როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება არ ნიშნავს ახალი პრეზიდენტის მზადყოფნას, ის საკუთარ გუნდში იხილოს" />

მოსაზრება: სააკაშვილის “მესამედ მოსვლა” უკრაინაში

როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება არ ნიშნავს ახალი პრეზიდენტის მზადყოფნას, ის საკუთარ გუნდში იხილოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, როგორც იქნა, სიცხადე შეიტანა იმ საკითხში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის  რაიმე პოზიციაზე შესაძლო დანიშვნას შეეხება.

ქართველმა ჟურნალისტებმა ზელენსკი ბრიუსელში “გამოიჭირეს” და კითხვა სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე დაუსვეს.

“ის კიევშია. მე მას პასპორტი დავუბრუნე. ახლა არა, ახლა ამაზე (დანიშვნაზე) არ ვფიქრობთ”,  – თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის პოზიცია მისმა პრესმდივანმა იულია მენდელმა განმარტა, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი არ განიხილება. მან სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში რეფორმების წარმატებული გამოცდილება ახსენა და აღნიშნა, რომ ახალი პრეზიდენტი გეგმავს იმ ადამიანებთან მუშაობას, ვისაც შეუძლია ცვლილებების განხორციელებაში დაეხმაროს. თუმცა, მისი თქმით, “ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს, არამედ ასევე თანამშრომლობას (საქართველოს) ოფიციალური სტრუქტურებთან “.

• როგორ გახდეს საქართველო ისევ დიადი: კამათობენ მიხეილ სააკაშვილი და ტომ დე ვაალი

• უკრაინული მიშა

• მიშას უკრაინული გარღვევა: ამის შემდეგ, რა?

 

გადასახლებიდან დაბრუნება 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასულ კვირაში უკრაინაში დაბრუნდა, სადაც ჩამოსვლა მას ერთი წელიწადზე მეტი აკრძალული ჰქონდა. დაბრუნდა, შეიძლება ითქვას, ტრიუმფით – აეროპორტში მას უამრავი მხარდამჭერი ძალიან ემოციურად დახვდა. ადგილზე ბევრი ჟურნალისტი შეიკრიბა, არა მხოლოდ უკრაინული მედიიდან, არამედ მსოფლიოს წამყვანი სააგენტოებიდან.

ის უდაოდ დღის გმირად იქცა და გამარჯვებას დამსახურებულად აღნიშნავდა – პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და შემდეგ ქვეყნიდან გააძევა, არჩევნები გამანადგურებელი ანგარიშით კომიკოს მსახიობთან ვლადიმირ ზელენსკისთან წააგო.

მხარდამჭერები მიესალმებიან მიხეილ სააკაშვილს კიევის აეროპორტში. 29 მაისი, 2019 წ. REUTERS/Gleb Garanich

ზელენსკიმ, სააკაშვილის მიმართვის შემდეგ, მას მოქალაქეობა დაუბრუნა. სააკაშვილის ბევრი მხარდამჭერი საქართველოსა და უკრაინაში მხურვალედ მიესალმა ამ გადაწყვეტილებას, მათ ჩათვალეს, რომ ამით ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც სააკაშვილზე სიმპათიით საუბრობდა, იგი თავის გუნდში მიიწვია.

თუმცა, სინამდვილეში, როგორც ეს ზელენსკიმაც დაადასტურა, ამაზე სუბარი ჯერჯერობით არ არის. ზელენსკიმ მხოლოდ კანონიერება აღადგინა – გააუქმა პოროშენკოს საეჭვო ბრძანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ამით მისი ყველა ვალდებულება სააკაშვილის, როგორც მოქალაქის წინაშე, ამოიწურა.

ვის არ უხარია სააკაშვილის დაბრუნება 

თავად სააკაშვილმა ზელენსკის გადაწყვეტილებას გაბედული უწოდა, რადგან, მისი თქმით, “ჩემი უკრაინაში ნახვა აქ ბევრს არ სურდა”. ამაში იგი ზელენსკისთან დაახლოებულ ადამიანებს გულისხმობდა.

ეს სიმართლეა. მაგალითად, ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, რომელსაც თავად ზელენსკი თავის ბიზნეს-პარტნიორს უწოდებს, მისი ოპონენტები კი მის “პატრონად” მოიხსენიებენ, სააკაშვილის მიმართ მაინცდამაინც მეგობრულად არ უნდა იყოს განწყობილი.

მაშინ, როდესაც სააკაშვილი ოდესის რეგიონის გუბერნატორი და პოროშენკოს გუნდის წევრი ოყო, იგი ძალიან მწვავე კონფრონტაცია შევიდა კოლომოისკის გუნდთან.

ისევე, როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის გუნდთან. ბევრს ეხსომება საჯარო შეკამათება (მაშინ ჯერ კიდევ გუბერნატორ) სააკაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვს შორის მთავრობის სხდომაზე. ავაკოვი ახლაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს, არჩევნებზე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და ზელენსკის გუნდთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვს.

