გასულ წელს ქვეყანაში დაბადებული ყოველი მეექვსე ბავშვი მშობლების ოფიციალური ქორწინების გარეშე დაიბადა. რისი ნიშანია ეს?" />

მშობლების ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები აზერბაიჯანში

გასულ წელს ქვეყანაში დაბადებული ყოველი მეექვსე ბავშვი მშობლების ოფიციალური ქორწინების გარეშე დაიბადა. რისი ნიშანია ეს?

წეს-ჩვეულებების თანახმად,, აზერბაიჯანულ ქორწილებში სიძემ პატარძალს უნდა მოაკითხოს. როდესაც პატარძალი სახლიდან მიჰყავთ, ტრადიციული ტრიოს მიერ შესრულებული ეროვნული მუსიკა უნდა ისმოდეს

აზერბაიჯანში საკმაოდ რთული გზაა გასავლელი იმისთვის, რომ ბავშვი დაიბადოს – ტრადიციების შესაბამისი მაჭანკლობა, ნიშნობა, ქორწინების ცერემონიალი, პომპეზური (თუნდაც ნასესხები ფულით გადახდილი) ქორწილი. მაგრამ ზოგიერთი დედა მოკლე გზას ირჩევს.

2016 წელს აზერბაიჯანში დაბადებული ბავშვებიდან 26 ათასზე მეტი ახალშობილის დედები ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.

მშობლების ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების რაოდენობა (სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციის მიხედვით)

მშობლების ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების რიცხვი ახალშობილთა საერთო რაოდენობასთან შედარებით (სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციის მიხედვით)

ჩვენ შევეცდებით, გავარკვიოთ, თუ რა დგას ამ მონაცემების უკან.

ზენფირა

ზენფირა აგაევა [სახელი პირობითია – რედ.] 30 წლისაა. იგი სამი შვილის დედაა. მისი ნაამბობის მოსმენისას ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ფილმს უყურებ. ლამაზი სახე აქვს და, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ცრემლებს იწმენდს, მაინც არ გამოიყურება უბედურად. შესაძლოა, ეს უბრალოდ იმის ბრალია, რომ იგი დარდსა და წუხილს შეეჩვია.

ინტერვიუს ჩაწერისას მისი შვილები ეზოში თამაშობენ. საუბრის დროს ზენფირა დროდადრო თავის შვილებს მიმართავს და მშვიდად აძლევს შენიშვნებს.

პირველი ბავშვი 17 წლის ასაკში გააჩინა. სახლიდან გაიქცა და მასზე 15 წლით უფროს მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. შვიდი თვის ორსული იყო, როდესაც პარტნიორმა მიატოვა. როდესაც ბავშვი დაიბადა, მამაკაცი დაბრუნდა და ერთად კიდევ ერთი წელი იცხოვრეს, რის შემდეგაც ბავშვის მამა კიდევ ერთხელ გაუჩინარდა. ამჯერად – სამუდამოდ.

გოგონამ მისი ძებნა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მისი პარტნიორი დაქორწინებული იყო. მან ზენფირას შვილის მამობა არ აღიარა და ამჟამად ბავშვი დედის გვარს ატარებს.

ზენფირამ სხვა მამაკაცი გაიცნო. როდესაც ზენფირას ახალმა რჩეულმა გოგონას წარსულის დეტალები შეიტყო, განაცხადა, რომ მას ისეთად მიიღებდა, როგორიც იყო. გოგონამ პირველი შვილი თავის დედას დაუტოვა აღსაზრდელად, თავად კი ახალი ურთოერთობები წამოიწყო. ოფიციალური ფორმა არც ამ კავშირს მიუღია, იმიტომ რომ ბიჭის დედა, რომელმაც გოგონას წარსულის შესახებ შეიტყო, ოფიციალურ ქორწინებას კატეგორიულად ეწინაარმდეგებოდა.

