ავარიების რაოდენობის კატასტროფული ზრდა აფხაზეთში - სხვა მიზეზებთან ერთად საზოგადოების მენტალიტეტიც უნდა დასახელდეს" />

მათ სიკვდილი გადაწყვიტეს

ავარიების რაოდენობის კატასტროფული ზრდა აფხაზეთში - სხვა მიზეზებთან ერთად საზოგადოების მენტალიტეტიც უნდა დასახელდეს

საგზაო ავარიების რაოდენობის ზრდა აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხდება. 2016 წლის 10 თვის მანძილზე ავტოკატასტროფებს მთლიანობაში 66 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პატარა რესპუბლიკისათვის საგანგაშოდ დიდი რიცხვია.

სოციალურ ქსელებში ასეთი შემთხვევების კატასტროფული ზრდის ორ მიზეზს ასახელებენ: მაღალჩინოსნებისა და მათი შვილების თავხედური ქცევა გზებზე და მენტალიტეტი – საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფა, რაც  აფხაზეთში მძღოლების სიამაყის საგანს წარმოადგენს.

გასული კვირის სტატისტიკა:

  • კვირას, 23 ოქტომბერს სოხუმის ცენტრში ორი მანქანის შეჯახებას ახალგაზრდა კაცი, გოგონა და შვიდი თვის ბავშვი ემსხვერპლნენ. კიდევ ერთი ქალი დღემდე მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში იმყოფება. მოგვიანებით, ქალაქის სხვა ნაწილში ავტომანქანა ძელს შეეჯახა;
  • მომდევნო დღეს, ორშაბათს, კიდევ სამი ტრაგედია დატრიალდა – მიუსერას სანატორიუმისკენ მიმავალ გზაზე; სოხუმში, ეშბას ქუჩაზე და ენგური-ფსოუს გზეზე, სოფელ კინდიგთან. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა;
  • მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში აფხაზეთში კიდევ 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

“შეიძლება თამამად ითქვას, რომ სახეზეა ყოვლისმომცველი სისტემური კრიზისი – … მსხვერპლის რაოდენობა სამხედრო დანაკარგების ფარდია… მეჩვენება, რომ იმ დონემდე მივედით, როდესაც უნდა ავირჩიოთ – ან ისე ვცხოვრობთ, როგორც სახელმწიფომ, ან ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი მოწყობის შუასაუკუნეობრივ წესებს ვიცავთ – ქვეყანაში, სადაც გაიცემა ინდულგენციები გზებზე ხალხის ხოცვისათვის, სადაც გვაროვნულ-ტომობრივი ასპექტის მიხედვით არჩევენ კადრებს, სადაც კორუფცია, ფეოდალური დაქუცმაცებულობა და შინაომები მძვინვარებს,” – დაწერა “ფეისბუკში” ჟურნალისტმა იბრაჰიმ ჭკადუამ.

გახშირებულ ავარიებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საგანგებო თათბირი მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ “თითოეული ჩინოვნიკისა და ხელმძღვანელის მიმართ, მის მიერ დაკავებული პოსტის მიუხედავად, მკაცრი ზომები გატარდება იმ შემთხვევაში, თუკი ის, ან მისი შვილი საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩინოვნიკის შვილი იქნება დამნაშავე, მისი მშიბელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

ხაჯიმბამ პირობა დადო, რომ თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით საჯარო გამოძიება ჩატარდება და თითოეული დამრღვევის სახელი მედიაში გამოქვეყნდება.

“დანდობა არ იქნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რამდენიმე თვის წინ აფხაზეთში საგზაო დარღვევების ვიდეომონიტორინგის სისტემის ტესტირება დაიწყეს. ხელისუფლება პირობას დებს, რომ 2017 წლისთვის  ვიდეოკონტროლი სრულად ამოქმედდება.

ამას გარდა, შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის აქტივისტებიც სპეციალური ღონისძიებებით ცდილობენ ადგილობრივი მძღოლების მენტალიტეტის შეცვლას. მათ დაამზადეს სტიკერები, რომლებსაც ასეთი ტიპის წარწერები ამშვენებს – “ნუ მოკლავ. და თავადაც იცოცხლე”, “შეანელე სვლა” და ა.შ. აქტივისტები ამ მასალას ავტომანქანების მფლობელებს ურიგებენ.

ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი თვლის, რომ მილიციის მიერ წარმოდგენილი თვალსაჩინო მასალების მედიაში გამოქვეყნება, აქტივიზმი და სოციალური რეკლამების კამპანიის დაწყება უშედეგოა. მისი აზრით, პრობლემა ისაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში დამნაშავეებად, ძირითადად, 1990-იან წლებში დაბადებული ადამიანები გვევლინებიან.

“საგამოძიებო მასალებიდან აშკარად ჩანს, რომ დამნაშავე მძღოლების სამ მეოთხედს 1992-1995 წლებში დაბადებული ადამიანები წარმოადგენენ… ჩვენ წინაშეა თაობა, რომელიც დავკარგეთ. ამ პერიოდში დაბადებული ბავშვების დიდი ნაწილი საზოგადოებრივი კულტურის დაცემის მსხვერპლია. ისინი არანაირ იდეას არ ატარებენ. მათ მხოლოდ სადღეგრძელოების ლექსიკის ფორმულირება შეუძლიათ. ამ ხალხს არ აქვს განათლება და, ზოგიერთ შემთხვევაში, უბრალოდ, სათანადოდ არ არიან აღზრდილები. მათ არ იციან კითხვა, ერთ ენასაც კი არ ფლობენ სათანადო დონეზე და ჩვენთან ერთად, ერთ სოციალურ სივრცეში არ ცხოვრობენ. საერთოდ არ ცხოვრობენ. მათ სიკვდილი გადაწყვიტეს. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, თვითმკვლელობის რომელ გზას აირჩევს თითოეული მათგანი,” – ამბობს კრივენიუკი.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს. 

გამოქვეყნებულია: 2.11.2016 


ასევე წაიკითხეთ