული წლის დეკემბერში, გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ აშშ-ის ელჩის ახალ კანდიდატურას, რომელიც ვაშინგტონიდან წამოვიდა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი პირადად ბლოკავს.

სტატიის ავტორები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ის ახალ ელჩად კარიერული დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას თბილისი იმ მიზეზით შეეწინააღმდეგა, რომ ბრინკი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ანონიმური წყაროები, რომლებმაც ეს ინფორმაცია დაადასტურეს, ავტორებმა როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში ნახეს.


ასევე წაიკითხეთ