ზენფირამ ზედიზედ ორი ვაჟი გააჩინა. ოჯახივით ცხოვრობდნენ, მაგრამ ოფიციალურად არ დაქორწინებულან. მათმა შვილებმა დაბადების მოწმობები მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღეს – მაშინ, როდესაც ბავშვებს სკოლაში უნდა დაეწყოთ სიარული. მამამ შვილებს თავისი გვარი მისცა.

«მეც კარგად მექცეოდა, და ბავშვებსაც. დედამისი ჩვენი ურთიერთობების დაკანონების წინაარმდეგი იყო და ამიტომ ქორწინებაზე საუბრისას ყოველთვის რაიმე ახალ მიზეზს იგონებდა ხოლმე. მე კი ბედს შევეგუე, იმიტომ რომ გვარჩენდა. უფროსი შვილი იშვიათად მოდიოდა ჩვენთან, მის სანახავად დედაჩემთან დავდიოდი. მას შემდეგ რაც სახლი ავაშენეთ და საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, ცხოვრებაც შეიცვალა. მცემდა და ბავშვებზე არ ზრუნავდა.

სწორედ მაშინ გარდაიცვალა დედაჩემი. ჩემმა ძმამ ჩემი უფროსი შვილი ინტერნატში ჩააბარა. ამჟამად არც კი მეუბნებიან, თუ სად არის ბავშვი. ორი წელია ჩემი შვილი არ მინახავს. ოჯახმა უარი თქვა ჩემზე.

ერთხელ ქმარმა სასტიკად მცემა იმის გამო, რომ მაღაზიაში ჰალვა ვიყიდე. სახლიდან წამოვედი და ბავშვებთან ერთად თავშესაფარში მოვედი. მეორედ ვარ აქ მოსული».

ამჟამად ზენფირა თავის უფროს ვაჟს ეძებს და, ამავდროულად, სხვა ორი შვილის მომავალზეც ფიქრობს. იგი არ ითოვს ოფიციალურ ქორწინებას. მას მხოლოდ ის უნდა, რომ სახლში დაბრუნდეს. ზენფირას თავისი შვილების დამოუკიდებლად რჩენა არ შეუძლია.

ცალკე უნდა აღინიშნოს ის, რომ მშობლების ოჯახი მას აღარ იღებს. პირველ ჯერზე, როდესაც ორსულობის მეცხრე თვეში მყოფი ზენფირა მამის სახლში დაბრუნდა, მისმა ძმამ (მეცხრე კლასის მოსწავლემ) თავი მოიკლა. ახლა კი ოჯახი აცხადებს, რომ სწორედ ზენფირას მიუძღვის ბრალი იმაში, რომ მოზარდმა სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. მათი თქმით, ბიჭმა იმიტომ მოიკლა თავი, რომ მისი და ცოლიანი მამაკაცისგან დაორსულდა.

რას ამბობს კანონი

ოჯახის კოდექსის მიხედვით, ბავშვის დაბადების შემდეგ მისი მამის ვინაობა დგინდება. დაბადების მოწმობაში ბავშვის ბიოლოგიური მამის სახელი იწერება და ბავშვი გარკვეულ უფლებებს იღებს. მოწმობას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტური გასცემს. გაცემის საფუძველს ის დოკუმენტი წარმოადგენს, რომელიც დედას სამშობიაროში, ბავშვის დაბადებისას ეძლევა. თუკი დედა ოფიციალურადაა დაქორწინებული, ის უბრალოდ თავისი მეუღლის ვინაობას ასახლებს და ყველა საბუთს უპრობლემოდ იღებს.

თუკი ოფიციალური ქორწინება არაა დარეგისტრირებული, მშობლები ვალდებულნი არიან, აღმასრულებელ ხელისუფლებას განცხადებით მიმართონ. თუკი მამობა დადგენილია, ბავშვს ზუსტად ისეთივე უფლება აქვს მემკვიდრეობაზე, ან ალიმენტებზე, როგორც იმ ბავშვებს რომლებიც ოფიციალურ ქორწინებაში დაიბადნენ.

თუკი მამა არ იღებს შვილს, ბავშვი ან მხოლოდ დედის მეურვეობის ქვეშ რჩება, ან დაინტერესებული მხარე მიმართავს სასამართლოს თხოვნით, დადგინდეს ბავშვის მამობა.

