გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 135 სოფელი საქართველომ არა მცოცავი ოკუპაციის, არამედ ოკუპაციის შედეგად დაკარგა" />

“ოკუპაცია ყოველთვის იყო და იქნება ნომერ პირველი ჩვენ დღის წესრიგში” – საქართველოს პრემიერი

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 135 სოფელი საქართველომ არა მცოცავი ოკუპაციის, არამედ ოკუპაციის შედეგად დაკარგა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპაცია ყოველთვის იყო და კვლავ რჩება საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად. მან განცხადება ჟურნალისტებთან ამ საკითხზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ინფორმაცია გავრცელდა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესახებ. ოპოზიციამ კი მთავრობა საკითხის მიმართ გულგრილობაში დაადანაშაულა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობამდე მიიყვანს.

“ვცდილობ, ემოციის გარეშე ვუყურო იმ ბრალდებებს, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართულებით, მაგრამ ეს თანდათან უფროდაუფრო ძნელი ხდება. ჩვენ ხელისუფლებას არც ერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი ჩვენ დღის წესრიგში”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა სწორედ ოკუპაციის საკითხი იყო. კვირიკაშვილის თქმით, მან ვიცე პრეზიდენტს უთხრა, რომ ქართველ ხალხს ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აწუხებს.

“მე იქ ხაზგასმით აღვნიშნე – ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, არ დაიჯეროთ არც ერთი კვლევის, რომელიც აჩვენებს, რომ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის მეორე, მესამე ან უფრო ქვედა რიგის საკითხი. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, რანაირი წარმატებაც არ უნდა იყოს, ეს დარჩება ნომერ პირველ საკითხად ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში”, – განმარტა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ქართულმა ოცნებამ, ოკუპაციის სახით, მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. მისი განცხადებით, 135 სოფელი, საქართველომ დაკარგა არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, როგორც ამას ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, არამედ ოკუპაციის შედეგად.

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან ბანერის აღმართვის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემაც. მან 10 ივლისს პრესკონფერენცია გამართა.

“საოკუპაციო ხაზთან ბანერების აღმართვას და ზოგადად იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ერთ-ერთი ასეთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე დაიწყოს საუბარი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია”, – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, ქართული მხარე ამ საკითხებზე მოლაპარაკებებს ვერ დაიწყებს და მხოლოდ შეეცდება საერთაშორისო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს და დაიწყოს პრობლემების მოგვარება.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