ვიდეოში, რომელსაც პოლიციელი დვალიშვილი ავრცელებს, მისი თქმით, ჩანს, როგორ მფარველობს სისტემა მაღალჩინოსნის დამნაშავე ნათესავს" />

“ლევანის ძმა ვარ, ბიჭო”. პოლიციელი ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმის დაკავების გამო მას სისტემა დევნის

ვიდეოში, რომელსაც პოლიციელი დვალიშვილი ავრცელებს, მისი თქმით, ჩანს, როგორ მფარველობს სისტემა მაღალჩინოსნის დამნაშავე ნათესავს

ტელეკომპანია “მთავარი არხი” აქვეყნებს სკანდალურ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციელი ქართველი მაღალჩინოსნის – თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმას.

ვიდეოში ჩანს, რომ იზორიას ძმას “ზემოდან” ჩარევის შემდეგ მალევე ათავისუფლებენ. ვიდეოს ავრცელებს თავად ის პოლიციელი, რომელმაც იზორიას ძმა – ვახტანგ იზორია დააკავა. მაიორი გიორგი დვალიშვილი ამბობს, რომ  ამ ინციდენტიდან ცოტა ხანში მან სამსახური დაკარგა, ის სისტემის მხრიდან დევნაზე მიუთითებს.

• როგორ მდიდრდებოდნენ ქართველი ჩინოვნიკები: დეპუტატების და მინისტრების ელიტური სახლები

• სოციოლოგიური კვლევა: საქართველოში უმრავლესობას სჯერა, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია

ვიდეო 2014 წელსაა ჩაწერილი და იწყება პოლიციელისა და მაღალჩინოსნის ძმის სიტყვიერი შელაპარაკებით. ვახტანგ იზორია აგინებს პოლიციელს, რის შემდეგაც პოლიციელი მას ეუბნება, რომ დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისთვის და ბორკილებს ადევს.

“ლევანის ძმა ვარ, ბიჭო” – ეუბნება მას დაკავებული და ემუქრება პრობლემების შექმნით.

“იცი ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცით?” – მიმართავს დაკავებული პოლიციელებს.

შემდეგ ვიდეოში ჩანს, რომ საქმეში სხვა პოლიციელები ერთვებიან, ისინი გამუდმებით საუბრობენ  საუბრობენ ტელეფონზე. ცოტა ხანში მოდის ლევან იზორიას პირადი მძღოლი. ვიდეო მთავრდება ვახტანგ იზორიას გათავისუფლებით. პოლიციელები მას ბოდიშს და მადლობასაც უხდიან.

როგორც მაიორი დვალიშვილი “მთავარ არხთან” ინტერვიუში ამბობს, ამჟამად ის უმუშევარია – ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. დვალიშვილი დარწმუნებულია, რომ მიზეზი სწორედ ეს ინციდენტია.

ის ამბობს, რომ ვიდრე ამ ვიდეომასალას “მთავარ არხს” გადასცემდა, მანამდე მან კადრები პროკურატურას და სახალხო დამცველსაც მიაწოდა. მისი თქმით, ნოემბრიდან საქმე აღძრულია პროკურატურაში და გენერალურ ინსპექციაში, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

“ძალიან არ მინდა ამ ქვეყნის დატოვება და იმედია ამის გაკეთება არ მომიწევს. ვიმედოვნებ, ეყოფათ გონიერება და არ ჩაერთვებიან ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლაში,” – ამბობს დვალიშვილი “მთავართან” ინტერვიუში. 

დვალიშვილი ამბობს, რომ ინციდენტიდან მალევე –  2014 წელს, ეს ვიდეო მის უშუალო ხელმძღვანელსაც გადასცა, თუმცა მისი პრობლემები სამსახურში მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ ვიდეოს გადაგზავნა თბილისის პოლიციის ამჟამინდელმა უფროსმა კახა ბუხრაძემ სთხოვა, რაზეც დვალიშვილმა უარი უთხრა.

დვალიშვილი ამბობს, რომ კახა ბუხრაძე ამ ვიდეოთი 2019 წლის ზაფხულში დაინტერესდა:

“ზაფხულში მომთხოვა… მან იცოდა, რომ მე ეს კადრები მქონდა. ეს ვიდეო იყო ერთადერთი თავდაცვითი საშუალება ჩემთვის. ოღონდ მომთხოვა არა ოფიციალურად, არამედ თავისთვის, და ამიტომაც არ მივეცი. ეჭვი შემეპარა, რომ რაში სჭირდებოდა. ვოთსაპში ჩამიგდეო და ალბათ თვითონ ჰქონდა მიზნები ამ ვიდეოს გამოყენების და ალბათ ვიღაცას დააშანტაჟებდა, სხვა რისთვის”, – უთხრა დვალიშვილმა ონლაინ-გამოცემა “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიმართა შსს გენინსპექციას და პროკურატურას.

მთავარი არხის ინფორმაციით, ვიდეოს არსებობა ცნობილია ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის გიორგი გახარიასთვის. მის შესახებ იცის ასევე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ლევან იზორია ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია. ჟურნალისტებთან კონტაქტზე ის არ გამოდის. როგორც “მთავარი არხი” ამბობს, იზორია უკვე რამდენიმე თვეა გერმანიაშია, რადგან მას პრობლემები აქვს პროკურატურასთან – “მთავარი არხის” ინფორმაციით პროკურატურა იზორიას თავდაცვის მინისტრობის დროინდელ კორუფციულ საქმეს იძიებს.

ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ვახტანგ იზორიას დანაშაულის მიჩქმალვის საქმეში წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ მაღალჩინოსნები, მათ შორის, ამჟამინდელი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და პრემიერი გახარიაც.

მისი თქმით, ინციდენტიდან ცოტა ხანში, ლევან იზორიას ძმას გამოუწერეს სპეციალური ოპერატიული საშვი, ე.წ. “ნარუშილოვკა”, რომელიც საპატრულო პოლიციას იზორიას ძმის დაჯარიმების და შემოწმების უფლებას ართმევდა.

დეკანოიძე ამბობს, რომ ამჟამად მაიორ დვალიშვილის სახლთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მორიგეობენ და მას უთვალთვალებენ:

“გვიან ღამე მივედი გიორგისთან სახლში და როდესაც გამოვედი, სადარბაზოში ვნახე სუს-ის თანამშრომელი, რომელიც მობილურზე იღებდა ყველას, ვინც შედიოდა და გამოდიოდა გიორგისთან,” – ამბობს დეკანოიძე.

 


ასევე წაიკითხეთ