შვილების ქორწილი არის მოვლენა, რომელზეც წლობით ოცნებობენ მშობლები. აზერბაიჯანული ოჯახისთვის ამ ღონისძიების „სათანადო დონეზე“ გამართვა ყველაზე დიდ ბედნიერებას წარმოადგენს

რას ამბობენ მეზობლები

პატრიარქალური აზერბაიჯანული საზოგადოებისათვის ოჯახში უკანონო ბავშვის დაბადება არა უბრალოდ არასასურველი, არამედ ყოვლად დაუშვებელი პერსპექტივაა. ასეთ შემთხვევაში ქალი საზოგადოებრივი გაკიცხვის ობიექტი ხდება და მეორედ გათხოვების შანსს კარგავს. ამას გარდა, ზეწოლას განიცდის საკუთრივ ბავშვიც, რომელსაც მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი მეტსახელით „ბიჯბალა“ [„ცოდვაში შობილი ბავშვი“, ხალხური დამცინავი თიკუნი – რედ.]. ამიტომ ქორწინებაში მყოფი ქალების დიდი ნაწილი ბავშვის გაჩენას ვერ ბედავს. შვილის დამოუკიდებლად გაზრდისა და აღზრდის გაცნობიერებულ გადაწყვეტილება კი ძალიან იშვიათია.

სტატისტიკას თუ ვენდობით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ აზერბაიჯანში 26 ათასზე მეტმა ქალმა გაბედა და გადაწყვიტა, მარტოხელა დედა გამხდარიყო. რამდენად შეესაბამება ეს აზრი რეალობას?

რას ამბობენ ოფიციალური პირები

ოჯახის ქალებისა და ბავშვების პრობლემების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციისა და ანალიტიკური კვლევის განყოფილების მთავარი კონსულტანტი აინურ ვეისალოვა მშობლების ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვებს ორ ჯგუფად ყოფს «პირველ ჯგუფში ის ადამიანები შედიან, რომლებიც დაოჯახდნენ, მაგრამ მაგრამ მათი ურთიერთობები დოკუმენტებით არაა დადასტურებული. ასეთ ოჯახებში ნორმალური ატმოსფერო სუფევს და მამები საკუთარ შვილებზე უარს არ ამბობენ.

მეორე ჯგუფში ის წყვილები შედიან, რომლებიც ერთხანს ერთად ცხოვრობენ, შემდეგ კი ერთმანეთს შორდებიან. ასეთ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ ხოლმე. ამას გარდა, ასეთ შემთხვევებში ფინანსური სირთულეებიც ჩნდება – შეუძლებელია ბავშვის რჩენა მხოლოდ იმ შემოსავლებით, რომელიც დედას აქვს».

ამას გარდა, კიდევ ერთი პრობლემაც უნდა იქნას გათვალისწინებული – ხშირად მარტოხელა დედები (ვეისალოვას თქმით, ამჟამად აზერბაიჯანში დაახლოებით 9 ათასი მარტოხელა დედაა) ვერც საკუთარი თავის რჩენას ახერხებენ, და ვერც ბავშვს უზრუნველყოფენ საჭირო პირობებით. განათლების მიღებასა და სამსახურის პოვნაში მათ ხელს უშლით პატრიარქალური ცხოვრების წესი, რომელიც ბევრ ოჯახში არსებობს. ასეთ პირობებში ქალი, ფინანსური თვალსაზრისით, მამაზე, ან ქმარზეა დამოკიდებული.

იმ მოსაზრების პასუხად, რომლის მიხედვითაც ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების რიცხვის ზრდაზე „მოდად“ ქვეული თავისუფალი ურთიერთობები იწვევს, კომიტეტის წარმომადგენელმა აზერბაიჯანისა და ევროპის შედარებითი დახასიათება წარმოადგინა: «ევროპაში არავინ ამბობს უარს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თანაცხოვრებას სდევს თან. იქაური კანონები ძალიან მკაცრია. აზერბაიჯანში თავისუფალი ურთიერთობები ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს ოჯახის მოდელს. ჩვენს ქვეყანაში ურთიერთობის ასეთ ფორმა მეტწილად გაუნათლებელ, არაინფორმირებულ ადამიანებს აინტერესებთ».