ამგვარად, სააკაშვილის მთავარი მტრის  – პეტრო პოროშენკოს, მარცხის მიუხედავად, უკრაინაში სერიოზული გავლენის მქონე ადამიანები დარჩნენ, რომლებსაც, წესით, სააკაშვილის დაბრუნება გულზე არ უნდა ეხატებოდეთ.

თუმცა, ამ ხალხმა კარგად იცის, რომ ცალკე აღებული სააკაშვილი, იმის მიუხედავად რომ მან თავის მთავარ მიზნად “ბარიგებისა” და ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა, ჯერჯერობით მათთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

მოკავშირე ოლიგარქების, ფინანსური თუ მედია-რესურსების გარეშე, დღევანდელ უკრაინაში სააკაშვილის ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. რაც დამტკიცდა კიდეც მისი წინა მცდელობებით, უკრაინაში პოროშენკოს წინააღმდეგ ოპოზიციური მოძრაობა ჩამოეყალიბებინა.

სააკაშვილმა გაკვეთილები გაითვალისწინა?

სააკაშვილის დაბრუნება უკრაინაში ნიშნავს მისი, როგორც პოლიტიკოსის ახალ რეინკარნაციას.  თუმცა, სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებებში სააკაშვილმა არაფერი თქვა კონკრეტულად იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს საკუთარ როლს უკრაინულ პოლიტიკაში. მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა იმის თაობაზე, რომ ახალი უკრაინის მშენებლობისთვის დაბრუნდა და ახალი პრეზიდენტის დიდი იმედი აქვს.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო პირველი უკრაინელი პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თანამშრომლობა – მისი პარტიას UDAR- ის სათავეში ჩადგომა, შესთავაზა.

მე ვიქნები პარტიის ლიდერი და მიხეილ სააკაშვილს პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ვთავაზობ”, – განაცხადა კლიჩკომ.

ერთი შეხედვით, ეს ძველი მეგობრის მხრიდან (რასაც სააკაშვილი კლიჩკოს უწოდებს) მომხიბვლელი შემოთავაზებაა. თუმცა, ცუდი ისაა, რომ ჯგუფ “რეიტინგის”  ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად,  არჩევნებში კლიჩკოს  პარტიის მხარდასაჭერად ამომრჩეველთა მხოლოდ 0,3 პროცენტი არის მზად.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის პარტიის “ახალი ძალების მოძრაობა” ლიდერები მიანიშნებდნენ ივლისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე, სააკაშვილმა ორშაბათს პარტიის წევრებთან შეხვედრაზე ეს საკითხი მოხსნა და თანაპარტიელებს ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკებ მოუწოდა.

სოციოლოგთა პროგნოზების მიხედვით, ზელენსკის პარტია “ხალხის მსახურს” რადაში უმრავლესობის მოპოვება და, შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტებაც შეუძლია.

ამჯერად სააკაშვილმა ფსონი ზელენსკისა და მისი გუნდზე დადო.

თუმცა, ამომრჩეველთა ახლანდელი უპრეცედენტო მხარდაჭერის გათვალისწინებითაც, სულაც არაა ფაქტი, რომ ზელენსკი შეიძლება წარმატებული რეფორმატორი გახდეს.

უკრაინა კვლავაც ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყნად რჩება, სადაც ნებისმიერი პროცესი და გადაწყვეტილება ოლიგარქების შეთანხმების შედეგია. პრეზიდენტს, თუნდაც 70 პროცენტიანი მხარდაჭერით, თუნდაც დიდი სურვილის შემთხვევაში, ამ სისტემის დამარცხება ძალიან გაუჭირდება.

ხალხის მხარდაჭერას პურზე ვერ წაისვამ და ადამიანებს ვერ დაურიგებ. ოლიგარქების მიერ კონტროლირებად ტელეკომპანიებს კი სწრაფად შეუძლიათ ხალხის სიყვარული სიძულვილად გადააქციონ – ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილს ეს კარგად მოეხსენება.

სააკაშვილი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია. თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად მან გაკვეთილი გაითვალისწინა და მიხვდა, რომ არ უნდა დაიკავოს პოლიტიკური თანამდებობა უკრაინაში და არ უნდა ჩაერიოს ადგილობრივ ფეოდალურ ომებში ვინმეს მხარეს. იმიტომ, რომ ერთია იყო კონსულტანტი და მეორე  – აიღო შენს თავზე ვალდებულებები, როდესაც სხვის პოლიტიკურ ნებაზე ხარ დამოკიდებული.

თავად ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამ თვეში საქართველოში დაბრუნებას აპირებს. სავარაუდოდ, სამ თვეში საქართველოში არაფერი შეიცვლება  და მისი დაბრუნებაც შეუძლებელი იქნება.

თუმცა, ეს სავარაუდოდ მინიშნებაა იმაზე, რომ სააკაშვილი აღარ აპირებს სერიოზულად მიიღოს მონაწილეობა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში.


ასევე წაიკითხეთ