ისტორია იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს " />

აფხაზეთში აქტივისტები მომაკვდავი პალმების გადარჩენას ცდილობენ

ისტორია იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს

უკვე რამდენიმე თვეა, რაც აფხაზეთში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. აქტივისტები ცდილობენ, პალმებს მოაშორონ მისი მთავარი დამაზიანებელი – პალმის გრძელცხვირა ხოჭო.

სამაშველო ოპერაციაში სწორედ აქტივისტები მონაწილეობენ, რადგან ხელისუფლებამ უფრო მარტივი გამოსავალი მოიფიქრა – დაავადებული პალმების მოჭრა.

 ერთი ოლიმპიადის გამო – ასობით წელიწადი ტყის აღსადგენად

• გამოვიდა მთიანი აფხაზეთის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი

ძირითადად დაავადდა პალმები, რომლებიც „კანარული ფინიკის“ ოჯახს მიეკუთვნება. მავნებელი მწერი აფხაზეთში 2017 წელს რუსეთიდან, უფრო კონკრეტულად – სოჭიდან მოხვდა, სადაც მოკლე პერიოდში რამდენიმე ათეული პალმა გაანადგურა.

თავდაპირველად ეს გაგრაში მოხდა, შემდეგ კი უკვე სოხუმური მცენარეების ჯერი დადგა. დაავადებული პალმის ჯანმრთელისგან ვიზუალურად გარჩევა მხოლოდ დაავადების ბოლო ეტაპზეა შესაძლებელი. მავნებელი მწერი შიგნიდან ჭამს ხეს, რის შემდეგაც პალმას კენწერო ძვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე მოკვდა.

ფულიც შეაგროვეს და ჩინოვნიკებიც დაარწმუნეს

პალმების გადასარჩენად მოხალისეთა მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სოხუმის ცენტრში ადგილობრივი ეკოლოგიური სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი უზარმაზარი პალმა მოჭრეს.

მაშინ ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა საველი ჭითანავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პალმის გრძელცხვირა ხოჭოსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ხის მოჭრა იყო.

თუმცა, საბედნიეროდ, ჩინოვნიკის განცხადება ყველამ აქსიომად არ მიიღო. ფონდ „მთიანი აფხაზეთის“ ხელმძღვანელმა თენგიზ ტარბამ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება შექმნილ სიტუაციაზე და სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით ყველას მოუწოდა ჩაბმულიყვნენ პალმების გადარჩენაში, მან ამისათვის თანხის შეგროვებაც დაიწყო.

ის, რომ ხეების გადარჩენა შესაძლებელია, ეკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რომან დბარმა დაადასტურა.

რამდენიმე დღეში, კერძო შემოწირულებებით თენგიზ ტარბამ 740 ათასი რუბლის (დაახლოებით 11 000 დოლარის) მოგროვება მოახერხა.

ამასთან ერთად, აფხაზეთში დააფასეს ისიც, რომ პოპულარულმა მომღერალმა, რუსული ჯგუფის „ნეპარას“ სოლისტმა ალექსანდრ შოუამ სოხუმში კონცერტი ჩაატარა და ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი პალმების გადასარჩენად გაიღო.

აქციაში მონაწილეობის მიღების სურვილი, აფხაზეთის სხვადასხვა რეგიონიდან, რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ გამოთქვა. მოხალისეებმა სწრაფად ჩაატარეს გამოკვლევა – დათვალეს რისკჯგუფში შემავალი პალმები, დათვალეს პესტიციდების რაოდენობა, რომელიც მკურნალობისთვის იყო საჭირო და ექსპერტებთან ერთად მკურნალობის მეთოდიც შეარჩიეს.

ამის შემდეგ, სახელმწიფო სამსახურებმა, რომლებიც მანამდე ირწმუნებოდნენ, განკურნება შეუძლებელიაო – პალმების კენწეროებზე საწყობებში შემორჩენილი ქიმიკატების დემონსტრაციულად შესხმა დაიწყეს.

რისი გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს

დღეს აფხაზეთში ამბობენ, რომ პალმებთან დაკავშირებული ისტორია გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ აქტიურ ადამიანს, სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს.

დღეს პალმებს მკურნალობენ სოხუმის საცხოვრებელ-კომუნალური სამსახურის თანამშრომლები. მკურნალობა მიმდინარეობს საზოგადოების მიერ შეგროვებული თანხით. თენგიზ ტარბა კი დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს მის მიერ დახარჯულ თითოეულ რუბლთან დაკავშირებით.

იმედი იმისა, რომ პალმები გადარჩებიან, გამყარდა. თუმცა, მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება და შეგროვებული თანხა მხოლოდ 2019 წლის ზაფხულამდე იქნება საკმარისი.

„ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხი აფხაზეთში ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს, – დარწმუნებულია თენგიზ ტარბა, – არანაირი სურვილი არ მაქვს, დავაშინო ჩვენი საზოგადოება, თუმცა, არსებული ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ გაჩუმება უკვე დაუშვებელია. ჩვენ უკვე დავკარგეთ ბზის ტყე და ეს როგორ გავლენას მოახდენს აფხაზეთის ეკოსისტემაზე, მომავალში შევიტყობთ. ახლა საფრთხის წინაშე დგას კაკალი, წაბლი, ევკალიპტი, კვიპაროსი და პალმა. დღეს ყველაზე მთავარია, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რამდენად მაღალია ფსონი და რამდენად მნიშვნელოვანია მოქმედების დაწყება უკვე ახლავე“.

ეკოლოგია და არჩევნები

თენგიზ ტარბა გამოსავალს მცენარეთა დაცვის სამსახურის შექმნაში ხედავს, რომლის წლიური ბიუჯეტიც არანაკლებ 30 მილიონი რუბლი (დაახლოებით 500 000 დოლარი) იქნება. აუცილებელია კომპლექსური და სისტემური ბრძოლა – ამბობს ის.

თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი საზოგადოების ენთუზიაზმზე დგას.

2019 წელს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია იწყება. დღის წესრიგში ისევ ძველი თემებია: სახელისუფლებო სისტემის შეცვლა, რეფორმები ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში, ასევე, კრიმინალთან ბრძოლა.

„თუკი მოახლოებულ ეკოლოგიურ საფრთხეზე ვიფიქრებთ – ტყისა და პალმების, ასევე ხილისა და ბოსტნეულის დაკარგვაზე, ყველა არსებული პრობლემა გაქრება. ახლა სამოქალაქო აქტივისტების ამოცანაა – ეს ყველაფერი ხალხამდე და პოტენციურ კანდიდატებამდე მივიტანოთ“, – აცხადებს ტარბა.

 

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