ჯერჯერობით კომიტეტი პრობლემის გადაწყვეტის გზად საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებასა და ოფიციალურად ქორწინებაში არ მყოფი მოქალაქეებისათვის რელიგიური დაქორწინების („ქიაბინი“) ცერემონიის ჩამტარებელი მოლებისათვის სასჯელის დაწესებას მიიჩნევს. ამ სფეროში ნამდვილად იგრძნობა წინსვლა. მცირე ხნის წინ აზერბაიჯანის რელიგიურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, მუბარიზ ყურბანლიმ პირობა დადო, რომ მკაცრად დაისჯებიან ის სასულიერო პირები, რომლებიც ამ პრაქტიკას მისდევენ და კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ.

როგორც წესი, რელიგიური მოღვაწეები კანონთან კონფლიქტს გაურბიან. ბაქოში ქიაბინის ნეფე-პატარძლის გარეშე ჩატარების შანსი უფრო მეტია, ვიდრე ქორწინების მოწმობის გარეშე

განქორწინება ქორწინების გარეშე

ბევრი აზერბაიჯანელი მიიჩნევს, რომ ოფიციალურ რეგისტრაციაზე უარი ბოლო დროს გახშირებული განქორწინებებითაცაა გამოწვეული. ანუ ბოლო პერიოდში, როდესაც განქორწინებამ ერთგვარი ექსტრავაგანტულობის ელფერი დაკარგა, სიძის ნათსავები წინასწარ ფიქრობენ იმაზე, რომ მომავალში, შესაძლოა, ქონების გაყოფა მოუწიოთ. თუკი ქორწინება არაა დარეგისტრირებული, პრობლემაც არ არსებობს.

მაგალითად, თავშესაფრის სტაჟიანი ბინადარი, ორი შვილის დედა ლეილა საფაროვა [სახელი და გვარი პირობითია – რედ.შენ.] ამბობს, რომ მისი შეუღლებისას მაჭანკლობა, ნიშნობა და ქორწინების ცერემონია ტრადიციების სრული დაცვით შესრულდა, მაგრამ ქორწინება მაინც არ იქნა დარეგისტრირებული: « გვითხრეს, რომ სიძეს პრობლემა ჰქონდა საბუთებთან დაკავშირებით და გვთხოვეს, მოგვეცადა. ქორწინებიდან ორი თვის შემდეგ დავორსულდი. დედამთილმა პირდაპირ განმიცხადა, რომ ოფიციალური ქორწინება არ შედგებოდა, იმიტომ რომ განქორწინების შემთხვევაში ბინის ნაწილის მოთხოვნის უფლება მექნებოდა.

11 წლის შემდეგ დავშორდით ერთმანეთს. ბავშვების გვარს ატარებენ, მაგრამ განქორწინების შედეგად მე არაფერი შემხვდა. სასამართლოს გზით მხოლოდ ალიმენტების გადახდის ვალდებულების დაკისრება შევძელით».

ადრეული ქორწინება და ორმაგი ცხოვრება

საზოგადოებრივი გაერთიანება «Təmiz Dünya»-ს («სუფტა სამყარო») მეჰრიბან ზეინალოვა:

«ქორწინების გარეთ შობილი ბავშვების ასეთი სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზი ნაადრევი ქორწინებებია. გოგონებს ჯერ კიდევ საქორწინო ასაკის მიღწევამდე ათხოვებენ და ამის გამო მათი შვილები ქორწინების გარეშე შობილ ბავშვებად რეგისტრირდებიან. გოგონებს მაგალითად, 2015 წელს 15-დან 19 წლამდე ასაკის ქალების იმ ნაწილმა, რომელიც არაოფიციალურ ქორწინებაშია, 6370 ბავშვი გააჩინა. 15 წლის ასაკის მოქალაქეების ქორწინება არ რეგისტრირდება.

