ფოტოისტორია და ვიდეო სომხეთიდან " />

ქალების პორტრეტები არა პოდიუმიდან, არამედ კარტოფილის მინდვრებიდან

ფოტოისტორია და ვიდეო სომხეთიდან

მზისგან დამცავ თავსაფრებში გახვეული, სამუშაო ხელთათმანებსა და თბილ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები, რომლებსაც ტომრები უჭირავთ და სახეებზე მშფოთვარე ღიმილი დასთამაშებთ… ასე გამოიყურებიან ქალები, რომლებიც კარტოფილის მოყვანა-შეგროვებით არიან დაკავებულნი. თითოეული მათგანი მრავალწლიანმა მძიმე სამუშაომ გამოაწრთო. არაფერს უჩივიან.

«დიახ, ეს რთული სამუშაოა. ყველა სამუშაო რთულია, ფულის მარტივად შოვნა შეუძლებელია. ჩვენი საქმე მიწას უკავშირდება – მიწას თესლს ვაძლევთ და შემდეგ ნაყოფს ვიმკით ხოლმე», – ამბობს მაირანუში.

იგი უკვე 10 წელია, რაც მიწას კარტოფილის გორგლებს აბარებს იმისთვის, რათა შემოდგომაზე თითოეული მათგანის ფასად 10-15 ცალი გორგლი მიიღოს.  ამბობს, რომ ადრე მამაკაცებიც ეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა ისინი ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ არიან წასულები და ამიტომ მინდვრებში მთელ სამუშაოს ქალები ასრულებენ ხოლმე – თესავენ, რწყავენ და თავადვე აგროვებენ მოსავალს ტომრებში. არც თაკარა მზეს უშინდებიან, არც სიცივეს და არც წვიმას.

ყავა, რომელიც უშუალოდ მინდორზე, საკმაოდ დიდ ჩაიდანში იხარშება, რაღაც მომენტში მათთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომტანია ხოლმე. იგი მუშებს ძალებს ჰმატებს და მცირე ხნით დასვენების საშუალებას აძლევს. ამ დროს ტრაქტორის გრუხუნს ქალების მხიარული ხმები და სიცილი ცვლის ხოლმე.

ძნელი სათქმელია, შემთხვევითია, თუ არა ის, რომ კარტოფილის ჯიშების უმრავლესობას ქალების სახელები აქვს – აგათა, მადელია, მარფონა, არიზონა… სომხეთის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს მხოლოდ ავსტრიული, ჰოლანდიური და შოტლანდიური ჯიშები მოერგო.

თუმცა, სომხეთში ყოველწლიურად  კარტოფილის 3-4 ახალი ჯიში ჩამოაქვთ ხოლმე იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შესაძლებელია მათი ამ მიწაზე გახარება. იმ ჯიშების თესლებს, რომლებიც სომხეთის მიწას ეგუებიან, ფერმერებზე ყიდიან – ასორტიმენტის გაზრდისა და მოსავლიანობის ამაღლების მიზნით.

მაგრამ წელს კარგი მოსავალი არ არის. ცუდი ამინდი იყო. სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა. ზოგიერთ მინდორზე მოსავლის 50 პროცენტი მიწაში ჩავტოვეთ”, – ამბობს ანჟელა – მინდორში მომუშავე ერთ-ერთი ქალბატონი.  

თუკი წინა წლებში თითო ჰექტრიდან ფერმერები 30-35 ტონა კარტოფილს იღებდნენ, წელს ამ ნორმის მხოლოდ ნახევარი აიღეს.

კარტოფილის მოსავლის აღება სომხეთის ყველა რეგიონში სრულდება. ფერმერები გვაფრთხილებენ, რომ მოსავალი მოსალოდნელზე ნაკლებია და ამის შედეგებიც სახეზეა. ბაზარზე კარტოფილის ფასის ზრდის პროცესი დაიწყო. 

«ბაზარზე ფასის მატებას ელოდებიან იმიტომ, რომ ფერმერებმა მცირე მოსავალი მოიწიეს. მაგრამ პროგნოზების კეთებას აზრი არ აქვს.  ყველაფერი რეალიზაციაზეა დამოკიდებული. ბაზარი არაპროგნოზირებადია – ფასი, შესაძლოა, მაღალ მაჩვენებელზე დარჩეს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მკვეთრად დაეცეს. არსებობს იმის ალბათობაც, რომ მოსავალი ფერმერებს დარჩებათ და გაზაფხულამდე გაფუჭდება», – თავის წუხილს გვიზიარებს ლუსიკ ტოვმასიანი, რომელსაც უკვე 25 წელია, რაც სოფელ აზატანში კარტოფილი მოჰყავს.

მაგრამ მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებული მღელვარება და დარდი უკანა პლანზე იწევს, როდესაც კარტოფილის  გამოცხობის დრო მოდის. ახლადამოთხრილ გორგლებს იქვე აცხობენ, მინდორში –  იმავე მიწაში, სადაც ის გაიზარდა. ეს თავისებური რიტუალია, რომლის დროსაც მოსავალს პირველ რიგში სწორედ ის ადამიანები აფასებენ, რომლებმაც მის მისაღებად იშრომეს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