მეორე მიზეზს წარმოადგენს ორმაგი ცხოვრება. მამაკაცს ოფიციალური ოჯახი ჰყავს, მაგრამ ამასთან, სხვა ქალთან ცხოვრობს და ამ პარალელურ ქორწინებაში იბადება.

მესამე ჯგუფში ის წყვილები შედიან, რომლებიც ოჯახის შექმნისას ქორწინებას არ არეგისტრირებენ».

სევდა

ჩვენი მეორე გმირი ორმაგი ცხოვრების მქონე მამაკაცის „მსხვერპლია“, თუმცა, მას ეს სიტყვა არ მოსწონს.

ოცდატორმეტი წლის წინ სევდა აზიზოვა [სახელი პირობითია – რედ.] ბაქოში ჩამოვიდა რაიონიდან, სადაც ცხოვრების კონსერვატიული წესი არსებობდა და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები ტრადიციული წესებით „რეგულირდებოდა“. მამამისი წყლის კანტორის ინჟინრად მუშაობდა, დედამისი კი მასწავლებელი იყო,

«სკოლის დამთავრების შემდეგ ბაქოში ჩამოვედი. ერთი წლის შემდეგ ერთი ძალიან ლამაზი კაცი გავიცანი. 26 წლის იყო, მე კი მხოლოდ ცხრამეტის. მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახიდან იყო. დედისერთა ვარო, ამბობდა.

რა აზრი აქვს ახლა წუწუნს იმაზე, რომ მომატყუა? აღმოჩნდა, რომ დანიშნული იყო. როდესაც გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, მითხრა, რომ მშობლები მოკლავდნენ, იმიტომ რომ თავისი სამეცნიერო ხელმძღვანელის ქალიშვილზე იყო დანიშნული. სამეცნიერო კარიერაზე ოცნებობდა.

მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ახალგაზრდებმა ბევრი რამ არ იცოდნენ.ახლა სხვა სიტუაციაა. ოჯახის წევრებისთვის რაიმეს თქმის მეშინოდა. ჩემი ბინის დიასახლისს შეეძლო რჩევის მოცემა, მაგრამ უკვე შვიდი თვის ორსული ვიყავი, როდესაც ჩემი მდგომარეობის შესახებ შეიტყო. აბორტის გაკეთება არ შეიძლებოდა.

როდესაც მამამ გაიგო, თქვა, რომ არ სურდა ბავშვის მკვლელი გამხდარიყო, მაგრამ აღარც ჩემი ნახვა სურდა.

დედა მეხმარებოდა ჩუმად. და კიდევ ჩემი ბინის დიასახლისი – რუსი ქალი, რომელიც, ისევე, როგორც დედაჩემი, სიკვდილამდე გვერდში მედგა».

სევდა ხანუმმა ვაჟი გააჩინა, გაზარდა და განათლება მისცა. მშობლიურ რაიონში ერთხელაც აღარ ჩასულა, დედამისის სიკვდილის შემდეგ კი ოჯახთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდა. ძალიან უჭირდა მარტო ცხოვრება.

«მაშინ მკაცრი კანონები მოქმედებდა. უბნის ინდპექტორმა არაერთხელ მომთხოვა ბავშვის მამის ვინაობის გამხელა. სსხა შემთხვევაში გაუპატიურების მუხლით გავხსნი საქმესო, მეუბნებოდა. მაგრამ ჩემი ბინის დიასახლისმა კარგად იცოდა კანონები. იგი საქმეში ჩაერია და აღნიშნა, რომ თუკი დედას არ უნდა ბავშვის მამის პოვნა, არავის აქვს მის საქმეში ჩარევის უფლება.

ჩემს შვილს ჩემი გვარი მივეცი. მხოლოდ მე, ჩემი ბინისდიასახლისმა და ღმერთთმა ვიცით, რა ჯოჯოხეთის გავლა მომიწია.

ინსტიტუტი დავამთავრე. ყველაზე მეტად განაწილების მეშინოდა. არსებოვდა იმის საფრთხე, რომ რაიონში გამანაწილებდნენ, ადაც უმამოდ მომიწევდა ჩასვლა. სწორედ ამ დროს დაიშალა საბჭოთა კავშირი და განაწილების ტრადიციაც მოიშალა. ბაქოშ დავრჩი.

მიუხედავად იმისა, რომ პედიატრი ვარ, პურის ქარხანაში მიწევდა მუშაობა. ქრთამის გარეშე ვინ მომაწყობდა სამსახურში? სამაგიეროდ ქარხანაში პურსა და ფუნთუშებს მაძლევდნენ. პურს ჩემთვის ვიტოვებდი, ფუნთუშებს კი ვყიდდი».

სევდა ხანუმის ვაჟმა აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა: « მხოლოდ სამსახურის გამო არ წასულა. ინსტიტუტში ერთი გოგონა უყვარდა. იმ გოგონასაც უყვარდა ჩემი ვაჟი. ჩემი ბიჭის მიჯნურის ოჯახში მივედი სამაშვლოდ, მაგრამ უარი მივიღეთ, როდესაც გაირკვა, რომ მატ პოტენციურ სასიძოს მამა არ ჰყავდა. ამის შემდეგ ჩემმა შვილმა ყველაფერზე გული აიცრუა და აქაურობას გაეცალა.

მუშაობა დაიწყო და მისი შემოსავლებით მიწა ვიყიდეთ, რომელზეც პატარა სახლი ავაშენეთ. იქ ერთი უზბეკი გოგო გაიცნო. ცოლად მოიყვანა. ორი შვილი ჰყავთ. ხშირად ჩავდივარ მათთან და ისინიც ხშირად ჩამოდიან ჩემს სანახავად. აღარ ვმუშაობ – ჩემი ვაჟი მარჩენს».

საუბრისას სევდა ხანუმს ერთხელაც არ უთქვამს აუგი იმ კაცზე, რომელმაც მიატოვა. «უბრალოდ, ასეთი ბედი მარგუნა განგებამ», – დაბეჯითებით აცხადებს ის. აღარ გათხოვილა, მიუხედავად იმისა, რომ ხელის მტხოვნელები ჰყავდა.

«ერთმა მითხრა, ბავშვს ინტერნატში თუ ჩააბარებ, ცოლად მოგიყვანო. კინწისკვრით გავაგდე! ზოგიერთი უბრალოდ „გარჩენო“. არ დავთანხმდი. ზოგჯერ ზურგსუკან „მჭორავდნენ“ და ცილს მწამებდნენ. ზოგჯერ დავცინოდი ხოლმე იმ ქალებს, რომლებიც ჩემი გამოჩენისას საკუთარ ქმრებს ისე ებღაუჭებოდნენ, თითქოს მათი მეუღლეების წართმევა მსურდა.

ზოგჯერ მთელი დღე ისე გადიოდა, რომ მე და ჩემს ვაჟს ქარხნიდან მოტანილი პურის გარდა არაფერი გვქონდა საჭმელი. მაგრამ ჩემი შვილი მაინც მარტომ გავზარდე. მადლიერი ვარ მისი იმის გამო, რომ არაფერს მეკითხებოდა. როდესაც ინსტიტუტში ჩააბარა, მე თვითონ ვუამბე ყველაფერი. თუკი მამის მოძებნა გინდა, შემიძლია, მისი სახელი გაგიმხილო-მეთქი. არ მოისურვა».

ქორწილის შემდეგ პატარძალს ყველაზე ხშირად ერთ შეკითხვას უსვამენ ხოლმე. ეს კითხვა ასე ჟღერს: „არის რაიმე ახალი?“. ეს „რაღაცა“ აღნიშნავს ბავშვს – შვილს, რომელიც ხშირად აზერბაიჯანულ ოჯახში ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე ჩნდება, მაგრამ სამაგიეროდ საბუთები „მოჰყვება“. ამ „რაღაცის“ ნიშნობისა და ქორწინების გარეშე გაჩენა აზერბაიჯანელებისთვის ნამდვილი ტრაგედიაა და ამას ვერანაირი სტატისტიკა ვერ შეცვლის.


ასევე წაიკითხეთ